სურბ სარქისი და სომხური ქადა

Approved by Natia Jinjolava


ჩვენს სახლში სააგარაკო სეზონი ყოველ წელს ერთიდაიგივე ცერემონიით იწყება: გამგზავრების წინა დღეს, ჩაბარგება-ჩალაგების შემდეგ, ოჯახის ქალები, ჩემი დის ხელმძღვანელობით რამდენიმე პორცია სომხური ქადის ცხობას ვიწყებთ. რასაკვირველია, ქადის გარდა სხვა - მგზავრობის ადვილად გადამტანი ნამცხვრებიც ცხვება ბანანის და შოკოლადის კექსით დაწყებული და გერმანული შტრეიზელიანი ნამცხვრით დამთავრებული. მაგრამ რა ახალი ნამცხვრის რეცეპტიც არ უნდა გავიგოთ და რამდენიც არ უნდა ვაცხოთ, ჩვენი სააგარაკო მენიუს უცვლელ ნაწილად ქადა ყოველთვის რჩება. მიუხედავად იმისა, რომ არავის გვიყვარს და მთელი წელი ისე გაივლის, რომ არც სახლში და არც სხვაგან, ქადას არ ვჭამთ - საკმარისია, აგარაკზე ფეხი დავდგათ, ოჯახის ყველა წევრი დაუყოვნებლივ ვითხოვთ პირველივე ფინჯან ყავასთან ჩვენი წილი ქადის პირველ ნაჭერს.
სააგარაკო სეზონი და იქაური ქადა (რომელსაც სინამდვილეში გატა რქმევია) კი დღეს სომხეთმა და უფრო კონკრეტულად ქარიანმა და ყინვიანმა სურბ სარქისმა გამახსენა. რა ვიცით ქართველებმა ჩვენი მეზობელი ერის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული წმინდანის თაობაზე? ერთი ის, რომ სურბ სარქისის დროს თბილისში არანორმალური ქარი იცის და მეორე: ამ დღეს გასათხოვარი გოგოები მარიალიან კვერებს აცხობენ, მიირთმევენ და ღამე საბედო ესიზმრებათ. საქმე იმაშია, რომ სარქისი, კათოლიკე წმინდა ვალენტინის არ იყოს, თურმე ყველა შეყვარებულის მფარველი წმინდანია და გაგიკვირდებათ, მაგრამ მისი დღე ოფიციალურად მხოლოდ 2007 წლიდან აღინიშნება.
სურბ სარქისის ერთ-ერთი შეყვარებულთმფარველური ისტორია  ასეთია (წმინდა პატრიკის არ იყოს, თავად წმინდა სარქისის „ბიოგრაფიაშიც“ რამდენიმე მითოლოგიური, წარმართული და რეალურად არსებული მხედართმთავრის ამბავია გაერთიანებული): ერთ უქონელ და უპოვარ ყმაწვილს, სახელად აშუღ ღარიბს მდიდარი კაცის ქალიშვილი შაჰ-სანამე შეყვარებია. როგორც უკვე ხვდებით, მდიდარმა მამამ ღარიბი სასიძო დაიწუნა და საბრალო ბიჭმაც ქონების საშოვნელად უცხო მხარეში გადაკარგვა განიზრახა. მაგრამ სანამ წავიდოდა, გოგოს ფიცი დაადებინა, რომ შვიდი წელი დაელოდებოდა და ერთი დღეც თუ დააგვიანდებდა, გოგოს შეეძლო მამის შერჩეულ ნებისმიერ დიდგვაროვანს გაყოლოდა ცოლად.
შვიდი წელი დღე და ღამე წვალობდა და შრომობდა საბრალო აშუღი და მოუთმენლად ელოდა სატრფოსთან შეხვედრის დღეს. როგორც იქნა, დიდძალი ქონებაც დააგროვა და მშობლიური მხარისკენ გაეშურა, მაგრამ გზად იმდენი ხიფათ და ფათერაკი გადახდა, რომ ლამის უკანასკნელი იმედიც გადაეწურა. უკიდურესად დაღონებულმა ჭაბუკმა ლოცვა დაიწყო და თვისი თავი სწრაფლშემსმენელ წმინდა სარგისს(იგივე სარქისს) შეავედრა. წმინდანმაც ყურად იღო საბრალო კაცის გასაჭირი,  აშუღს ქარბუქში გახვეული თეთრი ცხენით მოევლინა, გავაზე შემოისვა და თვალის დახამხამებაში შაჰ-სანემესთან მიაგელვა. აშუღ ღარიბის თავდადებისგან გულაჩუყებულმა მამამ ახალგაზრდები დალოცა და დიდი ქორწილიც გადაიხადა...

ერევნული, ანუ სომხური ქადა (გატა)
ჯამში ჩავკეპოთ 1 ბრიკეტი დარბილებული მარგარინი. ½ ჩ/კ სოდა გავხსნათ 500 მლ მაწონში და დავასხათ მარგარინს, დავუმატოთ მწიკვი მარილი და 2 კვერცხი. დავაყაროთ ჯერ 1 ჭ ფქვილი და მოვზილოთ ცომი. ნახევარ-ნახევარ ჭიქობით დავუმატოთ კიდევ ფქვილი (ერთიანობაში დაახლოებით 3 ჭ დაგვჭირდება), სანამ რბილ, მაგრამ შეკრულ ცომს არ მივიღებთ. გავახვიოთ ცელოფანში და შევდოთ მაცივარში ნახევარი საათით.
სანამ ცომი გრილდება, ჯამში ერთმანეთში გადავურიოთ ნაკუწებად დაჭრილი 250 გრ ცივი კარაქი, 300 გრ ფქვილი და 300 გრ შაქარი. ინგრედიენტები ერთმანეთში კარგად გადავურიოთ და თითის წვერებით ცოტა დავსრისოთ - დაფხვნილი მასა უნდა გამოგვივიდეს (რსაც ქართულად ქადის გულს ვეძახით, ევრიოპაში შტრეიზელი, სომხურად კი ხორიზი ქვია).
ცომი გამოვიღოთ მაცივრიდან და ფქვილმოყრილ დაფაზე გავაბრტყელოთ გრძელი მართკუთხედის ფორმაზე, ზემოდან მოვაყაროთ ხორიზი და უფრო გრძელი მხრიდან მოკლესკენ დავახვიოთ რულეტად. პატარა ჯამში გავთქვიფოთ 1 კვერცხი და გადავუსვათ ზემოდან. დავჭრათ პორციულ ნაჭრებად, დავალაგოთ ფქვილმოყრილ საცხობ ფირფიტაზე და 180°C-მდე გახურებულ ღუმელში ვაცხოთ სანამ ორქოსფრად არ დაიბრაწება.

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

0 კომენტარი.:

Post a Comment