„მე ვიცი შენ რომ იცი მე რომ ვიცი“...

Approved by Mary Poppins


„მე ვიცი შენ რომ იცი მე რომ ვიცი“... - ვინმეს გახსოვთ ამ სათაურის ფილმი 80-იანი წლებიდან, რომელსაც მერე „ვიცი რომ იცი“ უწოდეს?
განგებამ თუ ბედმა თუ ჩემმა ინტრიგნულმა ხასიათმა ასე ინება, რომ საზოგადოებრივი აზრის, ანუ მასების მანიპულირების შესწავლა დავიწყე და რაღაც დონემდე შევისწავლე კიდეც. ამიტომ ჩვენდა ანუ ქვეყნისდა სამწუხაროდ, ამ სფეროში ჩემზე უფრო დილეტანტური განათლების მქონე ჩვენი მას-მედიის ყურებისას (რომელიც მოგეხსენებათ, ამ საქმის მთავარი იარაღი გახლავთ) თუ სმენისას, გულწრფელად ვიზაფრები და ახლობლების კიდევ უფრო გულწრფელ აღშფოთებას ვიწვევ: „შენ ხომ არაფერი მოგწონს“.
თუმცა, უნდა გითხრათ, რომ საზოგადოების ფართო მასებზე ზემოქმედების მსურველებს მიღწევებიც ბევრი ქონდათ და ამისი ყველაზე ნათელი მაგალითი, საყოველთაოდ გავრცელებული „გვისმენენ“ იყო. არადა, წარმატებისთვის ყველას მოსმენა კი არაა საჭირო, მთავარია დააჯერო რომ უსმენ. აბა, თავად განსაჯეთ: საქართველოში 3 მილიონი მოსახლეა. სამ მილიონ ადამიანს რომ დღედაღამე უსმინო, მინიმუმ 6 მილიონი ოპერატიული მუშაკი (მინიმუმ 2 სმენად), და ამდენივე ამ ჩანაწერების გაშიფრვის და გაანალიზების პეციალისტი გჭირდება და თან ეს ხალხი სადმე უნდა დასვა და ხელფასიც აძლიო. აღარ ვლაპარაკობ სამ მილიონ ჩამწერ მოწყობილობაზე, სამ მილიონ მოსამენ მოწყობილობაზე, ადგილზე სადაც ეს ჩანაწერები უნდა დასაწყობდეს და ა.შ ხომ ხვდებით რომ უკვე კარგა ხანია გავცდით ფანტასტიკის სფეროს და სისულელეში გადავიჭერით. მერე ეს ყველაფერი რა ასტრონომიული თანხა დაჯდება? 
და, რაც ყველაზე მთავარია - რაც არ უნდა კარგი შეთქმულების გეგმები დავაწყო (არ ვლაპარაკობ მთავრობისთვის უწყინარ თუნდაც ყველაზე მწარე გინებაზე ან წყევლაზე), რა შემიძლია მე? რა საშუალება მაქვს გადატრიალების მოსაწყობად? ანუ, მარტივად რომ ვთქვათ, რას წარმოვადგენ მე, რომ მოსმენის დიდი პატივი დავიმსახურო? ამიტომ ყოველთვის მეცინებოდა, პოლიტიკაზე საუბრისას ჩვენი რიგითი მოქალაქეები მობილურებიდან აკუმულატორების ამოყრას რომ იწყებდნენ ფაციფუცით. იმისთვის რომ მოგისმინონ ცნობილი ადამიანი ან პოლიტიკური ფიგურა უნდა იყო, ან ფული უნდა გქონდეს ბევრი - უხეშად რომ ვთვქვათ, რამის ტრაკი უნდა გქონდეს. მიუხედავად ამ ლოგიკისა, მიზანმიმართულად გავრცელებულმა ჭორებმა, საგაზეთო სტატიებმა, ტელე-სიუჟეტებმა და დაშინებამ შესანიშნავი შედეგი გამოიღო - ყველაზე ღარიბი გვიშტიბელი პენსიონერიდან დაწყებული სამტრედიელი ტაქსის მძღოლით დამთვარებული ყველას ჯეროდა რომ უსმენდნენ. ამ ყველაფრის მთავარი მიზანი კი ის გახლდათ, რომ წინააღმდეგობის გაწევისა და რაიმეს მომოქმედების ნება ჩაეკლათ. რაც საკმაოდ დიდხანს მოქმედებდა კიდეც. ამჯერად ამაზე ბევრს აღარ გავაგრძელებ და უბრალოდ ვიტყვი, რომ ადამიანის უმრავლესობას გულწრფელად სჯერა, რომ მის აზროვნებაზე გავლენას ასე ადვილად ვერავინ მოახერხებს.
