ფრანგული საკონდიტრო ხელოვნების კიდევ ერთი შედევრი - La Religieuse

Approved by Natia Jinjolava


ჩვენთვის ასე კარგად ნაცნობი შუს ჩვენთვის უჩვეულო ნაირახეობის გასინჯვა პარიზის ერთ-ერთ უძველეს და უპოპულარულეს საკონდიტრო Ladureé-ში შეგიძლიათ. მიუხედავად იმია, რომ La Religiouse-ს სხვადასხვა ფერის სარკალათი ამზადებენ და მისი შოკოლადიანი ვარიანტიც კი არებობს, ამბობენ, რომ სახელი მისი წითელი ვერსიის გამო დაარქვეს. თურმე, ვიღაცამ თეთრი კრემის „საყელოთი“ გაფორმებული წითელ სარკალა მოსხმული შუ კარდინალის სამოსს მიამსგავსა. Ladureé-ს რეცეპტი ნამდვილად არ მაქვს, მაგრამ დღეს, ცნობილი კონდიტერი ერიკ ლანლარდის ვარდის არომატიანი La Religiouse-ს რეცეპტს შემოგთავაზებთ. თუ ჩემსავით არ გიყვართ კულინარიაში ვარდის არომატი, თამამად შეცვალეთ - ყავით, ნუშით,  ვანილით და თუნდაც, ლავანდით...

La Religiouse
შუს ცომისთვის: 100 გრ კარაქი, 260 მლ რძე, 120 გრ ფქვილი, 4 კვერცხი
ვარდის კრემისთვის: 1 კვერცხი, 50 გრ ვანილიანი შაქარი, 2 ს/კ სიმინდის ფქვილი, 300 მლ რძე, 30 გრ კარაქი, ვარდის ესენცია და ვარდისფერი საღებავი
სარკალასთვის: 200 გრ შაქრის პუდრა, 1 ს/კ ლიმონი წვენი, 2 წვეთი ვარდისფერი საღებავი, 1 წვეთი ვარდის ესენცია, ვარდის ფურცლები მოსართავად
გავახუროთ ღუმელი 180°C-მდე.პატარა ქვაბში მოვათავსოთ რძე და კარაქი და დაბალ ცეცხლზე შემოვდგათ. კარაქი რომ გადნება, ქვაბი ცეცხლიდან გადმოვდგათ და ჩავათქვიფოთ ფქვილი. როგორც კი ფქვილი მთლიანად გაიხსნება, ცომი ერთგვაროვანი გახდება და ქვაბი კედლებიდან მოშორებას დაიწყებს, დავაბრუნოთ ცეცხლზე და ცოტა ხანი ვურიოთ, ცომი ზედმეტი სინოტივისაგან გამოვაშროთ (დაახლოებით 5 წუთი). გადმოვდგათ ცეცხლიდან, ცოტა შევაგრილოთ და თითო-თითოდ ჩავათქვიფოთ კვერცხები. სანამ ერთი კვერცხი კარგად არ გაიხსნება ცომში, მეორეს ნუ დაუმატებთ! შუს ცომი საკონდიტრო ტომსიკაში გადავიტანოთ. 
საცხობ ფირფიტაზე დავაფინოთ პერგამენტი და ერთმანეთისგან მოშორებით დავსვათ თანაბარი ოდენობის პატარა და დიდი ზომის ბურთები. შევდგათ ღუმელში 25-30 წუთით, სანამ შუები მოყავისფრო ოქროსფრად არ დაიბრაწებიან. გავაგრილოთ.
კრემისათვის კვერცხი, შაქარი და სიმინდის ფქვილი ერთმანეთში გავთქვიფოთ, სანამ კვერცხი არ გათეთრდება. ცალკე ქვაბით წამოვადუღოთ რძე, გადმოვდგათ ცეცხლიდან და წვრილ ნაკადად ჩავათქვიფოთ ათქვეფილ კვერცხს და შაქარს. მასა დავაბრუნოთ რძის ქვაბში და შემოვდგათ ცეცხლზე. მორევა-მორევით 2 წუთის განმავლობაში ვხარშოთ და რომ შესქელდება, გადმოვდგათ ცეცხლიდან. ცხელშივე დავუმატოთ კარაქი. შევდგათ მაცივარში. რომ გაცივდება, გადავურიოთ ცოტაოდენი ვარდის ესენცია და ვარდისფერი საღებავი. დანის მეშვეობოთ დიდ და პატარა შუებში ქვევიდან გავაკეთოთ ხვრელი და დავტენოთ ვარდის კრემით.
შაქრის პუდრა და ლიმონის წვენი გავქნათ ჩანგლით, დავუმატოთ რამდენიმე წვეთი ვარდის ესენცია და საღებავი (თუკი ასეთს თბილისში სადმე ნახავთ, შეგიძლიათ გამოყენოთ მზა სარკალა) და გადავუსვათ დიდ და პატარა შუებს. მერე პატარა შუები ზემოდან შემოვადგათ დიდ შუებს, მათი გადაბმის ადგილი კი მოვრთოთ კრემით. ზემოდან ვარდის ფურცლით გავაფორმოთ.

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

0 კომენტარი.:

Post a Comment