მეთორმეტე ღამე

Approved by Mary Poppins

ვის არ უყვარს ახალი წელი? იშვიათი გამონაკლისის გარდა, როგორც ბონდო დოლაბერიძე („ფეოლა“) იტყოდა: „ყოვლად საზიზღარ და გათახსირებულ ადამიანს!“. სხვისი არ ვიცი და მე ამ დღეს წინა წლის 1 იანვრიდან თუ არა, 14-დან მოყოლებული მოუთმენლად ველოდები. შუალედში აღვნიშნავ ჩინურ, რომაულ, ეგვიპტურ, შუმერულ და, სადმე თუ რამეს ყური მოვკარი, ყველანაირ ახალ წლებს, მაგრამ 1 იანვარს მაინც ვერაფერი შეედრება. განსაკუთრებით, გარეთ თუ თოვლია და შენ გამზადებულ პურმარილზე ბუხრის ახლოს ფეხზე ფეხგადადებული ზიხარ.

 ისე, კაცმა რომ თქვას, 1 იანვარზე მეტად სახალისო და რაღაც სასიამოვნოსა და ჯადოსნურის მოლოდინში ემოციურად დატვირთული უფრო 31 დეკემბერია.  დილიდან ფუსფუსებ, გულის ცემა აჩქარებული გაქვს, ყველაფერი გიხარია: ლამაზად მორთული სახლი, ოთახებში დატრიალებული გოზინაყის  მადისაღმძვრელი სურნელი, ათასფრად მოციმციმე და ბრჭყვიალა ბურთებით მორთული ნაძვის ხე, მომღიმარი სახეები და ნამუსიანი ოჯახის წევრები და მეგობრები თუ გყავს, ამავე ხის ქვეშ დალაგებული უამრავი საჩუქარი...
თუმცა, ეს ყველაფერ ქართველი დიასახლისების დიდ ნაწილს არ ეხება. რატომ? მთელი კვირა სახლს ალაგებენ, ხეხავენ, რეცხაცვენ, ლოკავენ, დილიდან ბაზარში, ბაზრიდან დაბრუნებულზე სამზარეულოში. სადღაც თორმეტის ნახევარზე ქანცგაწყვეტილები, არაქათგამოლილები და ენა გადმოგდებულები სირბილით შლიან სუფრას, შემდეგ ისმენენ მამრობითი სქესის ოჯახის წევრების და მათთან დაახლოებული პირების, ანუ უწყვეტ ნაკადად შემოდინებული და გადინებული არაფხიზელი სტუმრების გაუთავებელ სადღეგრძელოებს (განსაკუთრებული ეშხითა და გამოთქმით, გასწორებული განმკლავით, სწორედ დედების და დიასახლისების სადღეგრძელო ისმება). გამთენიისას, ქმარ-შვილის, საუკეთესო შემთხვევაში ლოგინში, უარესში კი - სკამზე ჩამოძინების შემდეგ, სასწრაფო წესით, იწყებენ უმოწყალოდ არეული სახლის ახლიდან დალაგებას, ჭურჭლის რეცხვას და მაგიდის ახლიდან გაწყობას მომლოცველი სტუმრების მოლოდინში. აღსანიშნავია, რომ ამავე სცენარით ვითარდება ხოლმე ჩვენი ქალების დაბადების დღეც... თან ქმრის მადლობელი უნდა იყო, ბაზრიდან პროდუქტის მოსატანი ფული თუ მოგცა და შენს გაკეთებულზე და მირთმეულზე, თავისი ძმაკაცები თუ აქეიფა.
Не надо о грустном!
იცოდით, რომ  31დეკემბერი - წელიწადის 365-ე დღე (366-ე ნაკიან წელიწადში), წელიწადის ორი დღიდან ერთერთია, რომელსაც ნაკიანი წამი ემატება  ხოლმე?! (მეორე ასეთი დღე 30 ივნისია)
გარდა ამისა:  „მეთორმეტე ღამე“ - ასე ერქვა ამ დღეს წარმართულ ევროპაში, სადაც სჯეროდათ, რომ ძველსა და ახალ წელს შორის ნაპრალი იხსნებოდა და სიცოცხლის ახალი ციკლი იწყებოდა; წელიწადის ყველაზე მშვიდობიან ღმე დგებოდა და იქითა და აქეთ სამყაროს მკვიდრები (ადამიანები და ავი სულები) ერთად ღრეობდნენ; ოჯახში სითბოსა და ნათელის დასაბედებლად კი, საახალწლო თაიგულში სანთლებს მთელი ღამე უნდა ეციმციმა. “მეთორმეტე ღამის“ მომდევნო დღე  „ბედისწერის“ ოყო და მზის ჩასვლამდე წარმოთქმული ყველა სიტყვა და გაკეთებული საქმე მთელი წლის ბედს განსაზღვრადვდა. და სწორედ აქედან შემოგვრჩა გამოთქმა: „ახალ წელს როგორც შეხვდები, მთელი წელი ისეთი გექნებაო“.
თანამედროვე ევროპაში წმინდა სილვესტრის დღის პატივსაცემად ახალი წლის ღამეს „სილვესტრს“ ეძახიან და დიდი ზარ-ზეიმითა და ხმაურიანი კარნავალით აღნიშნავენ. ლეგენდის თანახმად, წმინდა სილვესტრმა 314 წელს ზღვის ურჩხული ლევიაფანი დაამარცხა. ნაწინასწარმეტყველები ყოფილა, რომ 1000 წელს სწორედ ამ ბიბლიური მონსტრის „წყალობით“, სამყაროს დასასრული უნდა დამდგარიყო. საბედნიეროდ, წმინდა სილვესტრმა იმარჯვა: გველეშაპი დამარცხებულია, სამყარო - უვნებელი.
ჰოლანდიაში ამ დღეს ყველაზე გვიან გაღვიძებულს „სილვესტრს“ ეძახიან და სახალისო ჯარიმას აკისრებენ; გოგონები, რომლებიც სახლის დალაგებას მზის ჩასვლამდე მოასწრებენ, მომდევნო წელს თუ არ გათხოვდებიან, საბედოს მაინც „იშოვიან“; ჩეხეთში ბარაქისა და ბედნიერების მომტანად სუფრაზე თევზი ითვლება (ამბობენ, თევზის ქერცლს თუ მოიპარავ და საფულით ატარებ, ბევრო ფული გექნებაო); ფრინველს კი, ბედნიერება ჩიტივით რომ არ გაუფრინდეთ, ამ დღეს საერთოდ არ ჭამენ. „სილვესტრს“ განსაკუთრებით ხმაურიანად გართობის მოყვარული გერმანელები აღნიშნავენ. დიახ, დიახ გერმანელები. მუშაობაც და გართობაც კარგად  ეხერხებათ და ნაირგვარ კრენდელებთან და ფუნთუშებთან ერთად, „ღორული ბედნიერების“ ანუ მაძღარი და უდარდელი ცხოვრების დასაბედებლად, ღორის ხორცს მიირთმევენ.
ხვათა შორის, ახალი წლის სიმბოლოს, ნაძვის ხის 1513 წლიდან დამკვიდრებასაც გერმანელ მარტინ ლუთერს უნდა ვუმადლოდეთ. დანარჩენმა ევროპამ ეს ტრადიცია მხოლოდ 250 წლის უკან აღიარა, ისიც, გერმანელი პრიცესების წყალობით. რომლებსაც სხვა ქვეყნებში გათხოვებისას  „მზითვად“  ნაძვიც მიქონდათ. და რაც მთავარია, უაზროდ კი არ რთავდნენ, არამედ, წესისა და კანონის თანახმად: ვაშლი ნაყოფიერების სიმბოლოდ ითვლებოდა, კვერცხი - ჰარმონიისა და ბარაქის, თხილი - ღვთის მადლის. ასე, რომ კარგად დაფიქრდით ნაძვისხეზე რას აბამთ.
31 დეკმებერს ფრანგები „ქალბატონი ბარაქის“ დღეს ზეიმობენ, მექსიკელები „სურვილების ღამეს“ , შოტლანდიელები კი, საკუთარ ახალ წელს - „ჰოგმანაი“-ს. შოტლანდიელებს თუ დავუჯერებთ, მეკვლე კაცი უნდა იყოს და რაც უფრო შავი, თმაინი და გაუპარსავი იქნება, მით უფრო ბარაქიანი წელი იქნება (რას  გაიხარებენ ჩვენი კაცები!)...

