Les Oeufs Jeanette – კვერცხი ჟანეტი

Approved by Natia Jinjolava


ვისაც ჩემსავით არ გიყვართ უბრალოდ მაგრად მოხარშული კვერცხი და აღდგომის დღეებში მთელ სახლში მიმოფანტული უმოწყალოდ დაჩეჩქვილი კვერცხის უაზროდ გადაყრა, ეს რეცეპტი  აუცილებლად გამოგადგებათ. მით უმეტეს, რომ ძალიან ადვილი გასაკეთებელი და ფრიად გემრიელიცაა. ცნობილი ფრანგი მზარეული ჟაკ პიპენის ( Jacques Pépin) საავტორო მოხარშული კვერცხის რეცეპტს სახელი „ჟანეტის კვერცხები“ ავტორის დედის საპატივცემულოდ ქვია და ჩვენთვის კარგად ნაცნობი დატენილი კვერცხის ცოტათი გაკეთილშობილებული ნაირსახეობა გახლავთ.

Les Oeufs Jeanette
6 მაგრად მოხარშული კვერცხი, 1 ს/კ დაჭყლეტილი ნიორი, 2 ს/კ წვრილად დაჭრილი ოხრახუშის ფოთლები, 2-3 ს/კ რძე, ¼ ჩ/კ ახალდაფქული პილპილი, ¼ ჩ/კ მარილი, 2 ს/კ ზეთი (სასურველია არაქისის)
სოუსისთვის: 2-3 ს/კ მორჩენილი კვერცხის სატენი (ზედა რეცეპტიდან), 4 ს/კ extra-virgin ზეითუნის ზეთი, 1 ს/კ დიჟონური მდოგვი, 1 ს/კ ძმარი, მარილი და ახალდაფქული პილპილი
კვერცხები ჩავალაგოთ ქვაბში, დავასხათ მდუღარე წყალი, შემოვდგათ ცეცხლზე და ვხარშოთ ძალიან დაბალ ცეცხლზე 9-10 წუთი. გადავწუროთ წყალი და კვერცხები ჩავყაროთ ყინულებიან ცივ წყალში (ცხელმა კვერცხმა ხარშვა რომ არ გააგრძელოს). გავაჩეროთ 15 წუთი. გაცივებული კვერცხები გავფცქვნათ, გავჭრათ შუაზე, ამოვაცალოთ გულები. გულები ჩავყაროთ ჯამში, დავუმატოთ ნიორი, ოხრახუში, რძე, მარილი, პილპილი და კარგად გადავურიოთ ერთმანეთში. მიღებული მასით დავტენოთ კვერცხის ნახევრები, ისე რომ ღრმული ამოვავსოთ და ზემოდან ზედმეტს ნუ დავატყეპებთ. 2-3 ს/კ სატენი გადავინახოთ. ტაფაზე დავასხათ ზეთი და კარგად გავახუროთ. გახურებულ ტაფაზე დავალაგოთ კვერცხები დატენილი მხარით ქვევით და დავბრაწოთ საშუალო ცეცხლზე დაახლოებთ 2-3 წუთი. სატენბი ოქროსფრად რომ დაიბრაწება, კვერცხები გადმოვალაგოთ თეფშზე.
სოუსისთვის სოუსის ყველა ინგრედიენტები ჩანგლით ან კოვზით ერთად გავთქვიფოთ პატარა ჯამში და მოვასხათ კვერცხებს. მივირთვათ ცხლად.



საუკეთესო სურვლებით, თქვენი მერი პოპინსი

0 კომენტარი.:

Post a Comment