"ოსკარი" სამზარეულოში

Approved by Natia Jinjolava


მორიგი „ოსკარით“ დაჯილდოების საღამო მოახლოვდა და უკვე ერთი კვირაა „ფეისბუქსა“ თუ „ტვიტერზე“ „სპაგოს“ სახელგანთქმული შეფ-მზარეული ვოლფგანგ პაკის სახე დღეში რამდენჯერმე მაინც ჩნდება. საქმე იმაში გახლავთ, რომ აგერ უკვე მერამდენე წელია, დაჯილდოვების ღონისძიების შემდგომ ღვინისძიებას გუბერნატორის სასახლეში სწორედ ის და მისი მარადგანახლებადი და ყოველთვის ერთნაირად საინტერესო მენიუ მასპინძლობენ. ჰოდა, მეც გადავწყვიტე ჩვენი ბლოგის კოლექციას ამ უნიჭიერესი კულინარის ორიოდე საავტორო რეცეპტი კიდევ შევმატო და ამ საგანგებო საღამოსთვის საბჭოთა ღარიბი სტუდენტის გაჭირვების ტალკვესი - ყველიანი მაკარონი და გაზულუქებული კაპიტალისტების საყვარელი სასმელი ცხელი შოკოლადი შევარჩიე.

ვოლფგანგ პაკის „ოსკაროსანი მაკარონი ყველით“ – Oscar Baked Macaroni and Cheese with Black Truffles
4 პორცია
220 გრ მაკარონი (elbow macaroni), 3 ს/კ კარაქი, 3 ს/კ ფქვილი, 3 ½ ჭ რძე, ½ თეთრი ხახვი, 1 დაფნის ფოთოლი, 1 ჩ/კ კოშერული მარილი, 1 ჩ/კ პილპილი, 1 მწიკვი ცხარე კაიენური წიწაკა, 3 ს/კ წვრილად დაჭრილი შავი ტრიუფელი, 286 გრ ყველი თეთრი და დაძველებული ჩედერი გახეხილი, 85 გრ ყველი გრუიერი გახეხილი, 30 გრ ყველი პარმეზანი გახეხილი, ორიოდე წვეთი შავი ტრიუფელის ზეთი, 3 ს/კ კარაქი, 1 ჭ საფანელი, 2 ს/კ წვრილად დაჭრილი ოხრახუშის ფოთლები,
თხლად ათლილი შავი ტრიუფელის ფანტელები მოსართავად
გავახუროთ ღუმელი 175°C-მდე.
დიდი ზომის ქვაბში ადუღებულ მარილიან წყალში მოვხარშოთ მაკარონი „ალდენტემდე“ (დაახლოებით 7 წუთი). გადავწუროთ და დავყაროთ რამდენიმე წვეთ ტრიუფელისზეთმოწუწულ ლანგარზე. სანამ მაკარონი იხარშება, სქელძირიან საშუალო ზომის ქვაბში გავადნოთ 3 ს/კ კარაქი და ამ კარაქში მოვხალოთ ფქვილი. დაბალ ცეცხლზე ვხალოთ და თან ვურიოთ დაახლოებით 4 წუთის განმავლობაში. დავუმატოთ რძე, წვრილად დაჭრილი ტრიუფელი, ხახვი და დაფნის ფოთოლი. ვადუღოთ 10 წუთი. ამოვიღოთ დაფნის ფოთოლი და ხახვი. გამოვრთოთ ცეცხლი და ჩავაყაროთ „ჩედერის“ ¾, „გრუიერი“ და „პარმეზანი“. შევამარილ-შევაპილპილოთ. დავუმატოთ მოხარშული მაკარონიც. გადავასხათ ცეცხლგამძლე თუჯის ქვაბში ან ფაიფურის ჭურჭელში და ზემოდან დარჩენილი „ჩედერი“ მოვაყაროთ. ტაფაზე 3 ს/კ კარაქში ოქროსფრად დავბრაწოთ საფანელი და ოხრახუში. მოვაყაროთ მაკარონს. შევდგათ ღუმელში და ვაცხოთ 30 წუთი. გამოვიღოთ ღუმელიდან, გავაჩეროთ 5 წუთი. ზემოდან მოვრთოდ ტრიუელის ფანტელებით.

ცხელი შოკოლადი
გამოდის 5 ფინჯანი
ცხელი შოკოლადისთვის - 2 ჭ რძე, ½ ჭ ნაღები, 2 ს/კ კაკაო, ½ ჩ/კ ვანილის ექსტრაქტი, ათქვეფილი ნაღები, გახეხილი შოკოლადი ზემოდან მოსაყრელად
Master Ganache“-თვის: 220 გრ შავი შოკოლადი, 1 ჭ ცხიმიანი ნაღები
ბასრი დანით დავჭრათ შოკოლადი ნახევარსანტიმეტრიან კუბიკებად და მოვათავსოთ საშუალო ზომის ცეცხლგამძლე ჭურჭელში. პატარა სქელძირიანი ქვაბით ნაღები საშუალო ცეცხლზე მივიყვანოთ დუღილამდე. წამოდუღდება თუ არა, მდუღარე ნაღები მაშინვე დავასხათ დაჭრილ შოკოლადს. ყურადღება მივაქციოთ, რომ ნაღებმა შოკოლადი დაფაროს. 1 წუთი გავაჩეროთ და მერე სამზარეულოს ნიჩბით ან ხის კოვზით, ნელ-ნელა, წრიული მოძრაობებით ჯამის ცენტრიდან კიდეებისკენ ვურიოთ, სანამ შოკოლადი ბოლომდე არ გადნება (დაახლოებით 2 წუთი). ვეცადოთ, რომ განაშში(ასე ქვია ნაღებიან გამდნარ შოკოლადს), რაც შეიძლება ცოტა ჰაერი შეერიოს. ცალკე ქვაბში წამოვადუღოთ რძე და ნაღები საშუალო ცეცხლზე. დავუმატოთ კაკაო და ვთქვიფოთ სანამ კაკაოს ფხვნილი ბოლომდე არ გაიხსნება. გადმოვდგათ ცეცხლიდან და დავუმატოთ განაშს. გავაჩეროთ 1 წუთი და მერე ვურიოთ დაახლოებით 4 წუთი, სანამ ერთგვაროვან ემულსიას არ მივიღებთ. დავუმატოთ ვანილიც.
დაუყოვნებლივ ჩავასხათ ჭიქებში, სურვილის შემთხვევაში მოვრთოთ ათქვეფილი ნაღებით და გახეხილი შოკოლადით. მივირთვათ პეჩენიებთან ერთად.

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

0 კომენტარი.:

Post a Comment