ფიქრები ყავის ჭიქასთნ

Approved by Mary Poppins


ქართული დღეასწაულების და დასვენების დღეების შემდეგ, ქართველი ქალის მძიმე ხვედრ გაზიარებული - რამდენიმე პარტია სტუმრებ მიღებული და რამდენიმე ადგილას თავად სტუმრად მანყოფი, ანუ დაღლილ-დაქანცული მივესვენე სამსახურის მაგიდის საკმაოდ უხეშ და მოუხერხებელ სავარძელზე და ყავის ჭიქით ხელში თავი ფილოსოფიურ სჯა-ბაას მივეცი. ჯერ, როგორც სახელმწიფო საბიუჯეტო ორგანიზაციის ეკონომიურობის მსხვერპლმა (ცუდი სავარძელი!) ჩვენი უწყების აწ ლოგისტიკის განყოფილების უფროსის და ადრე მთავარი ზავხოზის (ქართულად მნის) სიძუნწეს და გემოვნებას შევუკურთხე, მერე კი წინა დღეების მოვლენების ანალიზს მივყავ ხელი.
ქართველი დიასახლისების დიდი ნაწილისგან განსხვავებით, არც პურმარილის მზადებით მომიკლავს თავი და არც მთელი ოთახის სიგრძეზე გაშლილი სუფრის გაშლა-ალაგებით. უსარულოდ გაწელილი და გაუთავებელი ქართული სადღეგრძელოების სმენაზე ხომ აღარ ვლაპარაკობ. უბრალოდ, მოვხარშე კვერცხები (მართალია, ოთხი ხვადასხვა ფერის), შევიძინე მზა კულიჩი, გავთქვიფე ხაჭოს პასკა, ისიც მხოლოდ იმიტომ რომ მზა არ იყიდება და გავაკეთე ერთი გემრიელი, მაგრამ ჩვეულებრივი სადილი. კაცმა რომ თქვას, ტრადიციული ოჯახები ფონზე - არაფერი განსაკუთრებული, მაგრამ ისეთი გამოუძინებელი და დაღეჭილი ვარ, გეგონება მონღოლების შემოსევა მაქვს ახალგადატანილი.
ჩემი კრიტიკული პოზიციისა და მწარე ენის გამო, ბევრს შეიძლება გაუკვირდეს, მაგრამ ზოგადად - ძალიან მიყვარს ადამიანები. ახლა, თვალი მახვილი მაქვს და ნაკლს და უსაქციელობას მაშნათვე ვამჩნევ და რა ვქნა, თორემ ალბათ ჩემზე მეტად არავის სიამოვნებს სხვადასხვა ხასიათისა და ზნის მქონე ხალხთან ყოფნა. აბა, იდეალური და უზადო, ჩემს მტერს! ნახევარ საათში მომწყინდება მასთან ურთიერთობა. თანაც, როცა სახლში რამე გემრიელია, რა მაჭმევს მარტო? დაქალების გარეშე ნაჭამი ტორტი განა ტორტია? ან რა გემო აქვს სტუმრის გარეშე ათქვეფილ ვარშავულ ყავას და მარტოობაში დალეულ „ბეილისს“?!
მოკლედ, ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, დასვენების დღეებში (კაცმა რომ თქვას, ჩვეულებრივ დღეებშიც არ იკეტება ჩემი სახლის კარი) სხვები ერთ და დიდ სუფრას თუ შლიან, მე ხანდახან დღის განმავლობაში 3-4 მოკლე ვიზიტის და სხვადახვა ჯიშ-ჯილაგისა და ჯურის ახლობლების მოსტუმრებას ვასწრებ. დღესასწაულებზე კი თავადაც დავდივარ სტურმად. ერთი სიტყვით, კარგად თუ დავფიქრდებით, ვაკეთებ ზუსტად იმას რასაც ქართველი კაცები აკეთებენ - სამზარეულოში ფუსფუსით თავს არ ვიკლავ და სუფრის თავში ვიჭიმები ...
თუმცა, მათგან განსხვავებით, მართალია საცივის არა, მაგრამ მინიმუმ ყავის მოდუღება ხომ მიწევს და -მდეც და მერეც სახლი ჩემი დასალაგებელია და ჭურჭელსაც მე ვრეცხავ. ამას წინათ, ოთხშაბათ საღამოს წინა ორი დღის „ნამუშევრის“ რეცხვას რომ მოვრჩი, სურათის გადაღება და გაფეისბუქება მომინდა იმათთვის, ვინც ხმაში საყვედურისა და შურის ნაზავით მეუბნება ხოლმე: „შენ რა გიჭის, მარტო ხარ და საქმეც არ გაქვს ბევრიო“. მარტო რომ ვცხოვრობ, გგონიათ მტვერი ეკონომიურად ედება ავეჯს, ან ფანჯრები ნაკლებად ხშირადაა დასაწმენდი და ფარდები დასარეცხი? კი ბატონო, სადილს არ ვაკეთებ 10 ლიტრიანი ქვაბით და არც ქმარ-შვილის დაყრილ ნაგავს ვწმინდავ. სამაგიეროდ, ბავშვებიც არ მყავს დაულაგებელი სახლი იმათ რომ დავაბრალო. არადა, ერთი თეფშიც საკმარისია უადგილო ადგილას, რომ ფეთხუმის და ზარმაცის იარლიყი მოგაკერონ: „მარტოა და სახლის დალაგებაც ეზარება“. გეგონება მარტო თუ ხარ, ჭამა-სმა და ტანსაცმელი არ გჭირდება და სამსახურიდან მოსულზე ფეხდაფეხ მოყოლილი და შუაღამეზე წასული სტუმრების დატოვებულ ჭურჭელს, ხვალ შენს სამსახურიდან მოსვლამდე დარეცხავს ვინმე.  
ჰოოო, გამოდის რომ მიუხედავად ჩემი მცდელობისა, ცხოვრება გავიიოლო და ტიპიური ქართველი დიასახლისისგან განსხვავებით ყველა დღესასწაული სამზარეულოში არ ვატარაო, არ ვრეცხო, არ ვხეხო და მერე სუფრასთან ენაგადმოგდებული არ მივეგდო - არაფერი გამომდის. აკაკი წერეთლის ღამურის არ იყოს თვითონ გავიჩალიჩე - კაცებივით გართობას და ცაში ფრენას კი ვცდილობ, მაგრამ  მიწიერი თაგვის მოვალეობების შესრულებასაც ვერ დავაღწიე თავი. „ბინგო-ბონგო“ გახსოვთ? ჩელენტანო ადამიანების სურათებს ერთ რიგში, ცხოველებისა კი მეორეში რომ აწყობს. მერე თავისას ნახავს, დაფიქრდება და შუაში ჩადებს. მეც მასე ვარ - სადღაც გავიჭედე ქალების და კაცების ცხოვრების სტილ შორის და პერიოდულად ორივეს უარყოფითი მხარეების გამოცდაც საკუთარ თავზე მიწევს.

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

0 კომენტარი.:

Post a Comment