16.6.12
კენკრის ტორტი
Approved by
ჩემი ოჯახის წევრების უემეტესობის დაბადების დღეები მაისი-ივნისს ემთხვევა. ამ დროს ტრადიციულად ცხელა და სირთულეს წარმოადგენს
არა მხოლოდ სამზადისის იმავე დღეს ორგანიზება, არამედ ყოველივეს რამდენიმე ხნით სუფრაზე
დადება-გაჩერება, კერძის ამჟავების საშიშროების გარეშე. როგორც წესი, ყველაზე „კაპრიზული“ კრემიანი
ნამცხვრებია. ამიტომ, ზედმეტი ხლაფორთისა და უსიამოვნოების თავიდან ასაცილებლად შევეცადე შემერჩია ტორტისთვის
კრემის ისეთი ნაირსახეობა, რომელიც ცოტა ხნით უყურადღებობას გადასარევად უძლებს.
კრემი „საბაიონი“
ორიგინალ რეცეპტში კრემში
მხოლოდ გულები გამოდგება, პრაქტიკამ გვიჩვენა, რომ მთლიანი კვერცხიც გადასარევად ითქვიფება
და ცვლილებას მანიაკი-გურმანის გარდა ვერავინ შეატყობს. პროპორცია შემდეგია: 1 კვერცხზე
- 2 ს.კ. შაქარი, 10 კვერცხიან 3 ფენად გაჭრილ ბისკვიტს გვერდების მორთვის გარეშე,
ფენების მოსაკრემად, 3-4 კვერცხის საბაიონი
სავსებით ყოფნის. მაგრამ, გაითვალისწინეთ, რომ კრემი ნაზი გამოდის და ფორმას არ იჭერს,
ამიტომ მოსართავად მაინცდამაინც არ გამოდგება.
კვერცხი ჩაახალეთ
მაღალკედლიან არაალუმინის ჯამში ან ქვაბში, დაუმატეთ შაქარი და ასათქვეფად ორთქლის
აბაზანაზე შემოდგით (კვერცხიანი ქვაბი მეორე უფრო ფართე ადუღებულ წყლიან ქვაბში ჩადგით,
ისე რომ კვერცხიანი ჯამის ფკერი მდუღარე წყალს არ ეხებოდეს), ჩართეთ მიქსერი (ხელით
საკმაოდ მძიმე ჩასატარებელი პროცედურაა) და თქვიფეთ, სანამ კვერცხი ზომაში 3-4- ჯერ
არ მოიმატებს და შესქელებულ მასას მიქსერის კვალი მკვეთრად არ დააჩნდება. გადმოდგით ცეცხლიდან, ჩადგით ცივწყლიან
ჯამში და განაგრძეთ თქვეფა მასის გაცივებამდე. ბოლოს ვანილი და კონიაკი ან ლიქიორი
დაუმატეთ გემოვნებით (1-2 ჩ. კოვზი).
200-250 გრ კარაქი კარგად ათქვიფეთ, დაუმატეთ უკვე ათქვეფილი საბაიონის
კრემი (კარაქიც და კრემიც ერთი ტემპერატურის უნდა იყოს, რომ არ „აიჭრას“). კრემი მზადაა.
ტორტის მოსართავი
კრემ-სუფლე „მოხარშული ბეზე“
ეს რეცეპტი ბლოგზე
უკვე რამდენჯერმე დაიდო, მე მხოლოდ შეგახსენებთ:
ბეზეს დასჭირდება 4 კვერცხის ცილა, 300 გრ
შაქარი, მაღალკედლიანი ქვაბი ან ჯამი, რომელიც მეორე წყლიან ქვაბში ჩაიდგმება, დაელოდებით
წყლის ადუღებას და ცილის თქვეფას შაქართან ერთად შეუდგებით. უაბაზანო ვარიანტისგან
განსხვავებით, აქ ცალკე ცილის ამოყვანა არ არის საჭირო, 3-4-ჯერ ზომაში მომატებული,
პრიალა რომ გახდდება, გადმოდგით და სანამ ბოლომდე გაცივებულა დაიწყეთ მორთვა. ამ მასით
ირთვება ტორტი ზემოდან, მას კარგად უკავია „ფორმა“ და ნებისმიერი ტიპის მორთვა-მოკაზმვას
ექვემდებარება.
