თავსდამჩხავლებლები და თავსდაჩხავლებულნი

Approved by Mary Poppins


„ფეისბუქზე“ ერთ პეტერბურგელ თუ მოსკოველ ქართველს დავუმეგობრდი - ჩემი ხნის და ჩემი ჭკუის ახალგაზრდა ქალს. აღმოჩნდა რომ ორივე „Candy Crash Saga“-ს ვთამაშობთ. მორიგ ტურში რომ იჭედება, ჩემთან შემოდის ჩატში და მოთქვამს. მეც მოთმინებით ვამშვიდებ, რომ თავადაც მის დღეში ვარ. ერთ დღეს მითხრა: იმედია, არ გაწუხებ, შენთან წუწუნი კარგად მაქვს დაცდილი. როგორც კი შემოგჩივლებ, მაშინვე გავდივარ ტურსო. ბევრი ვიცინე და აღარ გავუმხილე, რომ წუწუნს რამდენიმე დღის წვალების მერე იწყებს და თამაშის პრინციპიდან გამომდინარე, ამხელა „პაუზის“ მერე პროგრამა უშვებს თვითონ და ჩემი კარგი თვალი, ფეხი ან ამ შემთხევაში ხელი, რომლითაც კლავიატურაზე ვაკაკუნებ მასთან საუბრისას, ნამდვილად არაფერ შუაშია. ერთ დღესაც ისევ დამატყდა თავს და დაინტერესდა ყავაში ჩახედვა ან კარტის გაშლა ხომ არ ვიცი და სანამ გაოცებას მოვასწრებდი იქვე განმიმარტა, რომ პრობლემები აქვს და ჩემი კარგი აურა და წინასწარმეტყველური ნიჭი ჭირდება, რომელიც მისი დაკვირვებით აუცილებლად უნდა მქონდეს, თორემ გეფიცებით, მსგავსი რამ არასდროს გამიმჟღავნებია. ისე ვიხალისე სკაიპში შორეული რუსეთიდან კომპიუტერის კამერისკენ მოშვერილი ყავის ჭიქის წარმოდგენაზე, რომ გულწრფელად დამწყდა გული მსგავსი ტალანტისა და ცოდნის არარსებობასა და ჩემს არშემდგარ საერთაშორისო მკითხავის კარიერაზე.
ეს ამხელა შესავალი კი სულ სხვა რაღაცას მოვაყოლე და რასაც აწი დავწერ ჩემს ზემოხსენებულ მეგობარს, რომელიც ძალიან ძალიან მიყვარს, ნამდვილად არ ეხება. ასევე „ფეისბუქსა“ თუ მის გარეთ, რეალურ ცხოვრებაში მყავს რამდენიმე მოკეთე, რომლებმაც როგორც ვხვდები, სანამ საკუთარ საქმეზე წავლენ, ასევე კარგად დაცადეს ჩემთან წუწუნი - უფრო სწორად ჩემს თავს დაჩხავლება, დატირება და დავიშვიშვება. არა, არ გეგონოთ სხვისი გასაჭირის მოსმენა და მოყვასის გვერდში დადგომა მეზარებოდეს. ამ კატეგორიის ადამიანების მიზანი თავიანთი გასაჭირის მოყოლა კი არა, შენთვის ხასიათის გაფუჭებაა. მაგალითად, ერთი ჩემი კლასელი ყოველ საღამოს შესაშური სიჯიუტით რეკავს და ტყუილზე რომ გამოგიჭერენ, კუთხეში მიგიმწყვდევენ და შერცხვენას გიპირებენ ისეთი ხმით მეკითხება: „აბა, აბა, ჩქარა მითხარი, რა მოხდა განსაკუთრებული და კარგი! ჰა, რა იყიდე, სამსახურში თუ დაგაწინაურეს, ახალი და საინტერესო ხომ არ გამოჩენილა ვინმე?“ მეც ყოველ დღე გაფუჭებული რადიოლასავით მონოტონურად ვუმეორებ რომ სტაბილური მშვიდობა მაქვს, საკუთარი თავით და ცხოვრებით ვტკბები და ახალი გაზის ინკასატორის გარდა არავინ გამიცვნია. იიც, ძალიან ცუდიო, ხალისიანი ხმით ასკვნის და ჩემდამი ყოველგვარი ინტერესის დაკარგვას აღარც მალავს. ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ მერე რაც არ უნდა ვუთხრა, არ მისმენს და საერთოდ არ ადარდებს ჩემს ცხოვრებაში რა ხდება. მთავარია, თავისი უარყოფითი აურა დამაფერთხა და ჩემს კეთილდღეობაში შემატანინა ეჭვი.
