ვენეციური საკარნავალე პონჩიკები - Frittelle di Carnevale

Approved by Mary Poppins


ვინაიდანაც და რადგანაც, ამ დღეებში მიმდინარე ვენეციის კარნავალს ვერ ვესწრებით, შეგვიძლია იქაური ტკბილეულით, კონკრეტულად კი პონჩიკებით ჩავიკოკლოზინოთ პირი.  

Frittelle di Carnevale
500 მლ რძე, 450-500 გრ ფქვილი, 5 კვერცხი, 190 გრ შაქარი, 1 მწიკვი მარილი, 120 გრ ქიშმიში, 1 ფორთოხლის გახეხილი ცედრა, 1 ლიმონის გახეხილი ცედრა, რომი გემოვნებით, 0,5 ჩ/კ სოდა; ასევე: ზეთი დასაბრაწად და შაქრის პუდრა ზემოდან მოსაყრელად
ცოტაოდენ ცივ რძეში გავხსნათ 2 ½  ს/კ ფქვილი და მარილი, დავუმატოთ დანარჩენი რძე და წამოვადუღოთ. შევაგრილოთ. სათითაოდ ჩავათქვიფოთ  კვერცხები. დავუმატოთ შაქარი, ლიმონის და ფორთოხლის ცედრები, წინასწარ რომში დამბალი და გადაწურული ქიშმიში, დარჩენილი ფქვილი და სოდა (აჯობებს სოდას ფქვილში თუ გადავურევთ წინდაწინ). ცომი ჯამის კედლებიდან მოშორებას რომ დაიწყებს მზადაა. გადავაფაროთ ჩაის ტილო და ნახევარი საათი გავაჩეროთ. ამასობაში ფართო ქვაბში გავაცხელოთ ზეთი და თითო-თითო სუფრის კოვზი ცომი ორივე მხრიდან ოქროსფრამდე დავბრაწოთ (ერთ ჯერზე 4-5 პონჩიკზე მეტს ნუ ჩაყრით ერთდროულად). ამოვიღოთ ქაფქირით და ქაღალდის ხელსახოცზე დავყაროთ ზედმეტი ზეთისგან დასაწრეტად.
მოვაყაროთ შაქრის პუდრა და მივირთვათ.

კიდევ ერთი საკარნავალო დესერტი:
საკარნავალე ხრაშუნები - Sfrappole di Carnevale
300 გრ ფქვილი, 2 მსხვილი კვერცხი, 2 ს/კ ბრენდი, 3 ს/კ შაქარი, 1 ს/კ ოთახის ტემპერატურის კარაქი, 1 ლ ზეთი დასაბრაწად, შაქრის პუდრა ზემოდან მოსაყრელად
ფქვილის, შაქრის, კვერცხების, ბრენდისა და კარაქისგან მოვზილოთ ცომი და ვზილოთ დაახლოებთ 7-10 წუთი. გავახვიოთ ცელოფანში და გავაჩეროთ 1 საათი ოთახის ტემპერატურაზე. ამის მერე ცომი გავაბრტყელოთ რაც შეიძლება თხლად (იდეალურია პასტის საბრტყელებელი აპარატი თუ გაქვთ) და ბასრი დანით გამოვჭრათ პატარა მართკუთხედები. ქვაბში გავაცხელოთ ზეთი და დავბრაწოთ ჩვენი ცომის ნაკუწები ორივე მხრიდან, ერთ ჯერზე 2 ან 3 ცალზე მეტს ნუ ჩაყრით!
ქაფქირით ამოვიღოთ და ზეთისგან დასაწრეტად დავალაგოთ ქაღალდის ხელსახოცზე. მოვაყაროთ შაქრის პუდრა და მივირთვათ.
ეგრევე ჭამას თუ არ აპირებთ, შაქარ ნუ მოაყრით, თორემ დარბილდება და აღარ იხრაშუნებს. უფრო მეტი აუთენთიკურობისთვის დასაბრაწად ზეთის ნაცვლად გადამდნარ მუცლის ქონს იყენებენ და ცომშიც კარაქის ნაცვლად ქონი უნდა.

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

0 კომენტარი.:

Post a Comment