ფლანი კარამელით და ნაღების ყველით

Approved by Natia Jinjolava


ამას წინათ, მე და დეიდა პოლმა თბილისის ერთ-ერთ კაფეში თბილისური ფლანი გავსინჯეთ და მივხვდი რომ... ნამდვილი მომენატრა. ჩვენს ნაჭამ აშკარად შაქარნაკლულ და საკმაოდ მშრალ ნამცხვარს ღუმელში გამომცხვარი ჭარბი კრემის გარდა ბევრი საერთო არაფერი ქონია ამ ლათინოამერიკულ დელიკატესთან.
მაშ ასე:

Flan de Queso
5 კვერცხი, 100 გრ შაქარი, 700 მლ რძე, არომატისთვის შეგიძლიათ აირჩიოთ ლიმონის ცედრა ან დარიჩინის ჩხირი, 200 გრ ნაღების ყველი (მაგ.: მასკარპონე ან ფილადელფია), 200 გრ შესქელებული რძე
კარამელისთვის: 100 გრ შაქარი და სულ ცოტა წყალი
პირველ რიგში, ფლანის მოსამზადებელ ჭურჭელში დავაკარამელოთ შაქარი. ამისთვის ტორტის საცხობი ფორმაც გამოდგება. ჩავყაროთ 100 გრ შაქარი, დავასხათ სულ ცოტა წყალი და შემოვდგათ საშუალოზე ოდნავ მაღალ ცეცხლზე. ნუ მოვურევთ (!), ვაცალოთ შაქარს გადნობა და ვადუღოთ სანამ მუქი ოქროსფერი არ გახდება, მაგრამ ნუ დავწვავთ! გადმოვდგათ ცეცხლიდან. ცალკე ქვაბში გავაცხელოთ რძე ლიმონის ცედრასთან ან დარიჩინი ჩხირთან ერთად (შეგიძლიათ ორივე ჩაანაცვლოთ ვანილით ან დაუმატოთ ხსნადი ყავა. ერთი სიტყვით, ფლანის „გემო“ მთლიანად თქვენს გემოვნებაზეა დამოკიდებული). დავუმატოთ შაქარი და ვურიოთ სანამ არ გადნება. ცალკე ჯამში გავთქვიფოთ კვერცხები ნაღების ყველთან ერთად და დავუმატოთ ცოტაოდენი თბილი რძეც. დუღილამდე მიყვანილი რძინად ამოვიღოთ დარიჩინის ჩხირი ასეთის არსებობის შემთხვევაში და შესქელებულ რძესთან ერთად ჩავათქვიფოთ კვერცხისა და ყველის კრემს. მიღებული მასა ჩავასხათ კარამელიან ტორტის ფორმაში.
უფრო დიდი ზომის ტორტის ფორმაში ჩავასხათ მდუღარე წყალი და  შიგნით ჩავდგათ ჩვენი კრემიანი ფორმა, ისე რომ წყალი კრემიან ფორმას შუამდე წვდებოდეს. ძალიან ფრთხილად, ისე რომ  წყალი კრემში არ ჩაგვესხას (!) შევდგათ 170°C-მდე გახურებულ ღუმელში და ვაცხოთ 1 საათი. მზაობა შევამოწმოთ ხის ჩხირით. მზა და ჯერ კიდეც ცხელ ფლანი უნდა შეიკრას, მაგრამ თითს ფრთხილად რომ დააჭერ, შუაში ჟელესავით უნდა თახთახებდეს. გავაგრილოთ ოთახის ტემპერატურაზე ცხელ წყალში ჩადგმულ ფორმაშივე. მერე შევდგათ მაცივარში მინიმუმ 4 საათით. მთელი ღამით ჯობია. ფორმას დიდი ზომის ლანგარი დავაფაროთ და გადმოვაყირავოთ. ფორმის ფსკერზე თავიდანვე ჩასხმული კარამელი ახლა ფლანს თავზე მოექცევა და გვერდებზეც ჩამოიწუწება. დავუძახოთ ოჯახის წევრებს და გემრიელად მივირთვათ!


საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

0 კომენტარი.:

Post a Comment