არადა, ყველაფერი შედარებითია, როცა ვპასუხობ რომ არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა, ვგულისხმობ რომ არც ახალი ბინა მიყიდია, არც მანქანა და არც სამსახური გამომიცვლია. ალბათ დამეთანხმებით, რომ ასეთი რამეები არც სხვის ცხოვრებაში ხდება ყოველდღიური და თუნდაც ყოველწლიური სიხშირით. ჰა, კიდევ რა შეიძლება იყოს ასეთი სიახლე? ვთქვათ, გათხოვება, რაც ცხოვრებაში საერთოდ ერთხელ, ჯანდაბას, ორჯერ ხდება ხოლმე. კარგი ანუ გამორჩეული რომ არ ხდება, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ცუდი მოხდა რამე. და ბევრი ასეთი არამკითხე მოამბისგან განსხვავებით, არც ავად ვარ, არც ვალებში ვიხრჩობი, არც ქმარი მცემს, არც დედამთილი მიკეთებს ჯადოს და არც უახლოეს დაქალთან ან ქმრის საყვარელთან მაქვს გამიშვი-და-გაგიშვებ.
რაც შეეხება ყოველდღიურ ცხოვრებას: იქით სტუმრობა-აქეთ სტუმრები, კინოში წავლა, საყიდლებზე სიარული, ჭორების გაცვლა-გამოცვლა და კვირაში მინიმუმ ხუთი დღე მეგობრებთან ერთად ყავის სმა გინდა შინ და გინდა გარეთ, ჩემი ცხოვრების განუყოფელი და ძალიან საიამოვნო ნაწილია და განსაკუთრებული მოვლენების და გამარჯობის მერე სახარებელი ამბების რიცხვში ნამდვილად არ შედის. ჩემ დღევანდელ ცხოვრებაში რას შევცვლიდი? არაფერს. აი, საბანკო ანგარიშზე ვინმე ღვთისნიერი 5 მილიონს თუ ჩამირიცხავს, თორემ იმდენად გავზულუქდი, შეიძლება სამი-ოთხი დღე ბანკშიც არ წავიდე ფულის გამოსატანად. მერე კი, იცოცხლე, ხუთივე ლიმონს „განვუჩენს წესსა თვისსას“.
ეტყობა სწორედ ეს „თვითკმაყოფილი“ განწყობა მოჩანს ეგზომ საეჭვოდ შორიდან და ამიტომ  შემომზლუქუნებს ხოლმე ჩემი რამდენიმე ახლობელი დღეგამოშვებით დაახლოებით ერთიდაიგივე ტექსტით: „რა გვეშველებაააა?!?!“ ჰმ, როდის მერე გვაქვს საერთო პრობლემები რომ ერთად ვიყოთ საშველი?  მაგრამ, პასუხი გაცემას ვერ ვაწრებ, რომ მეორე, კიდევ უფრო ჩამჭრელი კითხვა გამოდის კომპიუტერიდ მონიტორზე: „ქენი რამე?“. ჯერ ერთი, სიმართლე გითხრათ, მართლა არ ვიცი რა უნდა მექნა, მაგრამ მიუხედავად ამისა, გუშინაც, გუშინ წინაც და იმის წინაც ხომ ვუპასუხე რომ არავფერს ვაპირებდი? თუმცა, მისია შესრულებულია: ამ მოკლე და ღრმაშინაარსიანი დიალოგის მერე დამშვიდებული გულით და ალბათ მოხდილი მოვალეობის შეგრძნებითაც, რომ საგონებელში ჩამაგდეს - "ნეტავ, რა უბედურება ტრიალებს ჩემს თავს" - დაუმშვიდობებლად გადიან და აგრძელებენ თავიანთ ყოველდღიურ საქმიანობას.
აი, ახლაც ჩემი და ერთი ჩემი ნათესავის დიალოგის ნაწილი:
(შუა საუბარიდან)
- აბა, კიდევ რა ხდება ახალი და კარგი? (ბოლოში ღრმა ხვნეშა, უკვე ჩანს რომ ჩემგან კარგს ისედაც არ ელის რამეს)
- არაფერი, სტაბილური მშვიდობა. (ოპტიმისტურად)
- ძალიან ცუდი. (ტრაგიკული ხმით)
- და რას ელოდი ახალს და კარგს? (ჩემში ღრიანკალმა გაიღვიძა)   
- არც არაფერს. აბა, კარგად...
და, გაბუტული მიკიდებს ყურმილს.
ზუსტად გუშინ შევჩივლე, რომ რაღაც მართლა სერიოზული პრობლემების გამო პოლიციაში ვაპირებდი წასვლას, არც გახსენებია და არც უკითხავს რა ვქენი. აი, ეს კი რომანივით საკითხავი და ძალიან სასაცილო ისტორიაა, რომელსაც მალე აუცილებლად მოგიყვებით. საიდუმლოდ გაგიმხელთ, ჯერ ფინალს ველოდები.

საუკეთესო სურვილებით, თქვებნი მერი პოპინსი

0 კომენტარი.:

Post a Comment