კენკნკრის ტორტი გენუეზური ბისკვიტით ერიკ ლანლარდისაგან

Approved by Natia Jinjolava


ბრიტანელები თვლიან რომ, ერიკ ლანლარდმა ბრიტანულ კონდიტერიაში ნამდვილი გადატრიალება მოახდინა და დესერტი სრულიად ახალ სიმაღლეებამდე აიყვანა. მე არ ვიცი როგორი იყო ბრიტანული ნამცხვრები ლანლარდამდე, მაგრამ მისი კენკრის ტორტი, რომ ძალიან ადვილი დასამზადებელი, საკმაოდ მსუბუქი, ეფექტური და მართლაც უგემრიელესია - ფაქტია.


კენკრის ტორტი გენუეზური ბისკვიტით
ბისკვიტისათვის: 200 გრ ლერწმის შაქარი, 8 საშუალო ზომის კვერცხი, 250 გრ ფქვილი, 50 გრ კარაქი
მოსართავად: 500 მლ კარგად ათქვეფილი ცხიმიანი ნაღები, 2 ს/კ ვანილის შაქარი, კენკრის ნაკრები (მარწყვი, ჟოლო, წითელი მოცხარი, შავი მოცხარი...), შაქრის პუდრა

გავახუროთ ღუმელი 180°C-მდე. ორ ცალ 22 სმ დიამეტრის ფორმას წავუსვათ ცხიმი და მოვაყაროთ ფქვილი. კვერცხები და შაქარი ცეცხლგამძლე ჯამში მოვათავსოთ და ეს ჯამი მდუღარე წყლიან ქვაბზე შემოვდგათ და ორთქლის აბაზანაზე ვთქვიფოთ მიქსერით სანამ ათქვეფილი კვერცხი არ გაცხელდება. ჯამი გადმოვდგათ და თქვეფა გავაგრძელოთ დაახლოებით 10 წუთი. კვერცხის კრემი ზომაში ორჯერ უნდა გაიზარდოს. პატარა ჯამით კარაქი ცეცხლზე შემოვდგათ და გავადნოთ, თან ცოტათი გაოქროსფერება (სულ ოდნავ დაწვა) ვაცალოთ. გამდნარი კარაქი კვერცხის კრემში ჩავათქვიფოთ. კრემში ჩავაცრათ ფქვილიც და ფრთხილად გადავურიოთ კოვზით. მიღებული ცომი დაცხიმულ ფორმებში გავანაწილოთ და ღუმელში ორივე ფორმა ერთად შევდგათ 25-30 წუთით. ბისკვიტი გამოვიღოთ ღუმელიდან, 10 წუთი ფორმაში დავტოვოთ და მერე გადმოვიღოთ და საბოლოოდ გავაგრილოთ.
ასეთი ტორტი წინასწარ არ მზადდება, ამიტომ ზუსტად ჭამის წინ ავთქვიფოთ ნაღები ვანილის შაქართან ერთად. ზედმეტი თქვეფისგან ნაღები კარაქად იქცევა, ამიტომ მეტისმეტადაც ნუ იბეჯითებთ, როგორც კი ნაღები ფორმის შენარჩუნებას დაიწყებს, კრემი მზადაა. ბისკვიტებს თავზე ქერქი ავაჭრათ და ჰორიზონტალურად შუაზე გავჭრათ - 4 ფენა რომ გამოვიდეს. დავდოთ პირველი ფენა, წავუსვათ ნაღების კრემი და დავალაგოთ ბლომად ხილი (დიდი მარწყვები შუაზე გავჭრათ). ზევიდან მეორე ფენა ბისკვიტი დავადოთ და ოდნავ დავაწვეთ. წავუსვათ ნაღების კრემის ფენა. ამჯერად ხილი აღარ გვინდა. დავადოთ ბისკვიტის მესამე ფენა - წავუსვათ კრემი, მოვრთოთ ხილით. ახლა ბოლო ფენის ჯერიც დადგა. დავადოთ ხილს ზემოდან, წავუსვათ კრემი და ზემოდან მოვრთოთ ყველაზე ლამაზი ხილით. შეგიძლიათ მარწყვებს მწვანე ფოთლებიც კი დაუტოვოთ მეტი სილამაზისთვის. სულ ბოლოს ხილს ზემოდან შაქრის პუდრა მოვაყაროთ და გემრიელად მივირთავთ.



საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

0 კომენტარი.:

Post a Comment