23.6.12
ეკლერები ყავის კრემით
Approved by
ეკლერები ყავის კრემით
ლაურა კოლდერის რეცეპტებიდან
(გამოდის დაახლოებით 16 ცალი)
ეკლერებისათვის: 1 ½ ჭ წყალი, მწიკვი მარილი, ¾ ჭ კარაქი,
4 ს/კ შაქარი, 1 ½ ჭ ფქვილი, დაახლოებით 6
კვერცხი, 1 ½ ჩ/კ ვანილი, რძე ეკლერებზე წასასმელად
კრემისათვის: 2 ჭ რძე, 1 ვანილის ჩხირი, 6 კვერცხის
გული, ½ ჭ შაქარი, მწიკვი მარილი, 1/3 ჭ ფქვილი, ½ ჭ ცხიმიანი ნაღები ათქვეფილი, რამდენიმე
წვეთი ყავის ესენცია
ყავის სარკალა: 1 ½ ჭ შაქრის პუდრა, 4 ს/კ წყალი, ½
ჩ/კ ყავის ესენცია
გავახუროთ ღუმელი 190°C-მდე. საშუალო ზომის სქელძირიან
ქვაბში მოვათავსოთ წყალი, მარილი, კარაქი და შაქარი და საშუალო ცეცხლზე წამოვადუღოთ.
გადმოვდგათ ცეცხლიდან, ჩავყაროთ ფქვილი და ვურიოთ სანამ ერთგვაროვან მასა არ მივიღებთ.
ცომი ქვაბის კედლებიდან მოშორებას რომ დაიწყებს, ისევ დაბალ ცეცხლზე დავაბრუნოთ და ცოტა
ხანი ვურიოთ, ცომი გამოვაშროთ. ასე კვერცხს უკეთესად შეითქვეფს. ქვაბი ცეცხლიდან გადმოვდგათ, ცომი სულ ოდნავ შევაგრილოთ და კვერცხები სათითაოდ ჩავათქვიფოთ, თან სწრაფად ვურიოთ ცხელი ცომისგან კვერცხი რომ
არ მოგვეხარშოს. სანამ ცომი ერთ კვერცხს კარგად არ შეიწოვს, მეორეს ნუ ჩაახლით, თორემ
ცომი გაგიფუჭდებათ. მეოთხე კვერცხის მერე კარგად დააკვირდით, ცომი მძიმე და პრიალა
თუ გახდა, მეტ კვერცხს ნუღარ დაუმატებთ. მზა ცომში გადაურიეთ ვანილი. ცომი საკონდიტრო
ტომსიკაში გადავიტანოთ და საცხობ ფირფიტაზე ერთმანეთისგან მოშორებით (ცხობისას ეკლერი
ზომაში იმატებს) დავსვათ დაახლოებით 5 სმ-ის სიგრძის ჩხირები. კვერცხი თუ მოგვრჩა, ჩავათქვიფოთ
რძეში და შუებს თავზე გადავუსვათ. შევდგათ ღუმელში და ვაცხოთ დაახლოებით 25-30 წუთი.
გავაგრილოთ.
სანამ ეკლერები ცხვება მოვამზადოთ კრემი: რძე ჩავასხათ
ქვაბში. ვანილის ჩხირი შუაზე გავჭრათ და თესლი გამოვფხიკოთ დანის წვერით. ვანილი ჩავყაროთ
რძეში, შემოვდგათ ცეცხლზე და მივიყვანოთ დუღილამდე. გადმოვდგათ ცეცხლიდან, თავსახური
დავაფაროთ და დავტოვოთ 10-15 წუთით. ცალკე ჯამში კარგად ავთქვიფოთ შაქარი და კვერცხის
გულები, ჩავათქვიფოთ ფქვილიც. ათქვეფილ კვერცხში წვრილ ნაკადად ჩავათქვიფოთ თბილი რძეც.
შემოვდგათ ცეცხლზე და ვურიოთ სანამ არ შესქელდება. არ აგიდუღდეთ, თორემ კვერცხი მოიხარშება
და კრემს ერბოკვერცხის სუნი აუვა. კრემი რომ გაცივდება, ფრთხილად გადავურიოთ ათქვეფილი
ნაღები და ყავის ესენცია. კრემი ჩავასხათ საკონდიტრო ტომსიკაში.
სარკალასთვის პატარა ჯამში ჩავყაროთ შაქრის პუდრა, დავუმატოთ
წყალი და ყავის ესენცია და გავქნათ კოვზის ზურგით ან ჩანგლით. საჭიროები შემთხვევაში
დავუმატოთ წყალი. ეკლერები გავჭრათ შუაზე, ქვედა ნაწილს გადავუსვათ კრემი, ზედა ნაწილი
კი ამოვავლოთ სარკალაში და კრემიან ნაწილს დავახუროთ თავზე, მერე კი მივირთვათ.
საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი
პოპინსი
0 კომენტარი.:
Post a Comment