7.6.12
კვერცხი ბენედიქტი
Approved by
ვისაც თოხლო კვერცხი გიყვართ, „ბენედიქტი“ მსოფლიოს ნებისმიერ პრესტიჟულ
რესტორანში შეგიძლიათ მოითხოვოთ (რასაკვირველია, თბილისის გარდა) თამამად და
აუცილებლად მოგართმევენ. და, მიუხედავად იმისა, რომ ჩვეულებრივი საუზმის რანგში გადის,
სხვა ცნობილი კერძებივით საკუთარი ისტორია მასაც აქვს.
როგორც ამბობენ, 1894 წელს ერთი ნიუ-იორკელი ბროკერი, ვინმე ლემუელ ბენედიქტი
მურტალ პახმელიაზე სახელგანთქმული სასტუმრო უოლდორფის რესტორანში შეეხეტა და „კარაქიანი
გახუხული პური, თოხლო კვერცხი და ლორი ჰოლანდიური
სოუსით“ შეუკვეთა. რესტორნის არანაკლებ სახელგანთქმულ და კულინარიული ტალანტით შემკობილ
მეტროდოტელ ოსკარ ტჩირკეს კერძი ინგრედიენტების ურთიერთშეხამება ისე მოეწონა, რომ სასწრაფოდ
რესტორნის მენიუში შეიტანა, ოღონდ გახუხული პური და ლორი ინგლისური ფუნთუშითა და ბეკონით
შეცვალა.
მეორე ვერსიით „ბენერდიქტი“ კვლავაც ნიუ-იორკის რესტორანი დელმონიკოს შეფ-მზარეულმა
მიართვა თავის მუდმივ კლიენტებს მისის და მისტერ ბენედიქტებს საუზმეზე. კულინარიის იტორიკოები
კი მას მაინც ფრანგული წარმოშობის კერძად თვლიან...
ერთი სიტყვით,
Eggs
Benedict - კვერცხი ბენედიქტი
8 ბეკონის ლენტი,
2 ს/კ წვრილად დაჭრილი ოხრახუში, 4 კვერცხი, 2ჩ/კ თეთრი ღვინის ძმარი, 2 ინგლისური ფუნთუშა,
კარაქი
ჰოლანდიური სოუსისთვის:
10 ს/კ კარაქი, 3 კვერცხის გული, 1 ს/კ ლიმონის წვენი, ½ ჩ/კ მარილი, 1 მწიკვი დაფქული
მწარე წიწაკა
დავიწყოთ ბეკონით: ტაფა გავახუროთ მაქსიმალურად და ბეკონის ლენტები საშუალო
ცეცხლზე დავბრაწოთ ორივე მხრიდან, სანამ არ გაოქროსფერდება და კრაწუნა არ გახდება
(დაახლოებით 10 წუთი). დაბრაწული ბეკონი ტაფიდან ქაღალდის ხელსახოცზე გადავალაგოთ
(ზედმეტი ცხიმი ქაღალდმა რომ შეიწოვოს). სანამ ბეკონი იბრაწება დიდ ქვაბში წყალი ავადუღოთ.
მდუღარე წყალში ჩავასხათ ძმარი და კიდევ ერთხელ წამოვადუღოთ. დავუწიოთ ცეცხლი წყალმა
ნელა რომ ითუხთუხოს.
კარაქი ავთქვიფოთ ბლენდერით ან მიქსერით, ათქვეფილ კარაქს დავუმატოთ კვერცხის გულები და ლიმონის წვენი და ½ ჩ/კ მარილი დაახლოებით ნახევარი წუთი ვთქვიფოთ, სანამ
კვერცხი გულები არ გათეთრდება. გაინჯეთ და საჭიროების შემთხვევაში მარილი და ლიმონის
წვენი დაუმატეთ. მზა სოუსი გადადგით გვერდზე.
მოვხარშოთ კვერცხი: კვერცხები სათითაოდ ჩავტეხოთ თურქული ყავის ჭიქაში და
სათითაოდ ფრთხილად ჩავასხათ მოთუხთუხე ძმრიან წყალში. როგორც კი ერთი კვერცხი შესქელებას
დაიწყებს, წყალში მეორის ჩაშვება შეგვიძლია. ოთხივე კვერცხს წყალში რომ ჩავუშვებთ,
ქვაბს თავსახური დავახუროთ, ცეცხლი გამოვრთოთ და დაახლოებით 4 წუთი გავაჩეროთ. კვერცხები
ამოვიღოთ ქაფქირით (თუ გამოვიცანით და ჩაშვების თანმიმდევრობით ამოვიღეთ კვერცხები, მთლად
გადასარევი - ოთხივე კვერცხი ერთნაირად მოხარშული იქნება). კვერცხი ხარშვის ხანრგრძლივობა
და მისი სიმაგრე, შეგიძლიათ თქვენი გემოვნებით განსაზღვროთ, იმისდა მიხედვით, რამდენად
მაგრად მოხარშული გული გიყვართ.
კვერცხებს წყალში ჩავუშვებთ თუ არა, ფუნთუშების მომზადება დავიწყოთ. ფუნთუშები
გავჭრათ შუაზე, წავუსვათ კარაქი და გაჭრილი მხრიდან გავხუხოთ მაგრად გახურებულ ტაფაზე.
თეფშზე დავდოთ ფუნთუშა, ზემოდან დავადოთ 2 ლენტი ბეკონი, თოხლო კვერცხი, მოვაყაროთ მარილი და პილპილი, მოვასხათ სოუსი და სულ ბოლოს თავზე მოვაყაროთ ოხრახუში.
მივირთვათ ცხლად.
საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი
0 კომენტარი.:
Post a Comment