მოიფიქრეთ რაიმე საკმაოდ არალოგიკური, მაგრამ ცოტაოდენი „სენსაციით“ გაჯერებული ამბავი და დარწმუნებული სახით და თავდაჯერებული ტონით მოყევით (ოღონდ კარტის თამაშისას „ჯოკერის“ მოსვლით გახარებულ და „აუ, რა მაგარი რამე მოვიფიქრე, რა ყოჩაღი ვარ“-ს გამომეტყველებას ნუ მიიღებთ!) და არავინ შეიტანს ეჭვს. ჩემს ერთ თანამშრომელს, საკმაოდ გონიერ იურისტს და კახეთში დაბადებულ გაზრდილს გულწრფელად ჯეროდა, რომ კახეთში გასაყიდ  მზესუმზირის ზეთს გასაბევრებლად და მეტი მოგების სანახავად ვირის ფსელით აზავებდნენ, იმიტომ რომ ზეთი ვირის ფსელის გარდა არაფერს ირევდა. ამიტომ ყველას ურჩევდა, ნუ ყიდულობთო. კახელის, ანუ დანარჩენების აზრით, ამ საქმის მცოდნის გავრცელებული ინფორმაცია ძალიან მაღალი დონის იურისტებით დაკომპლექტებულმა ნახევარმა სამსახურმა დაიჯერა. არადა სულ ცოტა ლოგიკა იყო საჭირო: 1. წარმოგიდგენიათ რამდენი უნდა სდიოთ ვირს მისი ფელის შესაგროვებლად, ან როგორ უნდა შეაგროვოთ და რამდენი? 2. ზეთს რატომ ერევა მაინცდამაინც ვირის ფსელი? ცხენს და ძროხასაც იგივე დიეტა აქვს . 3. ვის მოაფიქრდა ეცადა? ან რატომ მოაფიქრდა? იმდენად აბსურდული და სასაცილოა ამის საერთოდ განხილვაც, რომ ლაპარაკადაც არ ღირს, მაგრამ ხალხმა უპრობლემოდ ირწმუნა. 
გახსოვთ აგვისტოს ომი დროს „რუსთავი2“-ზე თენგიზ გოგოტიშვილის ისტერიული რეპორტაჟი სადაც გვიყვებოდა, რომ რუსები ფოთში ხუთი მეტრის სიღრმი სანგრებს თხრიდნენ? ღმერთმა დამიფაროს, რუსებს არ ვამართლებ, მაგრამ რამდენი მიხვდით რომ იტყუებოდა და დაფიქრდით ხუთი მეტრი რამხელაა? ხუთი მეტრი ორსართულიანი შენობაა და ფოთში მაგაზე ღრმას ჭას კი არ თხრიან, წყალი ამოდის უკვე. სანგარს კი იმისთვის თხრი რომ თავი ამოყო და ისროლო. აქ მთავარი იმ იდეის გადმოცემა იყო, რომ რუსები რაღაც დიდს აკეთებდნენ. ციფრები კი ასეთ საქმეში ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებენ. 
მასების მანიპულირებასთან დაკავშირებით საზოგადოების აზრი, როგორც წესი ორად იყოფა ხოლმე: ერთნი თვლიან, რომ ადამიანი ჭკვიანმა ხელმძღვანელმა უნდა წარმართოს. რაც მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოებისვე კეთილდღეობისთვის კეთდება და სხვა თუ არაფერი ადამიანის აზროვნებით მანიპულაცია და შენს ჭკუაზე სხვისი ამ გზით ტარება ფიზიკურ ძალადობათან შედარებით, წინ გადადგმული ნაბიჯია. სხვათა შორის, პრაქტიკულად ამავე პოზიციას იზიარებს რელიგიაც, რომელიც მრევლს ანუ საზოგადოებას სუპერგონიერი (რაზეც არავინ დავობს) მწყემსით მართულ ცხვრებთან აიგივებს და მათგან უსიტყვო და რაც უფრო მნიშვნელოვანია, დაუფიქრებელ და გაუაზრებელ მორჩილებას მოითხოვს. რითიც, სხვათა შორის, საკმაოდ ბევრი