იუ ტიაო - ჩინური პონჩიკები

Approved by Mary Poppins


ნამდვილად არ მოგატყუებთ, რომ პონჩიკების ამ სახეობის მაინცდამაინც დიდი თაყვანისმცემელი ვარ - მაგრამ, ვინაიდან და რადგანაც, ეს თვე პონჩიკების თემას მივუძღვენი, დღეს კი ჩინური ახალი წელი დგება, გადავწყვიტე პონჩიკოსანთა ოჯახის ეს უჩვეულო აზიელიც არ დამეტოვებინა უყურადღებოდ. იუ ტიაო, ანუ სიტყვა სიტყვით, „ზეთში მოხარშული მოჩვენება“ დანარჩენ თანამოძმეთაგან განსხვავებით დესერტის კლასს არ განეკუთვნება და ჩინელები ამ ზეთში მოხარშულ მარილიანი პურის ჩხირებს საუზმეზე მიირთმევენ უმარილო სოიოს რძესთან ერთად (რძეშიც კი აწობენ და ისე).  მისი მომზადებისას კი ყველაზე რთულ ამოცანას პონჩიკისთვის ტრადიციული ფორმის მიცემა, ანუ მისი დაჭრა წარმოადგენს. რაც ასახსნელად უფრო რთულია, ვიდრე შესასრულებლად.

იუ ტიაო - ჩინური პონჩიკები
1 ¼ ჭ ფქვილი, ½  ჩ/კ სოდა, 1 ან 1 ½ ჩ/კ მარილი, 6-8 ს/კ ნელ-თბილი წყალი, ზეთი მოსახარშად
ფქვილი, სოდა და მარილი მოვათავსოთ ჯამში, ინგრედიენტები ერთმანეთში გადავურიოთ და შუაში გავუკეთოთ ჩაღრმავება. ამ ჩაღრმავებაში ჩავასხათ 6 ს/კ თბილი წყალი და კოვზით ნელ-ნელა გადავურიოთ ფქვილს. საკმაოდ რბილი ცომი უნდა გამოგვივიდეს. საჭიროების შემთხვევაში დავუმატოთ კიდევ 2 ს/კ წყალი. ვზილოთ დაახლოებით 30 წამი, მერე გადავაფაროთ ცელოფანი და გავაჩეროთ 15 წუთი. ცომი გავაბრტყელოთ და დავჭრათ ისე, რომ 10 სმ-ის სიგრძის და 2 სმ-ის სიგანის 20 ცომის ლენტი გამოგვივიდეს. მერე 2-2 ლენტი ერთმანეთს შემოვადოთ და ერთმანეთს რომ მიეკრას იმისათვის, ზუსტად შუაში, სიგრძეზე სახაზავის კიდით ან ნებისმიერი მსგავსი ნივთით (მაგალითად დანის არამჭრელი მხარით)  დავაწვეთ  და ჩავაჭიროთ (დააკვირდით ზოლს სურათზე). ფართო ტაფაზე ან ქვაბში გავაცხელოთ ზეთი 175°C-მდე და დავბრაწოთ ჩვენი „მოჩვენებები“ ჯერ ერთი მხრიდან, მერე გადავატრიალოთ და მეორედან. მივირთვათ ცხლად სოიოს რძესთან ერთად.

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

P.S. სხვათა შორის, ჩინელებს ტკბილი პონჩიკებიც აქვთ, მაგრამ ისინი მზა და დაკონსერვებული ცომისგან მზადდება. 

0 კომენტარი.:

Post a Comment