ჩემი შავი და ბანჯგვლიანი მეკვლე
 მეკვლედ ყოველ წელს კაცი მყავდა - შავი და ბანჯგვლიანი (ფრანგული ბულდოგი) და ბარაქასაც ნამდვილად არ ვუჩიოდი. ერთ წელსაც, ჩვენმა ერთ-ერთმა ბლოგერავტორმა - მის ენდრიუმ მიმეკვლა... მეკვლეობამ მოულოდნელად მოუწია და უსაჩუქროდ მოვიდა, ამიტომ ხელს საკუთარი სუფრიდან ფორთოხლის ლიქიორი და კომბოსტოს მწნილი მოაყოლა. არა, წელი მშვენიერი მქონდა! შემდეგ ახალ წლამდე აღარც გამხსენებია. ვიღაცამ მკითხა, შარშან მეკვლედ ვინ გყავდაო და მივხვდი... მთელი წელი ლიქიორებს და მწნილებს ვაკეთებდი: ყავის, შოკოლადის, ალუბლის, პიტნის, ატმის, ნესვის, მოცხრის ... ლიქიორები. მწნილებს არ იკითხავთ? შავი ქლიავი ძმარში, ატამი თეთრ და მსხალი წითელ ღვინოში... ყველაფერი ძალიან გემრიელი იყო, მაგრამ სანამ მეკვლეს სახლში შემოუშვებთ, კარგად შეამოწმეთ რა მოაქვს!

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი.
P. S.  31 დეკემბერი  მთელი მსოფლიოს აზერბაიჯანლების სოლიდარობის და ყირგისტანელი მებაჟეების დღეა.

1 კომენტარი.:

  1. Aunt Polly

    პოსტ სკრიპტუმმა დაგლიჯა:)))

Post a Comment