მოძღვარი „ბოროტად“ სარგებლობს, ჩვენ კი გვავიწყდება, რომ ისინიც ჩვენსავით ადამიანები არიან. გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად, აქვე ვიტყვი, რომ რელიგიას მასების მანიპულირებასთან არანაირი კავშირი არ გააჩნია: რელიგიურ დოგმატებს საკუთარი ნებით და შეგნებულად იღებ, ანუ შენს მოტყუებას და თავის ნებაზე დაყოლიებას არავინ ცდილონს. მასები მანიპულირების მთავარი არსი კი იმაში მდგომარეობს, რომ მანიპულაციის ობიექტი ვერ უნდა მიხვდეს მის მანიპულირებას რომ ახდენენ. 
საზოგადოების მეორე ნაწილს კი მიაჩნია, რომ ადამიანის უმთავრესი ფასეულობა სწორედ მისი ნების თავისუფლებაა და ამიტომ მის აზროვნებაზე ნებისმიერი ზემოქმედება დაუშვებელია. ნებისმიერმა ადამიანმა, თუნდაც მცდარი გადაწყვეტილება თავად უნდა მიიღოს და „ზომბირება“ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, ფიზიკური ძალადობა ჯობია.
რომელი პოზიცია უფრო სწორია, საკმაოდ საინტერესო სადავო საკითხია და დარწმუნებული ვარ რომელიმე, ყველასთვის დამაკმაყოფილებელ კონკრეტულ პაუხამდე მისვლა შეუძლებელია. უფრო მნიშვნელოვანი ისაა, რომ ადრე თუ გვიან მასებზე მანიპულირების პულტთან საკმაოდ ჭკვიანი, გონიერი, მაგრამ ავადმყოფი ადამიანები ხვდებიან, რომლებსაც სხვადასხვა მიზეზით ბავშვობაში და ახალგაზრდობაში ჩაგრავდნენ, აბუჩად იგდებდნენ და ახლა მთელ სამყაროზე შურისძიების დრო დაუდგათ. რისი ნათელი მაგალითიცაა ნერონი და ჰიტლერი. პირველი თუ ანტიკურ სამყაროში მოღვაწეობდა, მეორემ მეოცე საუკუნის გაგანია შუაგულში მოახერხა გაწონასწორებული და საკმაოდ ცივი გერმანელები ადამიანის თმით დატენილ და ადამიანის ტყავგადაკრულ სავარძლებიან ავტომანქანებში ჩაესხა. აღარ ვლაპარაკობ იმას რომ ამ თმას და ტყავს ცოცხალ ადამიანებს თავადვე აძრობდნენ. საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია: ადამიანების უმრავლესობა განსაკუთრებულ სისასტიკეს არასდროს ჩაიდენს მარტო, მაგრამ სხვებიც თუ აკეთებენ, რატომაც არა? ამიტომ გაცილებით მარტივია გავლენის მოხდენა ჯგუფზე - შენ მაგალითი მიეცი და დანარჩენს თვითონ იზამენ.
ამ წამს ტელევიით „ბარამბოს“ რეკლამას გადმოსცემენ. მუსიკა შენიშნეთ? „ბარამბოს“ სეილსმენეჯერბს გონიათ (და საკმაოდ სწორადაც), რომ ყველასათვის საყვარელი „რაფაელოს“ რეკლამიდან მოპარული ოდნავ გადაკეთებული მუსიკით და სცენარებით  დადებით ასოციაცია შეგვიქმნიან და „ბარამბოს“ „რაფაელოსავით“ შეგვაყვარებენ. აი, ცოტას ხარისხის გაუმჯობესებაზეც რომ ზრუნავდნენ და მათი პროდუქციით ამდენი ხალხი არ იწამლებოდეს სისტემატიურად, ალბათ მართლაც ასე იქნებოდა. დღეს კი „ბარამბოს“ არჩევის ერთადერთი პრიორიტეტი მისი ფასია და კიდევ, „შავი არგალიტი“ აქვთ გემრიელი...

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

0 კომენტარი.:

Post a Comment