მთვრალი ალუბალი შოკოლადში

Approved by Mary Poppins

ალუბლის ნაყენის რეცეპტი უკვე გვაქვს და ახლა მის რაციონალურ-გემრიელად გამოყენებაზეც ვიფიქროთ.  მისი დალევა ყველას შეუძლია, მე კი ტორტთა შორის უტორტესის გამოცხობას გთავაზობთ - მთვრალი ალუბალი შოკოლადში, ან როგორც შინაურულად ვუწოდებთ: Бухая вишня в шолколаде. მე პირადად, ძალიან მსუყე ტორტი მიყვარს - ბევრი კრემით და კარგად დანამული.
ტორტი ისეთი უნდა იყოს, მჭამელმა მეორე ნაჭრის მოთხოვნა, სურვილისდა მიუხედავად, რომ ვეღარ მოახერხოს. ვისაც დაბალკალორიული, უკრემო და ნაკლებად ტკბილი ნამცხვარი უყვარს - კექსი ჭამოს (ჩაისთან მშვენიერია). ტორტი იცით როგორია? როგორც ძვირფასი ქურქი ან ბრილიანტი, რომელიც ქორწილებში ან წვეულებებზე უნდა აისხა. გადატენილ მარშუტკაში და ყოველ დღე ყურზე ჩამოკონწიალებულ ბრილიანტს აბა რა ფასი აქვს? ჰოდა, მთვლი ალუბალი ტორტებში იგივეა, რაც მანქანებში ბუგატი ვეირონი ან უფრო გასგებ ენაზე რომ ვთქვა მერსედესი SLR-ი (ეს თემა ტყუილუბრალოდ არ წამომიწევია, ხვალ გავაგრძელებ).
ტორტის ზომას მჭამელთა რაოდენობის მიხედვით ვზრდი, ამიტომ სტანდარტული რეცეპტი არ მაქვს. აქ 10 კვერცხიან ვარიანტს დავწერ და მერე თვითონ გამოიანგარიშეთ რამხელა გინდათ. მოკლედ, გთავაზობთ ამ ტორტის ჩემეულ საავტორო ვერსიას.
შოკოლადის ბისკვიტი: 10 კვერცხი, 12 სკ შაქარი, 10 სკ ფქვილი, 2 ან 3 სკ კაკაო, ვანილი (2 სკ მდუღარე წყალი).
გავაცლკევოთ კვერცხის გული და ცილა. ავთქვიფოთ კვერცხის ცილა, კარგად რომ გამაგრდება თითო-თითოდ დავამატოთ 10 სკ შაქარი. ცალკე ჭურჭელში 10 კვერცხის გულს დავამატოთ 2 სკ შაქარი, 2 სკ მდუღარე წყალი და კარგად ავთვიფოთ, გათეთრებამდე (მდუღარე წყლის დამატების გამო მასა ზომაში ძალიან გაიზრდება) და ფრთხილად ჩავათქვიფოთ ათქვეფილ ცილაში. მასას თითო-თითო კოვზად, ნელ-ნელა ხის კოვზით ჩავურიოთ ფქვილი, ვანილი და კაკაო (არსებობს ლეგენდა, რომ მიქსერით ჩათქვეფილი ფქვილი ტორტს აგდებს. მე მთელი ცხოვრება ვათქვიფავ მიქსერით, ოღონდ დაბალ სიჩქარეზე, არც ერთხელ არ ჩამმვარდნია, თქვენი საქმის თქვენ იცით. ვისაც საკუთარი გამოცდილების იმედი არ  გაქვთ, შარი არ მჭირდება, ისარგებლეთ ხის კოვზით). კიდევ ერთი რჩევა: გარანტიისათვის, ფქვილის ჩაყრის პროცესში, შეგიძლიათ დაამატოთ დანის წვერზე საჭმელი სოდა. მიღებული ცომი ჩაასხით ცხიმწასმულ ფორმაში და გამოაცხვეთ.
სასურველია, ბისკვიტი ერთი ღამით გავაჩეროთ, ცოტა რომ გამაგრდეს. ან მაცივარში შევდოთ რამდენიმე საათით (უკეთესად იჭრება).
მოხარშული კრემი: 0,5 ლ რძე, 50 გ ფქვილი, 200გ შაქარი, ვანილი.
გააცხელებულ რძეში გავხსნათ ფქვილისა და შაქრის ნარევი, დავდგათ გაზქურაზე და ვურიოთ სანამ არ გასქელდება. გავაციოთ.
კრემი საბაიონი: 2 კვერცხი, 4 სკ შაქარი.
