შორეული იაპონიის ხიბლი ქართულად

Approved by Natia Jinjolava


ამას წინათ, რომელიღაც პოპულარულ კულინარიულ ჟურნალში გადავაწყდი სტატიას თემაზე: ყველაზე გავრცელებული შეცდომები რესტორნებში, რომლის შემდეგაც კლიენტები აღარ ბრუნდებიან. საზკვების ობიექტის მომაკვდინებელი ცოდვების ჩამონათვალი დაახლოებით ასე გამოიყურებოდა:
პირველი და ყველაზე მთავარი დანაშაული - თმა საჭმელში.
მეორე - ერთმანეთთან ძალიან ახლოს დადგმული მაგიდები, როცა მშვიდი და პრივატული საუბარი პრაქტიკულად შეუძლებელია.
მესამე - ზედმეტი მარილი ან მარილის ნაკლებობა საჭმელში.
მესამე - უგერგილო ან უხეში მომსახურება.
მეოთხე - ბინძური საპირფარეშო.
მეხუთე - დაგვიანებულად მოტანილი ან ცივი საჭმელი...
ამ ჩამონათვალის წაკითხვის შემდეგ ჩემი და თქვენი თავიც ძალიან შემეცოდა. ამათგან ერთს მაინც რომ ვაქცევდეთ ყურადღებას, ქართული რესტორნების 95% ცარიელი იქნებოდა. მართლა მაინცდამაინც თმა თუ არ ჩაგვიგდეს საჭმელში, ოფიციანტის უჟმურ სახეს, უხეშ საუბარს, მეათასეჯერ გათბობისგან გახრიგინებულ ხორცს ან მიკროტალღურ ღუმელში შემთბარ და შიგნით ჯერ კიდევ ცივ და ხშირად უმ განაყინ კიევურ კატლეტზე ხმას ვინ იღებს? აღარ ვლაპარაკობ იმაზე, ყველაზე პრესტიჟული რესტორნების საპირფარეშოებიც კი რომ ძალიან შორსაა ჰიგიენის ელემენტარული სტანდარტებისგან.
ორიოდე დღის წინ რომანტიული საღამოს მოწყობა განვიზრახეთ და მანამდე შეთვალიერებულ-მოწონებულ იაპონური სამზარეულოს რესტორანს, „კიოტოს“ მივაშურეთ. პირველად „კიოტოში“ გაგანია სამუშაო კვირის სამუშაო საათებში მოვხვდით საქმიან შეხვედრაზე და ცარიელი რესტორნის სასიამოვნო გარემომ ძალიან კარგი შთაბეჭდილება დამიტოვა და თან როგორც ჩანს, საქმის და დიალოგის დეტალებს მეტ ყურადღებას ვაქცევდი, ვიდრე დანარჩენს. ამჯერად, შაბათ საღამოს წინასწარ დარეზერვებული ცარიელი მაგიდებით სავსე ერთ ბეწო რესტორანში შესაღწევად ლამის პროტექცია დაგვჭირდა. ხახამშრალებს უკან გაბრუნებამ რომ არ მოგვიწია ამ ფაქტითაც ფრიად კმაყოფილები, ჩვენზე ცოტა ადრე მოსულ სრულიად უცნობ წყვილთან ერთად შევეკვეტეთ 12 კვადრატულ მეტრში სკოლის მერხებივით ერთმანეთზე მიჭუჭკნულ ხუთ მაგიდას შორის და ლამის პალტოების ერთადერთ საკიდზეც ჩხუბი მოგვივიდა. ისევ ჩემმა მშვიდობისმოყვარულობამ იმარჯვა და საკუთარი ჩანთისა და კურტკის სკამზე ჩამოკიდებამ მომიწია.
აი, ამ პაწაწუნა სივრცეში, თუ დააკვირდებით,
ნახავთ, რომ 5 მაგიდა დგას, თითო
მინიმუმ 3 კაცზე