ბისკვიტის რეცეპტი
ძალზე ტრადიციულია:
10 კვერცხიანი
კონკრეტულ შემთხვევაში, ზომის შეცვლის მსურველებისთვის კი პროპორცია შემდეგია: 1 კვერცხზე
(ცილა ცალკე ათქვეფილი, გული ცალკე) 1 სუფრის კოვზი შაქარი და 1 სუფრის კოვზი ფქვილი.
ცილა ცალკე ავთქვიფოთ
მყარ ქაფამდე (ჯამის ოდნავ გადმობრუნებისას არაფერი არ უნდა იღვრებოდეს), დაუმატეთ
კოვზ-კოვზ შაქარი, მწიკვი (სულ ცოტა) მარილი,
თითო-თითოდ გულები და მიქსერის ძალიან დაბალ სიჩქარეზე ან როგორც გვირჩევენ შეფები,
სულაც ხის კოვზით ნელა გადაურიეთ კოვზ-კოვზ ფქვილი, ზედმეტი მორევაც არ ღირს, ცომმა
შეიძლება სიფაფუკე დაკარგოს და გამოცხობისას ისე აღარ „ამოვიდეს“. დაუმატეთ ვანილინი
და ცხიმწასმულ და ფქვილმოყრილ ფორმაში ჩაასხით. ჩადგით უკვე გახურებულ ღუმელში და
45-50 წუთი დაბალ ცეცხლზე აცხვეთ. შეამოწმეთ
ხის ჩხირის ან ასანთის ჩარჭობით. ჩხირი მშრალი უნდა იყოს. შემდეგ გამორთეთ ღუმელი და
15-20 წუთი არ ამოიღოთ. ოდნავ შეციებული გადმოიღეთ ფორმიდან და გააცივეთ. გაცივებული
ბისკვიტი ჰორიზონტალურად გაჭერით რამდენიმე ფენად.
ბისკვიტი თავის
თავად მშრალია და მას სიროფით ვნამავთ. 1 ჭიქა წყალში ჩაყარეთ ½-3/4 ჭიქა შაქრის ფხვნილი,
მიიყვანეთ ადუღებამდე, ადუღეთ 2-3 წუთი, დაუმატეთ ალკოჰოლი გემოვნებით და გადმოდგით
გასაცივებლად. უკვე ცივ სიროფში შეგიძლიათ დაუმატოთ შაქარმოყრილი მარწყვის, ალუბლის
და ა.შ. ცოცხალი წვენი.
კარგად დანამედ
ბისკვიტის ყოველი ფენა, ბლომად გადაუსვით საბაიონის კრემი და ყოველ ფენაზე დაალაგეთ
საყვარელი ხილი (ხილი უნდა ფარავდეს მთელ ფენას), დაადეთ ბისკვიტის შემდეგი რგოლი,
მოაყარეთ ხილი. ზედა რგოლს ზემოდან კრემი აღარ წაუსვათ და პირდაპირ მოხარშული ბეზეთი
მორთეთ. (არანაკლებ ლამაზად ჩანგლის მეშვეობით ტორტის გვერდების გაზოლვა გამოიყურება,
რასაც მოფერებით „დაჩანგლვა“ შევარქვით.) ბისკვიტს ყველა მხრიდან ბლომად კენკრა მოაყარეთ.
შედგით მაცივარში და ცოტა ხანში მიიღებთ იმას, რასაც ზაფხულის ცხელ დღეებში ბევრი ნატრულობს:
- „ახლა ჩაციებული ხილის ტორტის ნაჭერი მაჭამა!“
საუკეთესო სურვილებით, თქვენი იუფიმია
ენდრიუსი
0 კომენტარი.:
Post a Comment