8.4.12
ჯეიმი ოლივერის საშობაო ბომბა
Approved by
ალბათ იკითხავთ, რა დროს შობა და რა დროს საშობაო ტკბილეულიაო.
საქმე იმაშია, რომ საშობაო ბომბა, პანეტონესგან კეთდება, პანეტონე კი ჩვენი სააღდგომო
კულიჩის ანუ პასკის „ბიძაშვილია“. ამიტომ, აბსოლუტურად დროულად მიმაჩნია მისი გახსენება.
პასკა რომ მოგწყინდებათ, შეგიძლიათ მისი „გაუმჯობესებული“ ვარიანტი მიირთვათ.
საშბაო
ბომბა
ინგრედიენტები: 2 ყუთი 500 მლ-იანი საუკეთესო ხარისხის
ვანილის ნაყინი, 1 ცალი 1 კგ-იანი პანეტონი, 125 მლ „Vin Santo“ (იტალიური სადესერტო
ღვინო), 3 თავშედგმული ს/კ ჟოლოს ჯემი, 25 გრ გაფცქვნილი უმარილო ბუსტუღი (ფსტის კაკალი),
75 გრ კრაჭუნა ალუბლები გადაწურული, 40 გრ დაკარამელებული მანდარინი წვრილად დაჭრილი,
2 მანდარინი გაფცქვნილი, 200 გრ 70%-იანი შავი შოკოლადი დამტვრეული
ნაყინი საყინულედან გამოვიღოთ და ცოტა ხანი გავაჩეროთ,
რომ დარბილდეს. ავიღოთ ორი ლიტრის მოცულობის გუმბათის ფორმის ჯამი და ამოვაფინოთ სამ ფენად გაკეცილი გადასაჭრელი სამზარეულოს ცელოფანი. ავიღოთ პანეტონე და ბასრი დანით დავჭრათ 2 სმ-ის
სისქის ნაჭრებად და თითოეული ნაჭერი გავჭრად ორად. ცოტა პანეტონე გადაგვრჩება, მაგრამ
არაუშავს, მერე გამოვიყენებთ. ცელოფანჩაფენილი
ჯამის ფსკერზე და გვერდებზე დაახლოებით 6 ნაჭერი პანეტონე ამოვაფინოთ ერთ ფენად და ცოტა დავაწვეთ, ერთიანი ფენა რომ მივიღოთ. ბისკვიტი
ცოტაოდენი „ვინსანტოთი“ დავნამოთ და შემდეგ კოვზის ზურგით წავუსვათ შემთბარი ჟოლოს
ჯემი. 1 კოლოფი ნაყინი პანეტონეიან ჯამში ჩავაპირქვაოთ და კოვზით მოვასწოროთ. ზემოდან
მოვაყაროთ ბუსტუღი, კრაჭუნა ალუბლები, დაკარამელებული მანდარინები შეგიძლიათ ფორთოხლით შეცვალოთ) და ცოცხალი მანდარინები.
ხილის ზემოდან ნაყინის მეორე კოლოფი დავაპირქვავოთ და ისიც მოვასწოროთ. თან ვიჩქაროთ,
ნაყინი რომ არ გაგვიდნეს. დარჩენილი პანეტონის ნაჭრები ზემოდან დავაფინოთ. დავნამოთ
„ვინსანტოთი“. ცელოფანი რაც შეიძლება მჭიდროს გადავჭიმოთ ზემოდან და კარგად გამოვკრათ.
თავზე თეფში დავაფაროთ, ცოტა დავაწვეთ და რაიმე მძიმეც დავადოთ, კარგად რომ ჩაიტკეპნოს. მთელი ღამით საყინულეში
შევდგათ. ჭამის წინ საყინულედან გამოვიღოთ, ჯამიდან გადმოვაპირქვავოთ, ცელოფანი შემოვხსნათ,
ლამაზ ლანგარზე მოვათავსოთ, შოკოლადი წყლის აბაზანაზე გავადნოთ და ჩვენს გაყინულ „ბომბას“
ზემოდან მოვასხათ.
გემრიელად მიირთვით!
საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი
პოპინსი
0 კომენტარი.:
Post a Comment