პანეტონე - იტალიური საშობაო კულიჩი

Approved by Natia Jinjolava


პანეტონე იტალიური საშობაო კულიჩია, რომელიც ძალიან გავს ჩვენებურ სააღდგომო პასკას და ჩემი აზრით, უფრო გემრიელიცაა. როგორც ითვლება, მისი ფორმა ლომბარდიის ეკლესიების გუმბათებმა შთააგონა ოდესღაც რომელიღაც კონდიტერს. თუმცა, მეორე ვერსიის თანახმად, პანეტონეს ოდესღაც პან დე ტონიო, ანუ ტონიოს პური ერქვა. ტონიო კი მე-15 საუკუნის მცხობელი გახლდათ, რომელიც ბორდო დელლე გრაციას მილანურ კვარტალში ცხოვრობდა. ტონიო სხვა მცხობელებისგან მხოლოდ იმით გამოირჩეოდა, რომ ულამაზესი ქალიშვილის მამა გახლდათ, ქალიშვილი კი მდიდარი ოჯახის შვილს შეუყვარდა. ჰოდა, შეყვარებულმა ყმაწვილმაც, საკუთარი უკმაყოფილო ნათესაობა რომ დაეშოშმინებინა და მომავალი სიმამრი ცოტათი მაინც რომ "გაეკეთილშობილებინა", საშობაოდ მას საუკეთესო ხარისხის ფქვილი, ყველაზე ახალი კვერცხები და კარაქი მიუტანა და რაც მთავარია, იმ დროის დელიკატესები - ქიშმიში და ლიმონის ცუკატებიც არ დაავიწყდა. ჭკვიანი პურის მცხობელიც არ დაიბნა, უგემრიელესი საშობაო პურები დააცხო და ქალაქის არისტოკრატიაში სახელიც მოიხვეჭა. მალე ტონიო ისე გამდიდრდა, რომ დელლა ტელას ოჯახმა მისი ადალგიზა (ასე ერქვა გოგოს) სიხარულით ირძლო.
ამჯერად, პანეტონეს რეცეპტს მრავალგზის გამოცდილი ენე ბურდას კულინარიული წიგნიდან გთავაზობთ. მოგეხსენებათ, გერმანელ მომხმარებელზე გათვლილი რეცეპტები, ყოველთვის გარანტირებულად გამოდის.

პანეტონე (Panettone)
ენე ბურდას რეცეპტებიდან:
ინგრედიენტები: 500 გრ ფქვილი, 40 გრ საფუარი, 125 გრ შაქარი, დაახლოებით 1/8 ლ თბილი რძე, 6 კვერცხი, 1 დიდი მწიკვი მარილი, 200 გრ დარბილებული კარაქი; 75 გრ კრაჭუნა ალუბალი, 50 გრ ლიმონის ცუკატები კუბიკებად დაჭრილი, 50 გრ ფორთოხლის ცუკატები კუბიკებად დაჭრილი, 125 გრ მსხვილი ქიშმიში, 1 ს/კ ფქვილი, კარაქი საცხობ ფორმის დასაცხიმად, კიდევ 30 გრ კარაქი პანეტონეს თავზე გადასასმელად
ფართო ჯამში დავახვავოთ ფქვილი და შუაში ჩაღრმავება გავუკეთოთ და ამ სახელდახელო „კრატერში“ ჩავყაროთ საფუარი, დაახლოებით 1 ს/კ შაქარი, დავასხათ ცოტა რძე, ჯამს ჩაის ტილო გადავაფაროთ და 15 წუთი სითბოში გავაჩეროთ. მერე დავუმატოთ დანარჩენი შაქარი, რძე, კვერცხები, მარილი, კუბიკებად დაჭრილი კარაქი და ენერგიულად მოვზილოთ. წვრილად დავჭრათ ალუბლები, ლიმონის და ფორთოხლის ცუკატები და გადავურიოთ ქიშმიშში. მოვაყაროთ 1 ს/კ ფქვილი და მოვურიოთ, ისე რომ ხილი ფქვილში ამოიგანგლოს. დაფქვილული ცუკატები გადავურიოთ ცომში.
პანეტონეს თიხის ფორმა ან სრულიად ახალი საყვავილე თიხის ქოთანი გავრეცხოთ კარგად და გავაშროთ ბოლომდე. მერე ამოვაფინოთ პერგამენტის ქაღალდი, ისე რომ ქაღალდის სიმაღლე ქოთნის კიდეებზე 5 სმ-ით მაღალი იყოს (ცომი ძალიან გაიზრდება). პერგამენტის ქაღალდის ზედა მხარე კარგად დავამაგროთ ქაღალის საჭერებით (სკრეპებით), მერე დავცხიმოთ და ჩავდოთ ცომი. ფორმას ნუ გაავსებთ, გაითვალისწინეთ, რომ ცომი უნდა ამოვიდეს. პერგამენტის ნაცვლად შეგიძლიათ ალუინის ფოლგა გამოიყენოთ. ფორმებში განაწილებული ცომი ნახევარი საათით თბილ ადგილას გავაჩეროთ ამოსასვლელად. შემდეგ 200°C-მდე გახურებულ ღუმელში, სულ დაბალ იარუსზე შევდგათ დაახლოებით 1 საათით. სადღაც 30-45 წუთის შემდეგ, ნახევრადგამომცხვარ პანეტონეს თავზე გამდნარი კარაქი გადავუსვათ და ღუმელში შევაბრუნოთ. გავაცივოთ ფორმაშივე. პანეტონეს ერთი დღე აჩერებენ და გამოცხობიდან მეორე დღეს ჭრიან.
ვარიანტები:
შეგიძლიათ უკვე გამომცხვარი პანეტონი ჰორიზონტალურად ორ ნაწილად გაჭრათ და ნებისმიერი გულსართი წაუსვათ. მაგალითად, მოამზადეთ მოხარშული შესქელებული რძისა და კარაქის კრემი. მზა კრემი გაყავით ორ ნაწილად. ერთ ნაწილს მსხვილ სახეხზე გახეხილი შოკოლადი დაუმატეთ, მეორეს ძალიან წვრილად დაჭრილი სიროფში ჩადებული ჯანჯაფილი ან ფორთოხლის ცუკატები.
პანეტონის დესერტად მირთმევას თუ აპირებთ, მაშინ შეგიძლიათ შუაგული ამოჭრათ და ფორთოხლის კრემით დატენოთ. ფორთოხლის კრემისათვის: ¼ ლ ცხიმიანი ნაღები ათქვიფეთ კარგად. 2 ფორთოხლის წვენში გახსენით 4 ფირფიტა დამბალი ჟელატინი, დაუმატეთ 280 გრ დაკონსერვებული მანდარინის ლებნები და ეს ყველაფერი გადაურიეთ ათქვეფილ ნაღებში. როგორც კი კრემი შეკვრას დაიწყებს, ჩაასხით ამოღრუტნულ პანეტონეში და შედგით მაცივარში რამდენიმე საათით შესადედებლად. ფორთოხლის წვენის ნაცვლად შეგიძლიათ დაკონსერვებული ანანასის კომპოტის წვენი და მანდარინის ნაცვლად ანანასის კომპოტის რგოლები გამოიყენოთ (უმ ანანასს და მის ნატურალურ წვენს ნუ იხმართ, ჟელე არ შედედდება!).

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

0 კომენტარი.:

Post a Comment