24.12.10
ძველზე ძველი ახალი წელი, არდაბადების დღე და სხვა...
Approved byსაკუთარი თავის გართობა და საკუთარი კომფორტის შექმნა მარტო შენს ხელშია. „მოვიწყინე და არ მართობენ, პირობებს არ მიქმნიან“, მარტო მიზეზია საკუთარი სიზარმაცის ან უინიციატივობის გასამართლებლად. დილაობით ინტერნეტში შესულს, მეგობრების მოკითხვაზე ვპასუხობ, რომ განცხრომაში ვიმყოფები და ლოგინში მივირთმევ ყავას და შოკოლადს. ბევრს შურს და ვიშვიშებს, რომ თვითონაც არ იტყოდა იგივეზე უარს. იცით რა? ყავასაც მე ვიდუღებ, ლანგარზეც მე ვდგამ და ხშირად წინა საღამოს გახაზირებულ შოკოლადიან კრუასანთან ერთად ხალისით მივაცუნცულებ ლოგინში. ჩემი თავის გარდა სხვა არავინ მიქმნის მსგავს კომფორტს. ამით იმის თქმა მინდოდა, რომ თქვენი ბედნიერება მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული.
რა ჯობია წვიმაში ან ცუდ ამინდში ტელევიზორთან თბილ ოთახში ჯდომას?!. არც არაფერი! მაგრამ გათბობაც თქვენ უნდა ჩართოთ და რბილი სავარძელიც თქვენ უნდა მიაჩოჩოთ ტელევიზორთან. არავინ არ არის ვალდებული იზრუნოს თქვენს გართობაზე. ტყუილად წუწუნს, ყოველთვის ჯობია, თავიდან ცოტა შეწუხდეთ და მერე დატკბეთ ცხოვრებით. „ყავა არ მომიტანეს და ბუხარი არ დამინთეს“ წუწუნს და ნერვების შლას, აბა, რა აზრი აქვს?
ცხოვრების გახალისება ათასნაირად შეიძლება. უბრალოდ კომფორტი თუ არ გაკმაყოფილებთ და კომპანია გჭირდებათ, ჩამორეკეთ მეგობრებთან და აღნიშნეთ... ვინმეს არდაბადების დღე, რომელიც ყველა ადამიანს 364 აქვს წელიწადში, ძველზე ძველი ახალი წელი, კიდევ უფრო ძველი, უძველესი ახალი წელი და ა.შ. ყოველ ორ კვირაში 14 იანვრიდან მოყოლებული, ანთებული სანთლების დღე ძველ ეგვიპტეში, მტირალა ტირიფების დღე შუამდინარეთში, ბაბა-იაგას დღე ბულგარეთში... მიზეზი არასდროს დაგელევათ. სხვისი დღესასწაულები თუ არ მოგწონთ, საკუთარი მოიგონეთ: ნაყინის კვირადღე, „ყიყლიყოების“ ორშაბათი, ზოლიანი წინდების ხუთშაბათი, ახალ წელს მორჩენილი ბენგალური ცეცხლის 21 ივლისი და ა.შ. მოკლედ, რაზეც ფანტაზია გეყოფათ.
მონდომება თქვი, თორემ ერთ წელს მე და ჩემი მეგობრები ყველა სატელევიზიო სერიალის დაწყებას და დამთავრებას აღვნიშნავდით, ისე, რომ არცერთი არ გვინახავს (მხოლოდ სატელევიზიო პროგრამების ჟურნალით ვსარგებლობდით). ერთხელაც, მეგობრის სარდაფში ნამდვილი სამოვარი ვიპოვეთ, ვაკის პარკში გირჩები შევაგროვეთ და, როგორც წესი და რიგია, ძველი ჩექმით გავახურეთ. არასდროს დამავიწყდება, როგორ ვიდექი რუსთაველის გამზირზე ოპერის წინ და თმასა და ტანსაცმელზე შეშის სუნი ამდიოდა.
ამჯერად ახალი იდეა მაქვს: თვეში ერთხელ შევიკრიბოთ და საქართველოში ნაკლებად გავრცელებული სასმელების დეგუსტაცია მოვაწყოთ. მაგალითად, ზამთარის ყინვაში, არაყი „ფინლანდია“ ნორვეგიულად დამზადებული თბილი ქაშაყითა და კარტოფილით; ტეკილა, ლაიმით და მარილით; აბსენტი თავისი კოვზითა და ყინულიანი წყლით; კაიპირინია ლერწმის შაქრით და მწვანე ლიმონით... კარგ სასმელს და ტრადიციებს რა გამოლევს, ყველა ხალხს თავისი წესი აქვს, ასე რომ, წელიწადიც შეივსება.
ხვალ, მაგალითად, სატურნალიები მთავრდება, მე სტუმრებს ველოდები: ბლოგერავტორებს, ერთ მეორეხარისხოვან პერსონაჟს, ერთ მსხვერპლს და ერთ მავნესაც. თქვენ?
საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი
4 კომენტარი.:
სტუმრებს კი არა, მონებს ელოდები! ხვალინდელი ტორტის კეთება შორიდან მაყურებინე და მერე მის ესთეტურად მორთვა-მოკაზმვაზე მუხლჩაუხრელად მაშრომე და ხმას არ იღებ! სანამ დაღლილ-დაქანცული სახლამდე მოვედი, ამასობაში სტატიაც "გამოგიცხვია"... მოკლედ, უქმად არ ცდები...
ენას რომ ძვალი არ ქონდა, ვიცოდი, მაგრამ კომპიუტერის კლავიატურაც თუ ასე გააუნამუსოვებდი, არ მეგონა. ვისაც გაინტერესებთ, მე რა ვიშრომე, "მთვრალი ალუბალი შოკოლადში ნახეთ", ამ ქალბატონმა კი უკვე შოკოლადმოსხმულ და გამზადებულ ტორტს "Coffee Cake Club" დააწერა და ამას ეძახის მუხლჩაუხრელ შრომას.
დიახაც, მობრძანდებით ხვალ. სატურნალიებია და როლები იცვლება, მასპინძლები თქვენ იქნებით, მე კი - ერთადერთი საპატიო სტუმარი. ყავასაც მომიდუღებთ, ტორტსაც მომართმევთ და არამარტო ... მორალურად გაემზადეთ!
ვატყობ, თეფშების დარეცხვაც ჩვენ მოგვიწევს... რამდენნი ვიქნებით, ჭურჭლის გროვის ზომა მაინტერესებს!!!
ბევრი იქნება, ბევრი! მაგრამ ერთი კარგი აზრი მაქვს! სატურნალიების იდეას უფრო ზოგადსაკაცობრიო ჭრილში ხომ არ მივუდგეთ და როლების გაცვლის მიზეზით ჭურჭელი ბიჭებს დავარეცხინოთ?
Post a Comment