Paris-Brest - შუს და ეკლერის უგემრიელესი ალტერნატივა

Approved by Natia Jinjolava


1891 წელს „პარზი-ბრესტი-პარიზი“ ველორბოლის საპატივცემულოდ ფრანგმა კონიტერებმა ველოსიპეტის ბორბლის ფორმის ნამცხვარი „პარიზი-ბრესტი“ (პარი-ბრესტი) შექმნეს შუს ცომის, პრალინეიანი კრემი მუსლინისა და ნუშის ფანტელებისგან. მაღალი კალორიულობისა და ნოყიერების წყალობით ნამცხვარმა მალე მოიპოვა პოპულარობა რბილის მონაწილეთა შორის, მოგვიანებით კი პარიზის განუყოფელ ნაწილად და მის ერთ-ერთ სიმბოლოდ იქცა.

Paris-Brest
შუს ცომი: 250 მლ წყალი, 200 გრ ფქვილი, 100 გრ კარაქი, მწიკვი მარილი, 4 კვერცხი
პრალინეს კრემისათვის: 8 კვერცხის გული, 250 გრ შაქარი, 250 გრ დარბილებული კარაქი, 120 გრ პრალინეს პასტა
მოსართავად: 100 გრ ნუშის ფანტელი, 50 გრ შაქრის პუდრა, 1 კვერცხის გული
საშუალო ზომის ქვაბში ჩავასხათ წყალი, კარაქი, მარილი და შემოვდგათ ცეცხლზე. წამოვადუღოთ. გადმოვდგათ ცეცხლიდან და ჩავყაროთ ფქვილი. ვურიოთ, სანამ ცომი ერთგვაროვან მასად არ იქცევა და ცომი ქვაბის კედლებიდან მოშორებას არ დაიწყებს. ცომი დავაბრუნოთ ცეცხლზე და ცოტა ხანი ვურიოთ, ცომი ზედმეტი სინოტივისგან რომ გამოვაშროთ. გადმოვდგათ ცეცხლიდან, სულ ოდნავ შევაგრილოთ და სათითაოდ (!) ჩავათქვიფოთ კვერცხები. სანამ ერთი კვერცხი ბოლომდე არ შეითქვიფება ცომში მეორეს ნუ დაუმატებთ. ცომი გადავიტანოთ საკონდიტრო ტომსიკაში და საცხობ ფირფიტაზე დავსვათ რგოლები. ოღონდ, ერთ რგოლს რომ დავსვამთ, ზემოდანვე ცომის ჯერ მეორე და მერე მესამე ფენა გადავატაროთ. თავზე ათქვეფილი კვერცხი გადავუსვათ, ნუშის ფანტელი მოვაყაროთ და შევდგათ 190°C-მდე გახურებულ ღუმელში 25-30 წუთით. გავაგრილოთ.
სქელძირიან ქვაბში მოვათავსოთ კრემისთვის გამზადებული შაქარი და სულ ცოტა წყალი, შემოვდგათ ცეცხლზე და მოვადუღოთ ოქროსფერი კარამელი (ვადუღოთ კარამელი, სანამ მისი ტემპერატურა 121°C-მდე არ მიაღწევს). კვერცხის გულები მიქსერით კარგად ავთქვიფოთ და ძალიან წვრილ ნაკადად ჩავათქვიფოთ ცხელი კარამელი. კვერცხის გულები აუცილებლად ოთახის ტემპერატურის უნდა იყოს, ამიტომ მაცივრიდან კრემის გაკეთებამდე 1 საათით ადრე მაინც გამოიღეთ. ვთქვიფოთ სანამ კარამელისგან გაცხელებული მასა არ გაგრილდება. მერე ჩავათქვიფოთ დარბილებული კარაქი. სულ ბოლოს გადავურიოთ პრალინეს პასტა.
პრალინეს პასტა გამზადებული სახით თბილისში არ იყიდება, მაგრამ მისი დამზადება საკმაოდ ადვილია: 50 გრ მოხალული და გაფცქვნილი თხილი და 50 გრ შაქარი დავყაროთ სქელძირიან ტაფაზე და შემოვდგათ საშუალო ცეცხლზე. ვურიოთ, კარამელი და თხილი რომ არ დაიწვას. კარამელი მუქი ყავისფერი რომ გახდება და თხილი კარგად ამოიგანგლება კარამელში, გადმოვდგათ ცეცხლიდან და გასაგრილებლად დავასხათ ცხიმწამულ ალუმინის ლანგარზე ან ფოლგაზე. რომ გაცივდება და გახმება, დავაბლენდეროთ, ან დავჩეჩქვოთ და რამდენჯერმე გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში. პრალინეს პასტა მზადაა.
ახლა ისევ პარიზ-ბრესტს მივუბრუნდეთ: გამომცხვარო რგოლები ჰორიზონტალურად შუაზე გავჭრათ. ქვედა ნაწილს წავუსვათ კრემის სქელ ფენად. ზემოდან მეორე ნაწილი დავახუროთ და შაქრის პუდრა მოვაყაროთ. მაცივარში შევდგათ და რამდენიმე საათი გავაჩეროთ, სანამ შევჭამთ.

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

0 კომენტარი.:

Post a Comment