კვერცხი აჭარულად - ჩირბული

Approved by Mary Poppins

(ქართული სუფრის საგანძურის ფოტო)
როცა გადაწყვიტავთ მრავალრიცხოვანი ოჯახი სწრაფად, მარტივად და ეფექტურად დააპუროთ, მოიმარჯვეთ ყველაზე ფართო, სქელძირიანი და მაღალკედლიანი ტაფა  ან ქვაბი და შემოდგით საშუალო ცეცხლზე. დაჭერით ორი საშუალო ზომის ხახვი და მოთუშეთ ზეთში. ხახვი გამჭვირვალე რომ გახდება, დაუმატეთ 5-6 გატყავებული და პატარა ნაჭრებად დაჭრილი პამიდორი. რასაკვირველია, პამიდორს ვჭრით მანამ, სანამ ხახვი ითუშება. სახლში თუ გაქვთ, ტაფაში ჩაუძახეთ კუბიკებად დაჭრილ ბულგარულ წიწაკაც და წვრილად დაჭრილ მწვანე ცხარე წიწაკაც. ბოსტნეული რომ შერბილდება, მოაყარეთ მარილი და პილპილი. ნედლ მწვანილსაც ნუ დაიშურებთ -  განსაკუთრებულად უხდება კამა, ქინი და რეჰანი. 
ამ ეტაპზე სამზარულოში ისეთი სუნი დადგება, რომ დამშეული ოჯახის წევრების და მეზობლების მოგერიება მოგიწევთ. აიღეთ 10-12 კვერცხი (1 ადამიანზე 2 ცალი), ჩაახალეთ მადისაღმძვრელად მოთუხთუხე ბოსტნეულში, ქვაბს თავსახური დააფარეთ და გააჩერეთ ცეცხლზე კიდევ 7-9 წუთი - იმისდამიხედვით რამდენად შეკრული კვერცხის გული გიყვართ. ტრადიციულ აჭარულ ვაიანტში კვერცხის გული ბოლომდე მოხარშული არაა, მაგრამ არც ევროპულივით თხევადია. 
მერწმუნეთ, ზაფხულის სიცხეში ვერაფერს შეჭამთ უფრო მსუბუქს და გემრიელს!

საუკეთესო სურვილებით, თქვენი დედიკო რუ


0 კომენტარი.:

Post a Comment