პომპეუსიდან მაცი ხვიტიამდე

Approved by Mary Poppins



ყოველთვის მხიბლავდა და მიზიდავდა სხვადასხვა ტიპის შეთქმულების თეორიები. რაც უფრო არაბუნებრივი, თითიდან გამოწოვილი და ფანტასტიკის სფეროდან იყო თეორია, მით უფრო მახალისებდა ის. მახსოვს, ათიოდე წლის წინ რომელიღაც გაზეთში წავიკითხე, თუ არ ვცდები „კვირის პალიტრაში“, ერთი ქართველი მეცნიერის ნაშრომი, რომელშიც ავტორი გვაუწყებდა რომ ეგვიპტური პირამიდების საიდუმლო ახსნა. თურმე ნუ იტყვით და პირამიდა თავისი ფორმითა და თეთრი ფერით (!) ხელოვნური ტორნადოს წარმოშობას უწყობს ხელს. მიუხედავად იმისა, რომ დედამიწის ჩვენეულ და ეგვიპტისაც ნახევარსფეროზე ტორნადო საერთოდ არ იცის და მისი არსებობის არცერთი ფაქტი არაა დაფიქსირებული არც ძველ და არც თანამედროვე სამყაროში, მახვიგონიერ მკვლევარს მაინც გულწრფელად ჯერა, რომ ფარაონის გასვენების დროს პირამიდის წვერზე ტორნადო ჩნდებოდა და ძველი ეგვიპტელები თავიანთი მეფის ანუ ზეციური მხედრის ცად ამაღლების სასწაულის თვითმხილველები ხდებოდნენ. 
თანაც, ტორნადოს წარმოშობის მიზეზი პირამიდის წვეტიანი ფორმა და მისი კაშკაშა თეთრი ფერი ყოფილა. ჯერ ერთი, პირამიდა დღესაც იგივე ფერისა და ფორმისაა, როგორც ბოლო რამდენიმე საუკუნის წინ და ტორნადოები არსად ჩანს, გარდა ამისა, თუ ფორმა და ფერი იყო ამის მიზეზი, რატომ იყო ამით გამოწვეული ტორნადო ერთჯერადი და რატომ ჩნდებოდა მაინცდამაინც გასვენების მომენტში? აღარ ვლაპარაკობ იმაზე, რომ პირამიდას ფარაონის სიცოცხლეშივე აშენებდნენ და უფრო მეტიც, ახალაშენებული პირამიდა სულაც არ იყო ჩვენთვის დღეისათვის ცნობილი ყვითელი (და არა თეთრი) ფერის - ის ფერად-ფერადად მოხატული ჭრელა-ჭრულა მეტლახით იყო მოპირკეთებული და მხოლოდ დრო-ჟამის სიმუხთლემ და უდაბნოს ქვიშით უმოწყალოდ ხეხვამ გახადა ერთი ფერის.
ერთი სიტყვით, პირამიდაც და მის წვერზე გამობმული ტორნადოც იქით იყოს, სულ მშურდა ასეთი ფანტაზიის მქონე ხალხის - ყოველთვის მინდოდა მეც მომეფიქრებინა რამე მსგავსი, და - გამოქვეყნების რა მოგახსენოთ, მაგრამ საკუთარ მეგობრებში მაინც ხომ ვიხალისებდი? ჰოდა, აი, ახდა-ამისრულდა ოცნება და ჩემს თავშიც მომწიფდა სრულიად უსაფუძვლო მაგრამ საკმაოდ ლოგიკური თეორია იმის თაობაზე რომ მეგრელებს და იტალიელებს საერთო წინაპარი ყავთ - ვთქვათ რომაელები და ამის დასტურად ამ ორი ხალხის ხასიათის თავისებურებაზე და ტემპერამენტზე რომ არაფერი ვთქვათ, ორივე ქვეყნის სამზარეულოც გამოდგება:
კამეჩის მოცარელა და კამეჩის სულგუნი - რომლების დამზადების ტექნოლოგიაც ტყუპის ცალივით გავს ერთმანეთს და როცა მოცარელაში უთუსბირს გახდევინებენ, შეგიძლიათ ზუსტად იცოდეთ რომ ოდნავ სხვანაირად შენახულ რძიან სულგუნს ჭამთ;
მოცარელა
რიკოტა და მეგრული ხაჭო - რომელიც სინამდვილეში ნახევრადწანადუღო ელემენტია;
რომაული ტრიპა და მეგრული კუჭმაჭი - ოროვე მოხრაკული ფაშვისაგან მზადდება და მათი ფრანგული და ბრიტანული თანამოძმეებისგან განსხვავებით ოროვე იხრაკება მოხარშვის მერე;
ღომი და პოლენტა - მოხარშული სიმინდის ფქვილისაგან მზადდება და პოლენტაში ელარჯის არ იყოს, ხშირად ურევენ სხვადასხვა სახეობის ყველს;
პესტო და მეგრული სუნელი - მართალია სხვადასხვა მწვანილებისაა, მაგრამ ორივერ ერთნაირადაა პირველის შემთხვევაში დაბლენდერებული და მეორეში დანაყული ან ხორცსაკეპ მანქანაში გატარებული;
