კროკემბუში (Croquembouche) ანუ შუს „ნაძვის ხე“

Approved by Natia Jinjolava


კროკემბუში ანუ შუს „ნაძვის ხე“

ლაურა კოლდერი რეცეპტებიდან
(გამოდის დაახლოებით 16 ცალი)
შუებისთვის: 1 ½ ჭ წყალი, მწიკვი მარილი, ¾ ჭ კარაქი, 4 ს/კ შაქარი, 1 ½ ჭ ფქვილი, დაახლოებით  6 კვერცხი, 1 ½ ჩ/კ ვანილი, რძე შუებზე წასასმელად
კრემისათვის: 2 ჭ რძე, 1 ვანილის ჩხირი, 6 კვერცხის გული, ½ ჭ შაქარი, მწიკვი მარილი, 1/3 ჭ ფქვილი, ½ ჭ ცხიმიანი ნაღები ათქვეფილი
კარამელისთვის: 3 ჭ შაქარი, ½ ჭ წყალი

გავახუროთ ღუმელი 190°C-მდე. საშუალო ზომის სქელძირიან ქვაბში მოვათავსოთ წყალი, მარილი, კარაქი და შაქარი და საშუალო ცეცხლზე წამოვადუღოთ. გადმოვდგათ ცეცხლიდან, ჩავყაროთ ფქვილი და ვურიოთ სანამ ერთგვაროვან მასას არ მივიღებთ. ცომი ქვაბის კედლებიდან მოშორება რომ დაიწყებს, ისევ დაბალ ცეცხლზე დავაბრუნოთ და ცოტა ხანი ვურიოთ, ცომი გამოვაშროთ. ასე კვერცხს უკეთესად შეითქვეფს. ქვაბი ცეცხლიდან გადმოვდგათ, სულ ოდნავ შევაგრილოთ და კვერცხები სათითაოდ ჩავათქვიფოთ, თან სწრაფად ვურიოთ ცხელი ცომიგან კვერცხი რომ არ მოგვეხარშოს. სანამ ცომი ერთ კვერცხს კარგად არ შეიწოვს, მეორეს ნუ ჩაახლით, თორემ ცომი გაგიფუჭდებათ. მეოთხე კვერცხის მერე კარგად დააკვირდით, ცომი მძიმე და პრიალა თუ გახდა, მეტ კვერცხს ნუღარ დაუმატებთ. მზა ცომში გადაურიეთ ვანილი. ცომი საკონდიტრო ტომსიკაში გადავიტანოთ და საცხობ ფირფიტაზე ერთმანეთისგან მოშორებით (ცხობაში შუ ზომაში იმატებს) დავსვათ პატარა ბურთები. კვერცხი თუ მოგვრჩა, ჩავათქვიფოთ რძეში და შუებს თავზე გადავუსვათ. შევდგათ ღუმელში და ვაცხოთ დაახლოებით 25-30 წუთი. გავაგრილოთ.
სანამ პროფიტროლები ცხვება მოვამზადოთ კრემი: რძე ჩავასხათ ქვაბში. ვანილის ჩხირი შუაზე გავჭრათ და თესლი გამოვფხიკოთ დანის წვერით. ვანილი ჩავყაროთ რძეში, შემოვდგათ ცეცხლზე და მივიყვანოთ დუღილამდე. გადმოვდგათ ცეცხლიდან, თავსახური დავაფაროთ და დავტოვოთ 10-15 წუთით. ცალკე ჯამში კარგად ავთქვიფოთ შაქარი და კვერცხის გულები, ჩავათქვიფოთ ფქვილიც. ათქვეფილ კვერცხში წვრილ ნაკადად ჩავათქვიფოთ თბილი რძეც. შემოვდგათ ცეცხლზე და ვურიოთ სანამ არ შესქელდება. არ აგიდუღდეთ, თორემ კვერცხი მოიხარშება და კრემს ერბოკვერცხის სუნი აუვა. კრემი რომ გაცივდება, ფრთხილად გადავურიოთ ათქვფილი ნაღები. კრემი ჩავასხათ წვეტიანი თავის მქონე საკონდიტრო ტომსიკაში და ქვედა მხრიდან დავტენოთ შუები
სქელძირიანი ქვაბით შემოვდგათ შაქარი და წყალი ცეცხლზე და მოვადუღოთ სქელი კარამელი. ჩანგლზე წამოცმული შუები ფრთხილად ამოვავლოთ ცხელ კარამელში და კამარემელისვე მეშვეობით მივაწებოთ კონუსის ფორმის ცხიმწასმულ კროკენბუშის შაბლონზე (რომლის დამზადებაც თავად შეგიძლიათ კარდონისგან, ოღონს ან ცელოფანი ან ალუმინის ფოლგა გადააკარით, კარამელმა ქაღალდი რომ არ აიკრას. ზოგი ამ მიზნისთვის გადაბრუნებულ ყვავილის ქოთანსაც იყენებს,). უკვე აწყობილ „ხეს“ მორჩენილი კარამელი გადავასხათ და ცოტა ხანი გავაჩეროთ, მერე კი, რასაკვირველია, მივირთვათ.



საუკეთესო ურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

0 კომენტარი.:

Post a Comment