ზომიერად ფერხორციანი მოწიფული ასაკის მამაკაცი და მაჭკატები

Approved by Mary Poppins

ჩემო მერი,
შენს იდეალურ მამაკაცს, ჯეიმი ოლივერს ვუყურებდი, ნერწყვებს ვყლაპავდი (ქათამზე, კაცზე არა!)  და ჩემს იდეალურ მამრზე ვფიქრობდი. იდეალურის რა გითხრა, და ჩემი ბავშვობის „ზომიერად ფერხორციანი“ მამაკაცი გამახსენდა. შენი თუ ლონდონში ბუდობს და მიშლენის ვარსკვლა მეორებს ერთი მეორის მიყოლებით იღებს, ცოლს და მის დაქალებს საზეიმო სადილებს უმართავს და აღარ იცის, ვის რითი არიამოვნოს, ჩემი სტოკჰოლმის ბინადარია, სახურავზე ცხოვრობს და გამვლელ-გამომვლელს ზემოდან ალუბლის კურკებს ესვრის.
და საერთოდ, ყველაფერ იმას აკეთებს და ზუსტად ისე იქცევა, რასაც ბავშვობაში სულ მიკრძალავდნენ. ანუ, იმას რასაც ნორმალური მშობელი არასდროს გააკეთებინებს ნორმალურ შვილს. წუწკია, ღორმუცელა, უზრდელი და უტიფარი, იპარავს კრაწუნა გუფთებს, დარიჩინიან ფუნთუშებს, ალუბლის მურაბას და სხვისი დაბადებისდღის ტორტს  სულ მარტო სანსლავს. ამავროულად, მსოფლიოში მამლაყინწების საუკეთესო მხატვარი, სათამაშო ორთქლმავლების საუკეთესო შემკეთებელი, პატარა გულფიას საუკეთესო ძიძა, შინამტანჯველის საუკეთესო მომთვინიერებელი, პირსახოცებისგან „დედიკოების“ საუკეთესო შემქმნელი და პატარა, სევდიანი ვასასტანელი მოჩვენების როლის საუკეთესო შემსრულებელია. ერთი სიტყვით, ყველაფერში საუკეთესოა. ვითომ??? გამოვტყდები, რომ ერთ რამეში მაინც ვგავარ - ტკბილეული მეც ძალიან მიყვარს.
პირველად სწორედ მისგან გავიგე სიტყვა „მაჭკატები“. ამ სიტყვის მნიშვნელობა არ ვიცოდი, მაგრამ ჟღერადობით მოვიხიბლე. რატომღაც მეგონა, რომ რაღაც განსაკუთრებული იყო და რაღაც გრანდიოზულს ვეძებდი. ბევრი წლის მერე, როგორც იქნა, დავადგინე რა იყო: „ალადიკი“! - ის რაც თითქმის ყველა სახლში კეთდება და რის მომზადებასაც არც დიდი ფილოსოფია და არც ბევრი ინგრედიენტი სჭირდება. ეს სიმარტივე სულაც არ მომეწონა და გამახსენდა, რომ უბრალო მაჭკატების გარდა ჩემი ზომიერად ფერხორციანი და მოწიფული მამაკაცი კარტოფილის მაჭკატებსაც წყალობდა.
კარტოფილის მაჭკატები კარლსონისგან:
(ინგრედიენტების რაოდენობა დამოკიდებულია თქვენს მადაზე)
გათალეთ, გარეცხეთ (!!!) და გახეხეთ კარტოფილი მსხვილ სახეხზე, გადაწურეთ სითხე, დაამატეთ ცოტა ფქვილი, ორიოდე კვერცხი, წვრილად დაჭრილი კამა და მწვანე ხახვი, შავი პილპილი და რაღა თქმა უნდა მარილი. აბა, უმარილო კერძი ვის გაუგია?! გულიანად აურიეთ და გამოაცხვეთ კატლეტებივით გახურებულ ზეთიან ტაფაზე ორივე მხრიდან. განსაკუთრებით გემრიელია კარგად დაბრაწულ მდგომარეობაში არაჟანთან ერთად! ხორცის მოყვარულებმა შეგიძლიათ დაამატოთ დაჭრილი ბეკონი.
შენი ამბავი ვიცი და, რომ გამოაცხობ, არ გამომაპარო!

საუკეთესო სურვილებით, შენი (და თქვენი) დეიდა პოლი

4 კომენტარი.:

  1. Madame Durova

    ვაიმე, ბავშვობა გამახსენდა! ვერ წარმოიდგენ, როგორ მრცხვენოდა კარლსონის მაგივრად. ვიტანჯებოდი. ახლა უფრო მეტ კაიფს ვიჭერ, ვიდრე მაშინ. მაჭკატებს მეც დიდხანს დავეძებდი. ოღონდ, მე ლიონებერგელი ემილის ხათრით. წიგნიდან დავადგინე, რომ გახეხილი კარტოფილით კეთდებოდა და მერე იწვებოდა. მეტი არაფერი ვიცოდი და ვერც ვერავინ დამეხმარა. სრულიად შემთხვევით, უკრაინაში წავაწყდი. ახლობელმა გამოაცხო და დამპატიჟა. რა თქმა უნდა, არავის უთქვამს მაჭკატიაო, მაგრამ მე ხომ ვიცოდი! გახეხილი კარტოფილი და თანაც დაბრაწული! ახლავე უნდა გამოვაცხო!!! ძალიან გამახალისე.

  1. Mary Poppins

    გავაკეთებ, გავაკეთებ და დაგპატიჟებ! დარწმუნებული ხარ, კარლსონს ტკბილეულის სიყვარულის გარდა არაფრით, რომ არ ჰგავხარ? რეცეპტში ასეთი ყოჩაღი რომ ხარ, მიბრძანდი და თვითონ გააკეთე. სხვისი გაკეთებულის ჭამა მეც კარგად მეხერხება: "ესაა ფუნთუშები??? ფული მიგაქვს, დარიჩინი კი გენანება!"

  1. Aunt Polly

    მიმტუქსეს! მეგონა, სიკეთეს ვაკეთებდი ამხელა პოსტს რომ ვწერდი და სანაცვლოდ კუთხეში ატუზვა მერგო. ჯანდაბას, გავაკეთებ, მაგრამ სანაცვლოდ მადამ დუროვასგან ლიონებერგელი ემილის ალუბლის ნაყენის რეცეპტს ვითხოვ, შენგან კი იმ ნაყენით ტორტის გამოცხობას. ასეა, კუთხეში დგომამ ფიქრი იცის, ფიქრმა კი ასეთი კარგი იდეების გაჩენა.
    წავედი კარტოფილის გასათლელად...

  1. Madame Durova

    აუცილებლად. ალუბლის ნაყენის რეცეპტიც და ალუბლის ნაყენიც ჩემზე იყოს ტორტისთვის. ერთადერთი შენიშვნა მაქვს. კომენტარები ჩაკეცილია და არ ჩანს. ჩვენ, უბრალო მკითხველებმა რეცეპტების დადება რომც მოვინდომოთ, დაიკარგება. შეიძლება თქვენც ვერ ნახოთ ან გამოგეპაროთ. სურათის განთავსებაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. მე კაი, პირადად გიცნობთ და როგორმე მოვახერხებ მოწოდებას, მაგრამ სხვებზეც ხომ უნდა იზრუნოთ:) (ეს თქვენ რომ მთხოვეთ ის კონსტრუქციული კრიტიკა იყო)

Post a Comment