ხურტკმელის ნამცხვარი

Approved by Natia Jinjolava


ხურტკმელი პირველად ძალიან ღრმა ბავშვობაში უკრაინაში ვნახე და სიმართლე გითხრათ, მის გემოზე მეტად ეგზოტიკურობის ხათრით ვერ გავძეხი ჭამით. და, მას შემდეგ, ყოველ ზაფხულს მოუთმენლად ველოდი, როდის აღმოვჩნდებოდი ჩვენი კარპატისპირელი ახლობლების ეზოში აგვისტოს ბოლოს (ცივი კლიმატის გამო, ყველაფერი გვიან მწიფდებოდა) საკუთარი ხელით დაკრეფილი ველური მარწყვი და ზემოხსენებული ხურტკმელი რომ მეგემა. ასე გრძელდებოდა საბჭოთა კავშირის დაშლამდე. ამ ბოლო დროს კი უკვე მერამდენედ დავინახე ხურტკმელი ჩვენს ბაზარშიც და გადავწყვიტე, რომ მისი ნამცხვრების ჯერიც დადგა. მით უმეტეს, რომ თავად ხილი - უმად, ბევრი ვერაფერია, აი, მისი კონფიტიური ან დესერტები კი მართლაც მშვენიერია.

ხურტკმელის ნამცხვარი ბეზეთი
375 გრ ფხვიერი ცომი (ან დაფშვენით 350 გრ უკვე მზა ფხვიერი პეჩენია და გადაზილეთ 50-75 გრ დარბილებულ კარაქთან), 75 გრ შაქარი, 400 გრ გადარჩეული (ფოჩვ და ყუნწდაცლილი) ხურტკმელი, 2 ს/კ ანწლის ნაყენი (შეგიძლიათ შეცვალოთ ლიქიორით ან კონიაკით), 2 ს/კ ფქვილი, 3 კვერცხის გული, 75 გრ ოთახი ტემპერატურის კარაქი
ბეზესათვის: 3 კვერცხის ცილა, 175 გრ შაქარი
ღუმელი გავახუროთ 180°C-მდე. 22 სმ დიამეტრის საცხობ ფორმაში ამოვაფინოთ ცომი და ვაცხოთ დაახლოებით 20 წუთი. თუ ჩემს მეთოდს მიმართავთ, ანუ მზა ცომზე უარს იტყვით და პეჩენიის დაფშვნას გადაწყვიტავთ, მაშინ პეჩენია და კარაქი ერთმანეთში კარგად გადაურიეთ და ერთგვაროვან მასას რომ მიიღებთ, ცომივით ამოაფინეთ ფორმაში, გაახვიეთ ცელოფანში და სანამ კრემს და ბეზე გაამზადებთ, მაცივარში შედგით. განსაკუთრებულად გემრიელი „ცომი“ გამოდის, „ნიკორას“ ლიმონის პეჩენიებისგან. კარაქის რაოდენობა კი პეჩენიის ცხიმიანობაზეა დამოკიდებული.
საშუალო ზომის ქვაბში მოვათავსოთ 75 გრ შაქარი (თუ ძალიან ტკბილი გიყვართ, შეგიძლიათ შაქარი დაამატოთ), ხურტკმელი და 275 მლ წყალი და ვადუღოთ 5 წუთი (ხურტკმელი სანამ არ დარბილდება). დავუმატოთ ანწლის ნაყენი. მოხარშული ხურტკმელისგან გადმოვწუროთ სითხე და ამ სითხეში გავხსნათ ფქვილი. გახნილი ფქვილი დავაბრუნოთ დაბალ ცეცხლზე და მორევა-მორევით წამოვადუღოთ, სანამ სითხე ფქვილიგან არ შესქელდება. მერე დავუმატოთ ერთად ათქვეფილი კვერცხის გულები და კარაქი და გადავურიოთ გადაწურულ ხურტკმელს. ხურტკმელის კრემი ჩავასხათ „ცომიან“ ტორტის ფორმაში.
დიდი ქვაბით ავადუღოთ წყალი, ზემოდან შემოვადგათ ჯამი, ისე რომ ჯამის ფსკერი მდუღარე წყალს არ ეხებოდეს. ჯამში მოვათავსოთ კვერცხის ცილები და შაქარი და ვთქვიფოთ წყლის აბაზანაზე დაახლოებით 10 წუთი. ათქვეფილი ბეზე ზემოდან გადავუსვათ ხურტკმელი კრემს და ნამცხვარი 150°C-მდე გახურებულ ღუმელში შევდგათ 40 წუთით, ან სანამ ბეზე ზემოდან არ დაიბრაწება.
გემრიელად მიირთვით!

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინი

0 კომენტარი.:

Post a Comment