3.4.12
პროფესიონალური გულგრილობის მორიგი შედევრები
Approved by
არ მიყვარს ზედმეტად პედანტი, მეტისმეტად მოწესრიგებული ადამიანები. ცოცხალი
ადამიანი ხანდახან უნდა შეცდეს - რაღაც გამორჩეს, რაღაც ვერ შეამჩნიოს ან ვერ გათვალოს.
წესრიგისადმი მანიაკალურ მიდრეკილებას, როგორც წესი, ზომაგადასული არასრულფასოვნების
კომპლექსის სუნი ასდის ხოლმე: არიქა, ვინმემ შენზე რამე ცუდი არ თქვას, ან არ იფიქროს. ამ ვინმეს კი ამ დროს შენზე საფიქრალად სულ არ ცალია და შენი პატარა "ცდომილებები" სულ არ აინტერესებს. ყველაფერი
იდეალური ერთი შეხედვით კარგია, მაგრამ მალევე მოსაწყენი ხდება. ასეა ადამიანიც, რომელიც
დღენიადაგ მაგიდაზე ორი წამის წინ დადებულ მტვერს ან საკუთარ ნაბეჭდ-ნაწერში დახრილ
წერტილებს დასდევს. თავად წარმოიდგინეთ რა ნაცრისფერი იქნებოდა ცხოვრება, ყველა წესისა
და რიგის მიხედვით რომ ცხოვრობდეს: დადიოდეს დინჯად, ლაპარაკობდეს ხმადაბლა და ზრდილობიანად,
არ ამჟღავნებდეს ემოციებს და ბავშვები, რომლებიც არ დარბიან, არ ცელქობენ, არ ხმაურობენ...
ერთი სიტყვით, გადაჭარბებული არაფერი არ ვარგა, არც პედანტიზმი და არც წესრიგი. მაგრამ კიდევ უარესია, არაპროფესიონალიზმი, ანუ პროფესიონალური გულგრილობა (როცა სულ არ გადარდებს სამსახურის საქმე როგორ გააკეთე), რასაც ჩვენს ბლოგში აგერ უკვე მერანდენეჯერ ვუბრუნდები. ვინც
ჩემს სტატიებს კითხულობთ, დამეთანხმებით რომ შეცდომები ბევრი მეპარება, ბევრიც მეშლება
და ჩემს მახვილ თვალს ბევრი პატარა დეტალი ეპარება. თუმცა, ჩემი „უსქაციელობისთვის“ თავის
მართლებაც მაქვს მომზადებული: ბლოგი, განგების თუ ინტერნეტისა და თავად ბლოგის ავტორის
ნებით, საზოგადოების ფართო ფენებისათვის ხელმისაწვდომი პირადი დღიურის ექვივალენტია
და შესაბამისად, მისი კითხვა ერთიანად მკითხველის სურვილზეა დამოკიდებული. ანუ, ეს
არ არის წიგნი, რომელშიც ფულს მიხდით, ან საიტი, რომელზეც იდეაში სერიოზული და გადამოწმებული
ინფორმაცია უნდა იდოს, ამიტომ მე ჩემს ნაწერზე თქვენს წინაშე პასუხს არ ვაგებ (რასაკვირველია,
თქვენს წინააღმდეგ ცილისწამების კამპანია თუ არ გავაჩაღე). კარგად გამართულ ნაწერს
კი, სტილისტი და კორექტორი ანუ უცხო თვალი ჭირდება,
რომელიც სხვის ნააზრევში გაპარულ მექანიკურ შეცდომებს ადვილად აღმოაჩენს.
განგებამ
ასე ინება და ადამიანის თვალის მეხსიერება ისეა მოწყობილი, რომ საკუთარ ნაწერში, რამდენჯერაც
არ უნდა გადაიკითხო, რაღაც შეცდომა ყოველთვის იპარება. პროფესიონალიზმი კი მაქსიმალურ,
ნორმალური ადამიანისათვის ხელმიუწვდომელ წესრიგს ითხოვს. ამიტომ უნდა ყავდეს ყველა
სამსახურის, რომელსაც ვებ-გვერდის ან საკუთარი ბეჭდვითი გამოცემის გამოშვების პრეტენზია
აქვს, თავისი რედაქტორი - ერთი წერა-კითხვის მცოდნე ადამიანი მაინც,
ვინც სხვის „შემოქმედებას“ გადახედავს და გაასწორებს. არ არის მათემატიკოსი ან ფიზიკოსი,
თუნდაც ექიმი ვალდებული, გამართული ქართულით წერდეს ან ყველა ტერმინის ყველა განმარტება იცოდეს. მაგალითად: იურისტისთვის და უმეტესობისთვი კონსტიტუცია ქვეყნის უზენაესი კანონი თუა, ანთროპოლოგისთვის იგივე კონსტიტუცია სხეულის აღნაგობას ნიშნავს.
ეს ამხელა წინაისტორია კი ამას წინათ ქართულ საინფორმაციო გარემოში გაპარულ
რამდენიმე „თვალისმომჭრელ“ და „გულისწამღებ“ შეცდომას მოვაყოლე. ერთი ძალიან სოლიდური
და ჰუმანიტარული (ისტორიის) განხრის სამეცნიერო ინსტიტუტის ფეისბუქის გვერდზე შევიტყვე, რომ
1921 წელს საქართველოში წითელი ჯარი შემოსულა. წითელი ჯარი იყო წითელ ხმერებთან კამბოჯაში,
რუსებს კი წითელი არმია ყავდათ. წითელი არმიის არცოდნა კი საქართველოს ისტორიის არცოდნაა.
კიდევ უკეთესად თარგმნეს დოკუმენტური ფილმი რენესანსის ეპოქის მხატვრობაზე
ერთ-ერთ ქართულ ტელეარხზე, სადაც ამაყად გვიყვებოდნენ, რომ მიქელანჯელოს ვატიკანში
თურმე „მეთექვსმეტე კაპელა“ მოუხატავს.
სრულიად შედევრალური 2012 წლის კალენდარი დაბეჭდა და დაარიგა „ლიბერთი
ბანკმა“, სადაც თებერვალი, მარტი და ნოემბერი 29-ითაა, აპრილი 31-ით. 29 მარტიდან
1 აპრილამდე ურიცხვო პარასკევი და შაბათი გვაქვს (იგივე მეორდება 29 ნოემბერსა და 1 დეკემბერს შორისაც) და
აქამდე არარსებული 31 აპრილი და სრულიად ლეგალური 1 მაისი, ორივე სამშაბათია...
ახლა კი, ერთ-ერთ კვლავაც რესპექტაბელურ ქართულ საიტს დავესესხები და დღევანდელ სტატიებს,
საგანგებოდ მოძიებული ილუსტრაციების ნაცვლად, როგორც იქ უწოდებენ, „ილუმინაციებით“ დავამშვენებ.
საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი
0 კომენტარი.:
Post a Comment