ჯამში ჩავტეხოთ  კვერცხები, დავამატოთ შაქარი და შემოვდგათ წყლის აბაზანაზე ( ვინც არ იცის რა არის იმისთვის: დიდ ქვაბით ავადუღოთ წყალი და ზემოდან შემოვდგათ კრემიანი ჯამი. რასაკვირველია, წყლიანი ქვაბის თავის და ჯამის დიამეტრი ერთნაირი ზომის უნდა იყოს). მიქსერით ვთქვიფოთ შესქელებამდე, ზომაში დაახლოებით 4-ჯერ უნდა გაიზარდოს. არავითარ შემთხვევაში არ აგიდუღდეთ - კვერცხი შეიკვრება და კრემის ნაცვლად ტკბილი ომლეტი გამოგივათ! მასა კრემის კონსისტენციამდე რომ მივა, გადმოვდგათ, და ასევე თქვეფა-თქვეფით გავაცივოთ.
ორივე კრემი ჩავათქვიფოთ ერთმანეთს, დავუმატოთ 200 გ ათქვეფილი კარაქი, 1 ცალი გახეხილი შოკოლადის ფილა, 3-4 სკ კაკაო და ვანილი.
სარკალისთვის (გლაზურისთვის) ვიქონიოთ 2 ან 3 შავი შოკოლადის ფილა.
მთვრალი ალუბალი: 500გ ალუბალი დავკურკოთ, დავაყაროთ 200 გ შაქარი და დავასხათ კონიაკი, ისე რომ კარგად დასველდეს. დავტოვოთ ერთი ღამით. ჩემნაირ ზარმაცებს სწორედ  აქ ადგება ჩვენი ნაყენი. ცოცხალი ალუბლის ნაცვლად, ნაყენში ნადები ალუბალი გამოდგება და თან სპეციალურად დასპირტვაც აღარ უნდა! (ალუბლის შაქარში შენახვაც შეიძლება).
აწი იწყება მთავარი:
ბისკვიტი გავჭრათ შუაზე. რბილობი ამოვღრუტნოთ ისე რომ ტორტის ქერქი ყუთივით დაგვრჩეს (ხანდახან ჯობია ტორტი ამოვაბრუნოთ და ზედაპირისთვის ფსკერი გამოვიყენოთ, მთვრალი ალუბარი კრემით არ ირთვება და შოკოლადის სარკალმოსხმული ასე უფრო ლამაზად გამოიყურება). ტორტის ქერქის „კოლოფი“ მსუბუქად დავნამოთ ალუბლის ნაყენით და კიდეებზე და ფსკერზე წავუსვათ კრემის თხელი ფენა. დიდ ჯამში ერთმანეთში გადავურიოთ ბისკვიტის რბილობი, ნაყენში დანამული ალუბალი (თავისი წვენით) და კრემი. მიღებული მასით ამოვავსოთ ქერქის კოლოფი და ორივე ნაწილი ისე დავახუროთ ერთმანეთს, რომ ჩვეულებრივი ბისკვიტი მივიღოთ.
პატარა ჯამში,ძალიან დაბალ ცეცხლზე გავადნოთ შოკოლადის ფილები (შავი შოკოლადის გადნობა პირდაპირ შეიძლება, რძიანი კი აუცილებლად წყლის აბაზანაზე უნდა გაადნოთ, თორემ მიიწვავს) და გამდნარი მასით მთლიანად დავფაროთ ბისკვიტი.
შესახედად ერთი  უბრალო შოკოლადმოსხმული ბისკვიტია, მაგრამ საჭმელად.... რეცეპტი დამზაფრავად კი გამოიყურება, მაგრამ სინამდვილეში  ადვილი გასაკეთებელია და თან შედეგი ამდენ შრომად  ნამდილად ღირს! ერთხელ ვინც აკეთებს, აუცილებლად იმეორებს და ვინც სინჯავს, აღარასოდეს ავიწყდება. ჰო, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი: ბისკვიტის გაფატვრას რომ დაიწყებთ, ახლობლების საკმაოდ მძიმე რეაქციას ელოდეთ. როგორც წესი, ტორტის ტრადიციული მეთოდებით მორთვის საყურებლად ემზადებიან და ბისკვიტის დაპუტვის მომენტში საკმაოდ ენერგიულად რეაგირებენ.
წარმატებებს გისურვებთ! მე რომ ამ დღეებში მომიწევს გაკეთება, ზუსტად ვიცი. შეპირება დამტყუეს და ბლოგერავტორები და მათთან დაახლოებული პირები უკვე ჩანგალმომარჯვებულები სხედან.

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

2 კომენტარი.:

  1. Aunt Polly

    ჩანგალ კი არა, დიდ ნიჩაბ(პარდონ, კოვზ)მომარჯვებული მოვდივარ!

  1. Mrs Pots

    გაკეთება მინდოდა... რეცეპტის წაკითხვის მერე, ბებიაჩემის შენახული ალუბალიც ვერ წამაქეზებს. გაკეთებულის ჭამა მირჩევნია!

Post a Comment