ტრიპა
გრაპპა და მეგრული ჭაჭა - ჭაჭას (ყურძნის არაყს) გასაგებია რომ საქართველოს ყველა რეგიონში ხდიან, მაგრამ ვინაიდან და რადგანაც, არ გვაქს მისი სხვა რეგიონში წარმოშობის დამადასტურებელი ფაქტები, თავისუფლად შეგვიძლია ვიდავოთ რომ პირველად სწორედ სამეგრელოში გამოხადეს პომპეუსის იმ ცენტურიონის რეცეპტით, რომელიც ლაშქრობისას რომაულ ჯარს ჩამორჩა და როგორც ასევე გადაუმოწმებელი ლეგენდა მოგვითხრობს ჭანტურიების გვარს ჩაუყარა საფუძველი;
იტალიური ძეხვი და მეგრული კუპატი - ორივე ღორის, ოროვე ცხიმიანი და გულისწავლამდე შესუნელებული;
იტალიური ძეხვი (რით არაა ტაფაზე
დაბრაწული კუპატი?)
თეთრი პიცა და მეგრული ხაჭაპური
რავიოლი და კვარაბია ... და უსასრულოდ შეიძლება ამ სიის გაგრძელება, აღარაფერი რომ არ ვთქვათ მეგრულ პამიდვრის საწებელსა და იტალიელების საყვარელ პამიდვრის სოუსზე. ბევრი მომედავება, რომაელებმა პამიდორი რა იცოდნენო. მოგეხსენებათ, ეს შესანიშნავი ბოსტნეული კოლუმბმა ჩამოგვიტანა ევროპაში, მაგრამ აქ იმაში კი არაა საქმე, რომაელებმა რა იცოდნენ და რა არა - ფაქტი ისაა, რომ ერთი გენეტიკის ხალხს გემოვნებაც ერთნაირი აქვთ და რაც მოეწონებათ იტალიელებს, მოეწონებათ მეგრელებსაც.
სხვას ზემოთ ჩამოთვლილიც ეყოფოდა, მაგრამ  ჩემი სამართლიანად აბსურდული თეორიის უტყუარობაში მე სულ სხვა ფაქტმა დამარწმუნა: ჩემი ღრმა ბავშვობის და სამეგრელოს იქით (ისიც მხოლოდ ქორწილებში და ქელეხებში) არსად რომ არ მინახავს ისეთ ნამცხვარს მივაგენი იტალიელებთან. ვინმეს გახსოვთ ხიდან მოწყვეტილ ფოთოლგარჭობილი, შაქარმოყრილი, საოცრად მიმზიდველი და გულისწასვლამდე უგემური და გაქვავებული ატმის ნამცხვარი? ყოველ დანახვაზე მიმიწევდა გული, ყოველ დანახვაზე ვბრიყვდებოდი და ვიმტვრევდი კბილებს (რათქმაუნდა გადატანითი მნიშვნელობით). ალბათ 30 წელია რაც საქართველოს ტერიტორიაზე თვალი აღარ მომიკრავს და, აგერ არ გამოჩნდა ინტერნეტში? ალბათ დაკარგული ბავშვობის მეგობრის დანახვა არ გამეხარდებოდა ისე, როგორც მისი დანახვა გამეხარდა. ამ კოხტა, ლოყებდაბრაწული და შაქარში ამოვლებული ცომის გუნდის შემხედვარეს მეგონა ისევ ხუთი წლის ვარ, ისევ მინდვრად გაშლილ სეფასა და კოჭის ძაფით თეთრ ქაღალდგადაკრული გარანდული ხის მაგიდებითა და სკამებით გაწყობილ ქორწილში მოვხვდი ბებისათან და ბაბუასთან ერთად და ერთიან მერხზე მსხდომ საყვარელ ადამიანებს ისევ ჩავეკვეტე შუაში...
მერე რა რომ იტალიური „ატამი“ ჩვენებურისგან განსხვავებით რბილი ბისკვიტისგან მზადდება, შუაში მოხარშული კრემი და ნუშის გული აქვს ჩაყოლებული და ალბათ საკმაოდ გემრიელიც არის - გარეგნულად მაინც მეგრულის ტყუპისცალია და სამეგრელოსა და იტალიის გარდა ვერსად, ვერსად ნახავთ: სხვა არავინ შეიწუხებს თავს მისი გაკეთებით. სწორედ ამიტომაა ჩემი თეორია მეგრელების და იტალიელების ნათესაობის თაობაზე  დამტკიცებული და უტყუარი ... 
წერა მეგობარმა შემაწყვეტინა, ეგეთი ნამცხვარი აჭარაშიც იცოდნენო. და, რა გგონიათ, ფარ-ხმალს დავყრი? არაფერიც! დიახ, სწორედაც ლაზებმა ჩაიტანეს აჭარაში რეცეპტი და გურიაშიც ექნება ერთ ორ გურულს ნასწავლი გურიელების ძაღლზე გაცვლილი დადიანების მეგრელი ყმებისგან...

აი, ასე! რითაა ახლა ჩემი თეორია პირამიდის თავზე მობზრიალე ტორნადოზე ნაკლები? 

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

0 კომენტარი.:

Post a Comment