Big brother is watching you…

Approved by Natia Jinjolava


იცით, რომ ამ გაგანია ოცდამეერთე საუკუნეში საქართველოს პოლიციას კომპიუტერულ დანაშაულთან ბრძოლის განყოფილება არ აქვს? პრინციპში, პოლიციის უკანასკნელი წლების მოღვაწეობას თუ გადავხედავთ, ყველაზე მეტ და მძიმე კომპიუტერულ დანაშაულს სწორედ მისი თანამრომლები ჩადიოდნენ ხელმძღვანელობის ხელდასმით (თვალთვალი, მოსმენები და ა.შ.) და საკუთარ თავს თვითონ ხომ არ შეებრძოლებოდნენ, მაგრამ ამბობენ, აღარო. ჰოდა, ვინც ადრე უკანონოდ გვითვალთვალებდა იმათ დასასჯელად და გამოსაჭერად მაინც ხომ უნდა ქონდეთ? ან ვინმემ ბანკის ანგარიშები რომ გატეხოს და მილიონები მიითვისოს არ გამოიძიებენ და არ დაიჭერენ?
ერთი სიტყვით, თქვენი კომომპიუტერის და მის წიაღში „საიმედოდ“ განთავსებული პირადი ინფორმაციის დაცვა მხოლოდ თქვენსა და თქვენი ნაცნობი აიტიშნიკის ან კომპიუტერთან კარგ ურთიერთობაში მყოფი ახლობლის მიერ გატეხილი დაცვის პროგრამის ხელთაა. მავანი მეტყვის, ასეთი განა რა გაქვს კომპიუტერში რისი გამოაშკარავებაც არ გინდაო? არც არაფერი - მოგეხსენებათ, ყოველთვის ვამბობ და კიდევ გავიმეორებ, რომ რისი გამჟღავნებაც არ მინდა არ ვწერ და არ ვინახავ. იმიტომ რომ საიდუმლოს შენახვის სხვა ვარიანტი არ არსებობს. მაგრამ, აქ სხვა რამეშია საქმე. ძალიან შეურაცხმყოფელია, როცა ვიღაც ავადმყოფი (აბა, ჯანმრთელი ამას არ იზამს) შენ პირად ცხოვრებაში და ნივთებში აფათურებს თავის ოფლიან კოტიტა თითებს და ყოფს ცინგლიან და მეჭეჭებიან ცხვირს. 
საქალაქო სასამართლოში მუშაობის პერიოდში, სადაც ნახევრად ოფიციალური გაფრთხილება მქონდა მიღებული, რომ ვითოდა სასამართლოს სახელის შებღალვის თავიდან ასაცილებლად, ემანდ, ვინმემ რამე არ გთხოვოს და შენ არ დაეხმაროო, პირად ტელეფონს მოურიდებლად უსმენდნენ, სახლის კომპიუტერზე კასპერსკის დავცის პროგრამა მეყენა, რომელიც დღედაღამე წიოდა, შემოღწევას ცდილობენო. სასამართლოდან წამოსვლის მერე დავისვენე და სახელმწიფოს სიმშვიდის მოდარაჯენი, პერიოდულად, მხოლოდ ჩემს საბანკო ანგარიშზე თანხების მოძრაობასთან ერთად აქტიურდებოდნენ ხოლმე (ხომ უნდა გაეგოთ დივერსანტული საქმიანვისთვის ხომ არ მიხდიდნენ ფულს) და ხან „ფეისბუქი“ მატყობინებდა ხოლმე უცნობი აქაუნთებიდან შემოსვლის მცდელობებს და ხანაც საკუთარი ბლოგი.
სიმართლე გითხრათ, ამ ყველაფერს ყურადღებას დიდად არ ვაქცევდი (მოგეხენებათ, საკუთარ თავზე კომპრომატებს არ ვინახავ), სანამ ერთმა აწ უკვე გადამდგარმა, გადაყენებულმა თუ სამსახურიდან დათხოვნილმა პოლიციელმა სახლში არ მოიწყინა და სამსახურებრივი მოვალეობების დროს შეგროვებული ინფორმაციით და მასალით გართობა არ განიზრახა. სხვას რა უქნა და როგორ დააშანტაჟა არ ვიცი, მე კი „ფეისბუქზე“ დამიმეგობრდა და სახელიც ჩემი დაირქვა და ჩემი კომპიუტერიდან მოპარული „შინაური“ ფოტოსურათებიც გამოფინა.  ასე იპოვეს ჩემმა ნამდვილმა მეგობრებმა, ჩემი მეორე აქაუნთი, სადაც ხან საკუთარ ტახტზე ვკოტრიალობ წიგნით ხელში და ხანაც სურათის გადამღებ დის შვილებს ვუყოფ ენას და ვეჭყანები.
ბევრს აღარ გაგიგრძელებთ, ყოფილი სამართალდამცავი უნამუსოსთან ერთად ყბედიც აღმოჩნდა და დაწვრილებით მომიყვა, თურმე როგორ ვეწეოდი წლების მანძილზე პროსტიტუციას „მაილრუზე“ და როგორ იყო ჩემი კლიენტი. ერთი სიტყვით, ტიპმა, ჩემი დაშანტაჟება და დაშინება ცადა, თან „ძაღლურადაც“ გამირჩია საქმე: „ახლა მე მისმინე, ქალბატონო, კანონიც შენზე უკეთესად ვიცი და...“ მოკლედ, არც მაცია, არც მაცხელა, ჩვენი მიმოწერისა და მისი ყალბი აქაუნთის სკრინშოთებით, ყველა კომპიუტერის IP მისამართით, რომელთანაც კავშირში იყო ჩემი კომპიუტერი და სხვა საჭირო ინფორმაციით აღჭურვილ-შეიარაღებული პოლიციის ადგილობრივ განყოფილებას ვეწვიე და დავწერე განცხადება, პირადი კომპიუტერის გატეხვის, შანტაჟის, მუქარის, ღირსების შებღალვის, ცილიწამებისა და პირადი ინფორმაციის უნებართვოდ გამომზეურების ბრალდებით. და, რა გგონიათ? ჯერ როგორც გიჟს ისე მიყურეს, მერე რომ მოიმისმინეს დაინტერესდნენ, და ბოლოს, - არ გვასწავლი ეგ IP მისამართები როგორ დაადგინეო? და საერთოდ, რა ვუყოთ ან როგორ გავიგოთ ვის ეკუთვნის მაგასაც ხომ არ გვეტყვიო.
ჩვენი საიმედო პოლიციის მონდომებული და გულისხმიერი თანამშრომლების ხათრით, ეჭვმიტანილის დანაშაულის ჩადენის პროცესში გამოჭერა რომ გაადვილებოდათ, 3 დღე და ღამე ველაპარაკე და ვეფერე ჩემს „მანიაკს“. გველის ხვრელიდან ამომყვანი ტკბილი ენით ავაღებინე სურათები, დავცანცლე რა იცოდა ჩემს შესახებ, დავადგინე რომ 2007 წელს აქეთ არაფერთან ქონია წვდომა, ვისმინე როგორ იჟდება ჩემზე და როგორ ვუყვარვარ და ათასი სისულელე. რად გინდა? როგორც თქვენ არ დაგკავშირებით პოლიცია ისე მე და ჩემს ახალშეძენილ მხურვალე თაყვანისმცემელს. მერე ისევ ბატონ ცუკერბერგს ვუხმე საშველად, მივწერე გულისამაჩუყებელი წერილი „ფეისბუქის“ ადმინისტრაციას, გავუგზავნე ნივთმტკიცებები და ზუსტად 20 წამში გადავჭერი პრობლემა - აქაუნთიც გაუუქმეს და სამუდამოდ აღუკვეთეს ჩემთან შემოსვლის მცდელობაც  ნებიმიერი მისი მისამართიდან. თუ მაინცდამაინც ტერორიზმს არ მიყოფს ხელს, სოციალური ქელის მესვეურები სხვას ვერაფერს უზამენ - მეტისთვის პოლიციაა საჭირო. 

