1.4.12
საზრიანი ცრუპენტელების და გულუბრყვილო ჩერჩეტების დღე
Approved by
საიდან მოდის პირველი აპრილის აღნიშვნის ტრადიცია? ამის თაობაზე უამრავი ვერსია და ჰიპოთეზა არსებობს, მაგრამ დანამდვილებით არავინ არაფერი იცის. ერთია, რომ მსოფლიოს ბევრი ქვეყანა ამ თარიღს პატივს სცემს და დიდი და პატარა ამ დღეს ძველი და მრავალნაცადი თუ ახალი და მზაკვრული ოინებით ეგებება. თვითონ დღესასწაულის სახელიც კი ყველგან სხვადასხვანაირია: დიდ ბრიტანეთსა და ამერიკაში მას „ბრიყვების დღეს“ ეძახიან, ინდოეთში - „ხუმრობების დღეს“, საფრანგეთსა და იტალიაში - „სააპრილო თევზს“, ზოგან კი ეს დღე უბრალოდ „პირველი აპრილია“, მორჩა და გათავდა! აი, ანტიკურ რომში (ერთ-ერთი გადმოცემის თანახმად, ამ დღის აღნიშვნა სწორედ ძველმა რომაელებმა დაიწყეს) ამ დღეს პატივს სიცილის ღმერთს მიაგებდნენ.
ყველაზე გავრცელებული აზრით, საპირველაპრილო ხუმრობების ტრადიცია მე-16 საუკუნის საფრანგეთში წარმოიშვა, როცა კარლ IX-მ გრეგორიანული კალენდარი შემოიღო და ახალი წლის დაწყება 1 აპრილის ნაცვლად 1 იანვარს დააწესა. „ჩვეულება რჯულზე უმტკიცესიაო“ და ფრანგებმა „საახალწლო საჩუქრების“ ტრადიცია არ მოიშალეს - ამ დღეს სახუმარო (ხშირად ცარიელ) პატარ-პატარა ძღვენებს არიგებდნენ, თან ერთმანეთს ზურგზე თევზის ფორმის ბარათებს აკრავდნენ. რატომ მაინცდამაინც თევზის? ფრანგები ამას იმით ხსნიან, რომ წელიწადის ამ დროს მზე თევზების თანავარსკვავედში იმყოფება. იტალიელები ამტკიცებენ, რომ ამ დღესასწაულს და მის სახელსაც ნეაპოლელ მეფე მონრეტეის უნდა ვუმადლოდეთ, რომელსაც მორიგი მიწისძვრის დასრულების აღსანიშნავად თევზი მიართვეს. მომდევნო წლის იგივე დღეს მეფემ ისევ ის თევზი მოითხოვა. აბა, ზუსტად ასეთს სად იპოვიდნენ? საზრიანმა მზარეულმა თავი იმტვრია, იმტვრია და ბოლოს მეფეს მსგავსი თევზი მოუმზადა.. იმანაც თევზი ფხიან-ძვლიანად გემრიელად მიირთვა, მშვენივრად მიხვდა, რომ გააცურეს, მაგრამ იხტიბარი არ გაიტეხა. მეტიც, გამხიარულდა და საპირველაპრილო ხუმრობებსაც დასაბამი ასე დაედო.
დიდ ბრიტანეთში პირველი აპრილის აღნიშვნამ ფეხი მე-18 საუკუნეში მოიკიდა, თანაც ისე, რომ შოტლანდიელებმა ერთი დღე არ იკმარეს და „Fool’s day”-ს ორი დღის განმავლობაში ზეიმობენ, თან ერთმანეთს ზურგზე ბარათებს აკრავენ წარწერით: „პანჩური ამომარტყი“, ბარათდაკრულებს დასდევენ და... ცხადია, რომ წიხლები და პანღურები არ ენანებათ! აი, გერმანელები ამ არასერიოზული დღესასწაულის შემოღებას სრულიად სერიოზულ ისტორიულ ფაქტს უკავშირებენ (გერმანელები არიან და!) - ახალი მონეტის მიმოქცევაში შემოღებას, რაც 1530 წლის 1 აპრილისთვის იყო დაგეგმილი. ელოდნენ, ელოდნენ და სულ ტყუილად - რეფორმა „გადაიდო“, ახალი ფული არ მოიჭრა და გერმანელებიც იმ დღიდან ერთმანეთს სიამოვნებით ატყუებენ.
პირველი „მასობრივი ტყუილი“ 1703 წლის 1 აპრილს მოსკოვში განხორციელდა, როცა მთავარ მოედანზე „არაჩვეულებრივი წარმოდგენის“ სანახავად ხალხი მიიზიდეს, სპექტაკლით დასატკბობად მისულ გულუბრყვილოებს კი თეატრალური ფარდის უკან დიდი წარწერა ელოდათ: „Первый апрель – никому не верь!“
მიუხედავად იმისა, რომ პირველი აპრილი ბევრგან აღინიშნება, წელიწადის სხვა დღესასწაულებისგან განსხვავებით, ოფიციალურ უქმედ გამოცხადებული არსად არ არის. მის პოპულარიზაციაზე მასმედიის საშუალებებმა იზრუნეს და ასე შეიქმნა ახალი ჟანრი „Mockumentary” (ე.წ. ფსევდოდოკუმენტური ფილმი ან რეპორტაჟი). პირველი აპრილი წელიწადის ერთადერთი დღეა, როცა ცნობილი ჟურნალ-გაზეთები და სერიოზული სატელევიზიო არხები თავს საკუთარი აუდიტორიის მოტყუების უფლებას აძლევენ. თუმცა ჟურნალისტური ეთიკითა და დაუწერელი კანონით, ასეთი სტატიები და სიუჟეტები ზომიერების ფარგლებს არ სცილდება და ავტორები მკითხველ-მაყურებელს წინასწარ თუ არა, დღის ბოლოს აუცილებლად ამცნობენ, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ უწყინარი საპირველაპრილო ხუმრობა იყო.
პირველად „ფაქტის ასეთი გაყალბება“ 1957 წელს მოხდა, როცა ტელეკომპანია BBC-მ სიუჟეტი მოამზადა თბილი ზამთრისა და მაკარონისნაირთა მავნებლის სრული მოსპობით გამოწვეულ სპაგეტის უჩვეულოდ უხვ მოსავალზე ტიჩინოში (შვეიცარია). უნდა ითქვას, რომ იმ წლებში იტალიურ პასტას დიდ ბრიტანეთში მაინცდამაინც არ წყალობდნენ და მხოლოდ პომიდვრის ტომატში დაკონსერვებული სპაგეტის სახით იცნობდნენ, ამიტომ გადაცემის მომდევნო დღეებში რვამილიონი მაყურებლის საკმაოდ დიდი ნაწილი სტუდიაში რეკავდა და კითხულობდა, შეიძლებოდა თუ არა სპაგეტის ხის დარგვა-გახარება სახლის პირობებში, ტელევიზიის ოხუნჯი მუშაკები კი დაინტერესებულებს ასეთი სიტყვებით „აკვალიანებდნენ“: „სპაგეტის ყლორტი ტომატის ქილაში მოათავსეთ და მოსავალს უკეთესი მომავლის იმედით დაელოდეთ!“
საუკეთესო სურვილებით, თქვენი დეიდა პოლი
0 კომენტარი.:
Post a Comment