ძალიან საგაზაფხულო ტორტი

Approved by Natia Jinjolava


იის ტორტი
გენუური ბისკვიტი: 80 გრ ფქვილი, 2 ს/კ სახამებელი, 4 მსხვილი კვერცხი, 100 გრ შაქარი, 1 ჩ/კ ვანილის შაქარი, 20 გრ გამდნარი კარაქი, მწიკვი მარილი
მოსართავად: 1 ქილა იის ფურცლების ჯემი, 500მლ ცხიმიანი ნაღები, 2 ს/კ შაქრის პუდრა, 1 ჭ ცოცხალი ან დაშაქრული იის ყვავლები, ცოტაოდენი სიროპი დასანამად

კვერცხის გულები და ცილები დავაცალკეოთ. ცილები ავთქვიფოთ მწიკვ მარილთან ერთად და ბეზე ფორმის შენარჩუნებას რომ დაიწყებს ჩავათქვიფოთ შაქარი თითო-თითო კოვზად. კარგად ათქვეფილ ბეზეში დაბალ სიჩქარეზე სათითოდ ჩავათქვიფოთ კვერცხის გულებიც. ბოლოს, ხის ნიჩბით გადავურიოთ ჯერ გაცრილი ფქვილი და სახამებელი და მერე კარაქი.
გავახუროთ ღუმელი 170°C-მდე. 19 სმ დიამეტრის ტორტის ფორმაში ჩავაფინოთ პერგამენტის ქაღალდი, დავცხიმოთ კარაქით და კედლებზე და ფსკერზე მოვაყაროთ საფანელი (დაფქული ორცხობილა). ჩავასხათ ცომი და ვაცხოთ 30 წუთი. ბისკვიტი გადმოვიღოთ ფორმიდან, ავაცალოთ პერგამენტი და გავაგრილოთ ოთახის ტემპერატურამდე.
ჩაცივებული ნაღები ავთქვიფოთ შაქრის პუდრასთან ერთად (ნაღები ფორმის შენარჩუნებას დაიწყებს თუ არა, თქვეფა შეწყვიტეთ. ზედმეტი თქვეფისგან ნაღები კარაქად იქცევა!). შეგიძლიათ შაქარი თქვენი გემოვნებით დაუმატოთ, მაგრამ ზედმეტმა სიტკბომ შეიძლება იის არომატი ჩაკლას.
ბისკვიტი გავჭრათ ჰორიზონტალურად სამ ნაწილად. თითოეული ნაწილი დავნამოთ სიროპით (შეგიძლიათ სიროპს ცოტაოდენი ლიმონის წვენი დაუმატოთ), მერე პირველ და მეორე ფენებს წავუსვათ 2-3 ს/კ ჯემის და ნაღების ფენა და ერთმანეთზე შემოვდოთ. ზემოდან მესამე ფენა დავაფაროთ. ზემოდან და გვერდებზე წავუსვათ ნაღების კრემი. ტორტი რამდენიმე საათი მაცივარში ჩავაციოთ. ჭამის წინ მოვრთოთ იის ცოცხალი ან დაშაქრული ყვავილებით.

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

0 კომენტარი.:

Post a Comment