დაუკმაყოფილებლობის გრძნობა მაინც დამრჩა - ვინ არის არ ვიცი, მინდოდა თვალებში ჩამეხედა და კარგად დამეცინა. თანაც, კაცმა არ იცის კიდევ რამდენ ადამიანს აშანტაჟებს. ყველას ხომ არ აქვს ჩემნაირად სტერილური კომპიუტერი და ჯიუტი ხასიათი? პოლიციას კი ვკიდივართ და ალბათ კიდევ ბევრი-ბევრი წელი გავა, სანამ მიხვდებიან რომ ახალ ეპოქაში დანაშაულის უმრავლესობა სწორედ კომპიუტერით ხდება.
ყველაზე მეტად კი ის ტეხავს, რომ წორედ ჩვენი საკუთარი სახელმწიფოს დავალებით გვისმენენ, გითვალთვალებენ, იქექებოან ჩვენს პირად ცხოვრებაში ჩემი გიჟის მსგავი "მაღალკვალიფიცირებული" სპეციალისტები და მერე არანაირი კონტროლი აღარ არებობს ვითომდა ოფიციალურად, როგორც კანონში წერია, სახელმწიფოს ინტერესებში გადაუდებელი აუცილებლობისთვის შეგროვებულ ინდორმაციაზე (ვინ იცის, ჩემს ტახტზე მოკოტრიალე სურათებს რამხელა წვლილი მიუძღვით ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების შენარჩუნების ან ნატოში გაწევრიანების საქმეში!) და ვისაც როგორ უნდა ისე იყენებს დასჯის და პასუხისგები წინაშე ელემენტარული შიშის გარეშე.

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

0 კომენტარი.:

Post a Comment