ლუდის და შოკოლადის ტორტი ირლანდიურად

Approved by Mary Poppins


1 მარტი ლუდის საერთაშორისო დღეა, 17 მარტს კი ირლანდიელები წმინდა პატრიკის დღეს აღნიშნავენ, ამიტომ გადავწყვიტე ეს ორი თარიღი გამეერთიანებინა და რამდენიმე „გინესით“ შთაგონებული და რასაკვირველია, გემრიელი რეცეპტი შემომეთავაზებინა.
მაშ ასე, წმინდა წყლის ირლანდიური დესერტი:

„გინესის“ ტორტი შოკოლადით
ბისკვიტისთვის: 50 გრ კაკაო, 200 მლ ლუდი „გინესი“ (ან ნებისმიერი მაგარი, მუქი ფერის ლუდი), 110 გრ დარბილებული კარაქი, 275 გრ ლერწმის შაქარი, 2 მსხვილი კვერცხი ათქვეფილი, 175 გრ ფქვილი, ½  ჩ/კ სოდა
კრემისთვის: 110 გრ შაქრის პუდრა, 50 გრ დარბილებული კარაქი, 2 ს/კ „გინესი“, 110 გრ შავი შოკოლადი, 25 გრ წვრილად დაჭრილი ნიგოზი
მოსართავად: ნიგვზის 8 ლებანი და კაკაო ზემოდან მოსაფრქვევად
გავახუროთ ღუმელი 180°C-მდე. ბისკვიტისთვის კარაქი და შაქარი ვთქვიფოთ 3-4 წუთის განმავლობაში სანამ კრემის კონსისტენციის მასას არ მივიღებთ. თანდათანობით დავუმატოთ კვერცხი და გავთქვიფოთ კარგად. შემდეგ ერთად გავცრათ ფქვილი და სოდა. ცალკე ჯამში ლუდში გავხსნათ კაკაო. ამის მერე, გაცრილი ფქვილი და კაკაოიანი ლუდი პორცია-პირციად ფრთხილად დავუმატოთ ათქვეფილ კვერცხს და კარაქს. 2 ცალი 20 სმ დიამეტრის ტორტის საცხობი ფორმა დავცხიმოთ, ჩავაფინოთ პერგამენტის ქაღალდი და მათში გავანაწილოთ ცომი. შევდგათ გახურებულ ღუმელში და ვაცხოთ 30-35 წუთი. გამომცხვარი ბისკვიტები 10 წუთი ფორმაში გავაჩეროთ, მერე კი გადმოვატრიალოთ, ავაცალოთ ქაღალდი და ცხაურზე დავალაგოთ საბოლოოდ გასაგრილებლად.
კრემისთვის კარგად გავთქვიფოთ კარაქი და შაქარი. ჩავათქვიფოთ ლუდიც პატარ-პატარა პორციებად. ცხელი წყლის აბაზანაზე გავადნოთ შოკოლადი (შოკოლადიანი ჯამის ფსკერი მდუღარე წყალს არ უნდა ეხებოდეს!). შოკოლადი რომ გადნება, გადმოვდგათ ცეცხლიდან, ოდნავ შევაგრილოთ და გადავურიოთ ათქვეფილ კარაქში. კრემის ერთი მესამედი ცალკე ჯამში გადავიტანოთ და დავუმატოთ წვრილად დაჭრილი ნიგოზი. კრემი კარგად რომ გაცივდება დავიწყოთ ტორტის მორთვა. ავიღოთ ერთი ბისკვიტი და ზემოდან წავუსვათ ნიგვზიანი კრემი, ზემოდან მეორე ბისკვიტი დავაფაროთ და დარჩენილი 2/3 კრემით მოვრთოთ ტორტის თავი და გვერდები. ნიგვზის ლებნებს კაკაო მოვაფრქვიოთ და ტორტზე დავალაგოთ. ტორტი ბევრად უფრო გემრიელი ქინება, რამდენიმე საათი თუ გავაჩერებთ და ეგრევე არ შევჭამთ.

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

0 კომენტარი.:

Post a Comment