24.2.11
„სირაქლემას პრინციპი“ და ვედროს როლი მამაკაცის ცხოვრებაში
Approved byჩვენმა ერთმა ერთგულმა მკითხველმა (სხვათა შორის, მამაკაცმა) ერთი თემა გაგვახსენა: „რატომ არ წერთ იმაზე, თუ რისი მოსმენა არ უნდათ კაცებს?“ ჩვენც დავფიქრდით. ისე, პროლემებზე ლაპარაკი ნეტავ ვის უყვარს? კაცების უმრავლესობა სახურავჩამონგრეულ, მილგამსკდარ, უთოგადამწვარ სახლში სიამოვნებით იცხოვრებდა, თავზე თუ არ აწვიმს და ხელმარჯვე ცოლი (დედა, და, ბიცოლა, ა.შ.) მეზობლისგან ნათხოვარი უთოთი უსიტყვოდ გაუტკიცინებს საყვარელ პერანგებს და არ შეაწუხებს პრობლემებზე გაუთავებელი წუწუნით. სხვათა შორის, კრიმინალისტიკაში საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია: თუ სერიული მკვლელი დანაშაულის ადგილზე აკუტარულად მოქმედებს, ესე იგი, ქალთან ერთად ცხოვრების დიდი სტაჟი აქვს. ნიშანდობლივი და ლოგიკურია - ქალის გვერდით ცხოვრება მამაკაცს წესრიგს თავისდაუნებურად აჩვევს.
ერთი ჩვენი მეგობარი თხოვდებოდა. წინდახედულმა საქმრომ გამოუცხადა: „ხომ ხედავ, რომ ბევრს ვმუშაობ, ოჯახში ონკანი ან სარეცხი მანქანა თუ გაგვიფუჭდა, მშვიდად მითხარი. მე დავიმახსოვრებ და, როცა მოვიცლი, ხელოსანსაც მაშინ მოვიყვანო. ასჯერ ნუ გამიმეორებ, ისედაც მეცოდინება და ნერვებს ნუ ამიშლიო“. საცოლემ, რომელსაც ოჯახური სიმშვიდე ბიჭზე მეტად უყვარდა, უპასუხა: „კი, ჩემო კარგო, რა პრობლემაა? ოღონდ სანამ ხელოსანს არ მოიყვან, შენც ნუ გაიკვირვებ, რატომ არ არის ჭურჭელი ან სარეცხი გაწკრიალებული და ნუ მისაყვედურებ, რატომ ზარმაცობო“. ქორწინება ჩაიშალა... იმიტომ, რომ კაცებს პრობლემების შეხსენება არ უყვართ, თორემ სხვისი ხელით გადაჭრილი და მოგვარებული ძალიანაც მოსწონთ!
ამაზე ერთი გასართობი, მაგრამ უტყუარი ტესტი გამახსენდა, ბედის სამუდამო დაკავშირებამდე, რჩეული როგორ უნდა გამოსცადოთ. მთელი ნებისყოფა მოიკრიბეთ და რამდენიმე დღე სახლიდან ნაგავს ნუ გაიტანთ და დააკვირდით, თქვენს საბედო სავსე ურნის დანახვაზე როგორ მოიქცევა. ხელი თუ სტაცა და გასატანად გაქანდა - გაგიმართლათ! თუ ახალი პარკი მოიძია, თავისი ნაგავი შიგ ჩაყარა და სავსე ურნას გვერდზე მიუდო - მისი (და თქვენი) საქმე მთლად ხელიდან წასული არ არის. აი, ნაგავი თუ იატაკზე დაყარა და იქვე დაივიწყა - გირჩევთ, ამ ნაგავს უკან გააყოლოთ! ასეთი კაცი ოჯახში არ გამოგადგებათ...
მამაკაცები არამარტო საყოფაცხოვრებო პრობლემებზე ჩივილს კი არა, ზოგადად, ქალების წუწუნს გაურბიან. მშოლებთან ერთად მცხოვრები დაქორწინებული კაცების ურავლესობა სირაქლემას პრინციპით სარგებლობს - ტელევიზორში ან გაზეთებში თავჩარგულები, ჯიუტად არ იმჩნევენ დედისა და ცოლის საყვედურით სავსე მზერას, მკვახე გადაძახილებს, კინკლაობას და ხანდახან წივილ-კივილსაც. არადა, სრული გულგრილობის ნაცვლად, რძალ-დედამთილს ის მაინც რომ ჰკითხონ, რა აწუხებთ, უმეტეს შემთხვევაში აყალმაყალიც ჩაცხრებოდა. ხშირად ამ ქალებს ერთმანეთზე მეტად, „თავისი“ მამაკაცის პოზიციის არქონა და უნდილობა აღიზიანებთ და ჯავრსაც ერთმანეთზე იყრიან: კაცის უნიათობას დედა ცოლს აბრალებს და პირიქით.