მიუხედავად იმისა, რომ სავარძლებიც სასიამოვნოა და იქაურობაც საკმაოდ ნეიტრალურად და გემოვნებითაა მოწყობილი, „კიოტოშო“ თუ მიხვალთ, შეეგუეთ, რომ მეტისმეტი სივიწროვის გამო, თქვენს თანამგზავრებთან ერთად მარტო ერთი წუთითაც ვერ დარჩებით. ნებით თუ უნებლიეთ, სხვისი საუბრის ყველა დეტალს მოისმენთ და მათ თითო ლუკმაში ჩაყოფთ ცხვირს. ის კი არა და ხელს ცოტა ზედმეტათ თუ გაშლით, თქვენს გვერდით მაგიდასთან მჯდომებს, სახეში თქვენი სილა თუ არა, ფერდში იდაყვის მუჯლუგუნი ნამდვილად არ აცდება. განმარტოვება და მშვიდი საღამოს გატარება გამორიცხულია. თუმცა, ნამდვილად გაერთობით ხის ჩხირებით ჭამისას ვინ როგორ წვალობს და ჯახირობს - ყურებით. სხვათა შორის, ჩხირების ხმარება თუ არ გეხერხებათ ან გეზარებათ, თამამად მოითხოვეთ ჩანგალი, მერწმუნეთ ეს სირცხვილი არაა.
საჭმელს რაც შეეხევა - ვისაც მსგავის სამზარეულო გიყვართ, მისვლა ღირს. სუში კარგი და გმერიელი აქვთ. თუმცა, ისევე როგორცნე ბისმიერ თბილისურ რესტორანში,  უნდა შეეგუოთ იმას, რომ ხარისხიანის ნაცვლად განაყინ თევზს და ზღვის პროდუქტებს მიირთმევთ, ოღონდ ათი წუთის წინ დანაჭერის ფასად. სოიოს სოუსი მთლად ყველაზე ხარისხიანი ვერ აქვთ - მაგრამ ყველაზე ცუდიც არაა. აი, უგემრიელეს ტომ-იუმ სუპს რაც შეეხება, შესანიშნავი იქნებოდა, კვლავაც თბილისური სიხარებე რომ არ ძლევდეს მზარეულს და არაჩვეულებრივ ბულიონში გაყინული ქათმის ფილეს გამომშრალ, გამოფიტულ და გაქვავებულ ნაჭრებს რომ არ ყრიდეს. გეფიცებით, მათი დაღეჭვა შეუძლებელია, უნდა გადაყლაპო. ალბათ მეათასეჯერ გავიმეორებ, რომ არცერთი მეტ-ნაკლებად პრეტენზიის მქონე რესტორნის შეფი არ მისცემს თავის თავს ნებას, მწვანე ბარდის და ფენოვანი ცომის გარდა რამე გაყინული იხმაროს. კაი, ბატონო, სხვანაირი ზღის პროდუქტები საქართველოში არ შემოდის, მაგრამ ეს ქათამი მაინც ხომ გვყავს? აღარ ვლაპარაკობ იმაზე, რომ 150 მლ სბულიონში ჩაგდებულ ამერიკის პრერიებში მზეზე გამოკიდებული ბიზონის ხორცივით გამომშრალი და ვინ იცის როდის დაკლული ქათმის გუმლერდის ფილის მეოთხედს მთლიანი ფასკუნჯის ხორცის ტარიფით აფასებენ. თანაც, ტომ იუმი სახელგანთქმული ტაილანდური სუპია და მას იაპონურ სამზარეულოსთან არაფერი ესაქმება. კი აწერია მენიუს იაპინური ფიუჟენიო, მაგრამ "ფიუჟენი" ორი სხვადასხვა ქვეყნი სამზარეულო ტრადიციების ნარევს ნიშნავს და არა მთელი მსოფლიოსას (ამას დომხალი ქვია). 
„კიოტოში“ ყოფნის ნათელ მომენტებში ჩემთვის ჯანჯაფილის მარინადი და ტრაპეზის დაწყებამდე ხელის გასაწმენდად მორთმეული თბილი პირსახოცი შევიდა. კიდევ, აღმოვაჩინე, რომ ჩვენს ოფიციანტებს დამტვრეული, მაგრამ ცოტა რუსულიც უსწავლიათ. მეზობელ მაგიდებთან, რატომღაც ყველა რუსულენოვანი მოვიდა. როგორც უკვე გიყვებოდით, ისეთი სივიწროვე იყო, გვერდით რომ ლაპარაკს იწყებდნენ, შანსი არ იყო შენ არ გაჩერებულიყავი. ამიტომ ვინ რა შეუკვეთა - სულ ზეპირად ვიცი.
