Sopaipilla - მექსიკური პონჩიკი

Approved by Mary Poppins


ამ უგემრიელესი პონჩიკის მთავარი თავისებურება მის სამკუთხედ ფორმაში და ჭამის წესსში მდგომარეობს. იმის მაგივრად, რომ შაქრის პუდრა მოყრილით ჩავიგემრიელოთ პირი, თავი უნდა წავატეხოთ და გარედან ხრაშუნა ცომში ზეთში ხარშვის შედეგად წარმოქმნილ სიცარიელეში თაფლი ჩავასხათ და ისე მივირთვათ. რასაკვირველია, როგორც ყველა პონჩიკს, Sopaipilla-საც ცხლად მიირთმევენ. რასაკვირველია, თაფლის მოსხმა ზემოდანაც შეგიძილათ, მაგრამ მენდეთ, შიგნით ჩასხმულ და ცხელი ცომისგან შემთბარ თაფლს ვერაფერი შეედრება.

Sopaipilla - მექსიკური პონჩიკი
2 ჭ ფქვილი, 1 ჩ/კ მარილი, 1,5 ჩ/კ სოდა, 1 ½ ჩ/კ შაქარი, 1 ½ ჭ ზეთი, ½ ჭ ნელ-თბილი წყალი, ¼ ჭ რძე ოთახი ტეპერატურის
ფქვილი, სოდა, მარილი და შაქარი ერთმანეთში გადავურიოთ. შევაზილოთ ზეთი. მერე დავუმატოთ წყალი და რძე და ვურიოთ სანამ წებოვან ცომს არ მივიღებთ. ცომი გადმოვიტანოთ ფქვილმოყრილ დაფაზე და ვზლოთ სანამ პურის ცომივით არ შეიკვრება (დაახლოებით 2 წუთი). ცომი დავაბურთაოთ, ნამიანი ჩაის ტილო გადავაფარით და 15 წუთი „დავასვენოთ“. მერე გავყოთ სამ ნაწილად, ისევ დავაბურთაოთ, ისევ გადავაფაროთ ნამიანი ჩაის ტილო და კიდევ ნახევარი საათი გავაჩეროთ. ფქვილმოყრილ ზედაპირზე ცომის თითოეული ნაწილი გავაბრტყელოთ 1 სმ-ის სისქის წრის ფორმაზე და სამივე წრე ჯვარედინად გავჭრათ ოთხად (თითოდან 4-4 სამკუთხედი უნდა გამოგვივიდეს).  
ქვაბში გავაცხელოთ ზეთი 175°C-მდე და თითო ჯერზე 2-2 ან 3-3 პონჩიკი დავბრაწოთ ჯერ ერთი მხრიდან (დაახლოებით 1 წუთი დასჭირდება ამისთვის), მერე გადავატრიალოთ და მეორედანაც. პონჩიკი უკეთესად რომ გაიბეროს ჰაერით, ზეთში ჩაგდების მერე, როგორც კი ზედაპირზე ამოტივტივდება, ზემოდან კოვზით ცხელი ზეთი რამდენჯერმე გადავასხათ. ქაფქირით ამოვიღოთ ზეთიდან და დავალაგოთ ქაღალდის ხელსახოცზე. ჯერ კიდევ ცხელს წავატეხოთ კუთხე, სიცარიელეში ჩავასხათ თაფლი და გემრიელად მივირთვათ.

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

0 კომენტარი.:

Post a Comment