კარგი, ეს უხეირო კაცებს ეხება, მაგრამ ხანდახან ძალიან ყურადღებიან და სამაგალითო ინდივიდებსაც უჭირს რეალობისთვის თვალის გასწორება და თავის „ქვიშაში დურთვა“ ურჩევნიათ (ეს სცენა თვალწინ მიდგება: როგორ დააქვთ ქვიშით სავსე ვედრო, საჭიროების შემთხვევაში, ანუ ნებისმიერი მცირედი საშიშროების მოახლოებისთანავე, თავი მყისვე შიგ რომ სტუცონ!). აი, მაგალითად, ჩემი მეგობრის ძალიან მზრუნველ და მოსიყვარულე მამას სტუდენტი შვილი მიადგა: „ბრმა ნაწლავი მტკივაო“. აბა, თუ გამოიცნობთ, პასუხად რა მიიღო? „გეხვეწები, ამას ნუ მეუბნები, გულს ნუ მიხეთქავო!!!“ ალბათ ის ბრმა ნაწლავიც მამრობითი სქესის იყო, მშობელს გაუგო და გაყუჩდა.
კიდევ ერთი კარგად ნაცნობი და მტკივნეული საკითხი: გამოუქვეყნებელი სტატისტიკის მონაცემებით, დაქორწინებული ქართველი მამაკაცების 99,9%-ს საყვარელი ჰყავს (თუ არ ჰყავს, იბრალებს მაინც - აქაოდა, „თხა თხაზე ნაკლებიო“), ქართველი ქალების უმრავლესობაც გათხოვილია. და თითოეული მათგანი დარწმუნებულია თავისი მეორე ნახევრის ერთგულებაში. ისმის კითხვა: რანაირად? ყველა ქმარს გულწრფელად სჯერა, რომ მისი მეუღლე ინტერნეტით საათობით მხოლოდ დაქალებს ელაპარაკება და ცოლის სიგარეტით გაკვამლული ტანსაცმელი და ნიკოტინით დალაქავებული თითები სულ იმ „საზიზღარი“ ლაქალაქა და უსაქმური დაქალების ბრალია.
კაცები ჩამქოლავენ, მაგრამ მათ მამლაყინწურ ლოგიკაზე და ზემოხსენებულ თემაზე ერთი ანეკდოტი გამახსენდა, რომელიც ჩემს აქ „ნააზრევს“ იდეალურად ესადაგება: კაცი საყვარელთანაა. კარზე ზარია. „ვაიმე, ქმარი მოვიდა“, წამოიძახა ქალმა, სასწრაფოდ ხალათი მოისხა, ნაგვის ვედროს ხელი სტაცა და კარის გასაღებად გაექანა. გააღო და ქმარს ზღურბლზე გადმოსვლა არ აცალა, ვედრო ხელში მიაჩეჩა და ბუნკერისკენ გააგზავნა. ამასობაში კაცმა გამოპარვა მოასწრო. მოდის და გზაში ფიქრობს: „რა ჭკვიანია ეს ჩემი საყვარელი, რა კარგად მოიგონა!“ მივიდა სახლში, ზარი დარეკა და კარი ხალათმოსხმულმა და ნაგვისვედრომომარჯვებულმა ცოლმა გაუღო. მიაქვს კაცს ნაგავი გადასაყრელად და თან ფიქრობს: „რა ბრიყვია ეს ჩემი ცოლი, უჩემოდ ნაგვის გადაყრასაც ვერ ახერხებს“.
კეთილი სურვილებით, თქვენი დეიდა პოლი
2 კომენტარი.:
erti rame shemidzlia gitxrat::
QALI MAMAKACS WARSULS UMALAVS, MAMAKACI MOMAVALS:))))))
qalis da kacis tvirti imdenad gansxvavdeba, rom dzalian gamichirdeba amis axsna, mitumetes rom saertod airia ganzomilebebi, zogi dzvels da axals urevs, zogi awmyos da momaval, zogic warsuls da momaval. ase rom zogadad dogmebi ar arsebobs albat imdenad ramdenadac, chvens qveyanashic ki, rom ar chavedziot msoplios tu mezobeli qveynebis gamocdilebas colqmruli movaleobebis gadanawilebashi, veranairad ver avigebt mxolod kargs an sasurvels sxvadasxva qveynebidan, jobia waxvidet sacxovreblad iset qveyanashi sadac yvelaze metad misagebia iqauri qmrebis saqcieliiii:)))))magalitebi mere :)
Post a Comment