მწვანე ბარდის და ყველის ნამცხვარი

Approved by Natia Jinjolava


მწვანე ბარდის და ყველის ნამცხვარი
6 პორცია
ცომისთვის: 100 გრ კუბიკებად დაჭრილი კარაქი, 175 გრ ფქვილი, მწიკვი მარილი, 2 მსხვილი კვერცხი, 130 გრ ლორი ან პანჩეტა კუბიკებად დაჭრილი, 285 მლ ცხიმიანი ნაღები, მწიკვი ხმელი ცხარე წიწაკის ფანტელები, 225 გრ გაყინული მწვანე ბარდა (30 წამით მდუღარე წყალში ჩაყარეთ), 200 გრ რბილი ყველი (ჩვენებური სახაჭაპურე ჭყინტიც გამოდგება) დაჭრილი
გავახუროთ ღუმელი 200°C-მდე. ცომისთვის ფქვილი, მარილი და კარაქის კუბიკები ერთმანეთში ავზილოთ ცივი ხელებით ან დავაბლენდეროთ. დავუმატოთ 2-3 ს/კ ყინულივით ცივი წყალი და მოვზილოთ ცომი.  გავაბრტყელოთ ცომი და ამოვაფინოთ 23 სმ დიამეტრის საცხობ ფორმაში, დავჩხვლიტოთ ჩანგლით და შევდგათ საყინულეში 10 წუთით. ცომს დავაფაროთ პერგამენტის ქაღალდი, ზემოდან დავყაროთ ბრინჯი, ლიობიო ან მუხუდოს მარცვლები ცომი რომ არ ამოვიდეს და გახურებულ ღუმელში ვაცხოთ 10 წუთის განმავლობაში. გამოვიღოთ და შევაგრილოთ. ღუმელის ტემპერატურას 180°C-მდე დავუწიოთ.
სანამ ცომი ცხვება, გაზზე შემოვდგათ ტეფლონიანი ტაფა და ლორის კუბიკები 5 წუთის განმავლობაში ვბრაწოთ. გადმოვყაროთ ქაღალდის ხელსახოცზე ზედმეტი ცხიმისგან დასაწრეტად. ავთქვიფოთ ნაღები, 1 კვერცხი და ერთი კვერცხის გული. მორჩენილი კვერცხის ცილა გამომცხვარ ცომს წავუსვათ (ჩანგლის ნაჩხვლეტები ამოიქოლება). ათქვედილ ნაღებში გადავურიოთ ლორის კუბიკები, წიწაკის ფანტელები, დაფუფქული ბარდა და მარილი. ჩავასხათ გამომცხვარ ცომში და მოვაყაროთ ყველი. შევდგათ ღუმელში ვაცხოთ 30-35 წუთის განმავლობაში. გამოვიღოთ ღუმელიდან და შევაგრილოთ. მივირთვათ თბილი ან ოთახი ტემპერატურის.

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

0 კომენტარი.:

Post a Comment