ღია პასუხი მერის: ორეული ამსტერდამში

Approved by Mary Poppins

ჩემო მერი,
ეს რა კარგი დრო გამახსენე, აფრიკის ნოსტალგია მომეძალა. რას არ იპოვი ინტერნეტში! ვაღიარებ, ნამდვილად მე ვარ. არავითარი ფოტომონტაჟი!
თუმცა ერთ ნამარხ მეგობარ ედისონს, ამსტერდამში მოგზაურობისას ასეთი კურიოზი დაემართა: მდინარეზე გემით სეირნობისას, გემბანზე მე დამინახა, გახარებული გამოქანდა, გადამეხვია და ფართოდ გაღიმებულ სიფათზე ლაზათიანი სილაც მიიღო. ის გოგო მე არ ვიყავი. ატყდა ალიაქოთი, შეიძრა ქვეყანა, გემის პოლიცია ჩაერია, აჰყვნენ მგზავრები და საბრალო ედისონს, ყველასთვის ცალ-ცალკე და ერთად, ბოდიშის მოხდა და ახსნა-განმარტება მოუწია, რომ უცხო გოგო ახლობელში შეეშალა. დიდხანს არ უჯერებდნენ, ადგილობრივ ქალებზე მონადირე აბეზარი ტურისტი ეგონათ. როგორ გინდა დაიჯერო, რომ ადამიანი თავისი სიმპათიის საგანს ვერ ცნობს.
მთელი დარჩენილი ექსკურსიის მანძილზე ტყუილად გალახული და დაუმსახურებლად გათათხული ედისონი კუთხეში იჯდა და თავისი უდანაშაულობის დასამტკიცებლად, გოგონას ჩუმად, პიჯაკის ქვეშიდან უღებდა სურათებს... სურათები რომ ვნახე, დავიზაფრე. ფოტოდან ჩემი სახე მიყურებდა: ჩემი ვარცხნილობა, ჩემი სილუეტი, სამკაულები და ჩაცმის სტილიც კი!
ამსტერდამში ორეული რომ მყავს, ზუსტად ვიცი, მაგრამ ჩარლი ოტლისთან სურათებზე ნამდვილად მე ვარ... რეცეპტსაც გამოვართმევ და  მაგ მოგზაურობის შესახებაც მოგიყვები.

საუკეთესო სურვილებით, შენი პოლი

0 კომენტარი.:

Post a Comment