„კიოტოს“ სივიწროვის კიდევ ერთი შედეგი - იქვე მაგიდებთან, პატარა კარადებში ერთ თაროზე მხარდამხარ ულაგიათ თავღია საშაქრეში შაქარი, მარილი, სოიოს სოუსი, გამოსაცვლელი თეფშები, ჩაის ჭიქები, ავეჯის საწმენდი ქიმიკატები და უკვე ნახმარი ავეჯის საწმენდი ტილო... ეს უკანასკნელები კი ყოველი კლიენტის წასვლის მერე გამოაქვთ, შენს და შენი საჭმლის თავზე გაფრქვევენ, თავზევე გაფერთხავენ და ქიმიკატების ნაზ სურნელსაც აყენებენ ირგვლივ.
იქაურ საპირფარეშოში არ ვყოფილვარ და რა ხდება არ ვიცი. რა საპირფარეშო? ხომ გეუბნებოდით, რომანტიული საღამოს გატარება გვიდოდა-თქო, მაგრამ ვერ მოგვართვეს, სასწრაფოდ ვჭაემეთ და გამოვიქეცით. მოდუნების, რბილი ბალიშებით უხვადმოფენილ ტახტზე და სავარძლებზე მოსვენების საშუალება არაა. უცხო ხალხს ლამის კალთაში უზიხარ და იმათაც ერთი სული აქვთ და შენც, როდის გადაყლაპავ საჭმელს და გაიქცევი. შირმით განცალკებული ერთადერთი მაგიდისთვის ბრძოლაში რამდენიმე ოჯახს სისხლი არ დაუღვრია, მაგრამ ფული ბლომად დახარჯეს და ბუნებრივია, ყველაზე ხელგაშლილმა გაიმარჯვა. ჯერ ერთი შეუშვეს, მაგრამ მეორემ მეტი რომ შეუკვეთა, ისინი გარეთ გამოაბუნძულეს და ამათ დაუთმეს.
ჩვენ სახლში დავბრუნდით, ისევ საკუთარ ტახტზე, საკუთარ ტელევიზორთან მოვიკალათეთ, ლაპტოპები მოვიმარჯვეთ. 1 საათის წინ ნაჭამი სუპის რეცეპტი მოვიძიეთ და საკუთარი თავით კიდევ ერთხელ აღვფრთოვანდი: პირველივე ყლუპზე ბრინჯის ღვინის ძმრის ჩათვლით ყველა ინგრედიენტი გავარტყი. ბევრი ვიცინეთ, ერთმანეთს სათქმელი მშვიდად გავუზიარეთ და კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ნამდვილი რომანტიკა ყოველთვის იქაა სადაც ჩვეენ ვართ და ამისთვის სულ არაა საჭირო ვარდების თაიგული ან მოლიცლიცე სანთლები. როცა ადამიანთან ყოფნა გიხარია, მისი სახის დანახვაც ნათელში გირჩევნია ...

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

2 კომენტარი.:

  1. Unknown

    თქვენ რესტორნების სამზარეულოში არ იცით რა ხდება,თორემ ჭამის კი არა საერთოდ შესვლის სურვილიც გაგიქრებოდათ.

  1. Natia Jinjolava

    მე "ემ-ჯგიფის" წარმომადგენლები მიყვებოდნენ აღშფოთებული, ISO სერთიფიკატისთვის როგორ მოთხოვეს სხვადასხვა დანები ხორცის, ყველის და პურის დასაჭრელად. მომიწია ამეხსნა, რომ ეს უსაფრთხოების დაცვის ელემენტარულია ნორმებია: უმი ქათმის ხორცს რომ დაჭრი იმ დანით ყველის დაჭრის შემდეგ ყველისგან შეიძლება ქათმის გრიპი აიკიდო... ან ვინმეს ალერგია ქონდეს რძის პროდუქტებზე და ყველის დანაჭრელი დანით დაჭრილი პურისაგან შოკში ჩავადრეს. სანიტარულ ნორმებს რაც შეეხება, მაგაზე საერთოდ აღარ ვლაპარაკობ

Post a Comment