19.4.13
მარადიული პრობლემა: რძალ-დედამთილობა
Approved by
კაცობრიობის ისტორიაში ალბათ ერთადერთი ქალი არსებობდა, რომელსაც ეს პრობლემა არ ჰქონდა. პირველქმნილი ევასგან განსხვავებით, ყველა მომდევნო ქალს ეს საკითხი მეტ-ნაკლებად აწუხებდა და ეს წუხილი დღესაც გრძელდება.
ბედნიერ მომავალზე მეოცნებე პატარძლებო! გახსოვდეთ, რომ თქვენს რჩეულს საყვარელი დედის სახით ერთი დანამატი მოჰყვება, რომელიც თქვენი ცხოვრების და გეგმების მუდმივი და უერთგულესი თანამგზავრი იქნება.
საყოველთაოდ აღიარებულია მეგრელი დედამთილების თავგანწირვა, რომლებსაც რძლებისთვის სიამოვნების მინიჭებაში ბადალი არ ჰყავთ. საქართველოს ამ კუთხეში კარგი დედამთილის სახელი რომ მოიპოვო, სხვა დანარჩენ მოთხოვნებთან ერთად, ერთ აუცილებელ პირობასაც უნდა ასრულებდე: ახალდაქორწინებულები მეორე სართულზე მდებარე ყველაზე კეთილმოწყობილ ოთახში უნდა დააბინავო და ყოველ სისხამ დილით ლანგარზე დადებული ცხელ-ცხელი ხაჭაპურებით და ქაფქაფა ყავით შეაკითხო. სხვა საკითხია, ლოგინში მონებივრე წყვილს საკუთარ საძინებელში ნებისმიერი, თუნდაც ძალიან ძვირფასი ადამიანის, დანახვა როგორ უხარია... ყველაზე საოცარი ის არის, რომ „რძლობის პერიოდში“ ყველა ქალს დედამთილის ასეთი საქციელი ძალიანაც აღიზიანებს, მაგრამ როგორც კი თავად იღებს დედამთილის საპატიო სტატუსს, მის ცნობიერებაში „ხალხი რას იტყვის?“ პრინციპი იმარჯვებს და თვითონ გარბის ლანგარმომარჯვებული ვაჟიშვილის საწოლისკენ.
ბევრ ქართულ ტრადიციულ ოჯახში ახლად ფეხშედგმულმა რძალმა მადლიერება რომ გამოხატოს, ხალხში პირველად „გასვლისას“ (ხშირად მეორედ, მეათედ და მეასედაც - და ეს „გასვლები“ დაახლოებით წელიწადნახევრი გრძელდება), რძალმა დედამთილის ნაჩუქარი ტონანახევარი ოქროულობა უნდა აისხას და ბაზარში საყიდლებზე გასულსაც, თბილ ამინდშიც კი, ახალნაყიდი „ნორკის შუბა“ უნდა ეცვას.
ერთი ჩემი მეგობარი ერთ მეგრელ ქალს სარძლოდ მოეწონა. სადღაც უნახავს, გაუკითხ-გამოუკითხავს და შუამავლებიც აფრინა „ოღონდ ეგ ჩემი რძალი გახდეს, მეორე სართულზე დედოფალივით დავსვამ, მიწაზე ფეხს არ დავადგმევინებ და ყოველ საღამოს ფეხებს ჩემივე ხელით დავბანო“. ასეთი წინანადებით „მოხიბლული“ გოგონა იმ ოჯახს სათოფეზე აღარ გაჰკარებია და სამეზობლოსაც შორიდან უვლიდა. სხვათა შორის, ამ ამბის მერე თხუთმეტი წელი გავიდა და ჩემს მეგობარს მეტისმეტად მზრუნველი დედის მიზეზით დაწუნებული ბიჭი დღესაც თვალით არ უნახავს.
შეყვარებული წყვილების ცხოვრება ტკბილად იწყება, მაგრამ უფროსების კეთილი განზრახვებითა და სურვილებით, ხშირად ჯოჯოხეთად იქცევა. ერთი ახალგაზრდა ცოლ-ქმარი ცალკე საცხოვრებლად რომ გადავიდა, დედამთილმა (სხვათა შორის, საკმაოდ ახალგაზრდამ) ბარგი ჩაალაგა, საკუთარი ქმარი დაუფიქრებლად მიატოვა და ახალგაზრდებს გაეკიდა. შვილის თხოვნაზე „ცოტა ხნით მაინც მარტო დაგვტოვეო“, გულაჩუყებული ტირილს იწყებდა „ხელს რაში გიშლითო“. არადა, საკმაოდ მძიმე ხასიათის პატრონია და შვილსა და რძალს ძალიანაც უშლის: გარდა იმისა, რომ მარტო დარჩენის საშუალებას არ აძლევს, მათ პირად ცხოვრებაშიც დაუზარლად და აქტიურად ერევა. ცხოვრობენ ასე ერთად და „ბედნიერად“...
ეს სადედამთილოს თვალდადგმული სასურველი რძლების ბედია. ვაი, იმ უბედურს, რომელიც „შეძენილმა დედამ“ თავიდანვე აითვალწუნა. იწყება გაუთავებელი: „ჩემს შვილს მე უკეთესად ვურეცხავდი, პერანგები უფრო გაქათქათებული ეცვა; ნახევრად მშიერი დადის; პურის ამოტანასაც არ ვავალებდი და ახლა ბაზარში აგზავნიან; ცოლის ხელში სმა დაიწყო და ზნე წაუხდა“ და ა.შ. აი, ერთ-ერთი დედამთილის ცნობილი ფრაზა: „ჩემი შვილი ისეთი გაზრდილი მყავს, ჩაიში რამდენ შაქარს იყრის, ისიც არ იცის - მე ვუყრი, მე ვურევ და ისე მიმაქვს მისთვისო“ (წარმოიდგინეთ, რძალიც თუ ასეა გაზრდილი - მოკვდება წყვილი უშაქრო ჩაის ყლურწვით!).
ხშირად, რაც არ უნდა ყოველმხრივ კარგი რძალი ჰყავდეს, დედამთილი იშვიათად არის კმაყოფილი. ზოგს ტაქტი და ზრდილობა ჰყოფნის და დიდი-დიდი, ნაგროვები ბოღმა საკუთარ დაქალებს გაუზიაროს, რომლებსაც ასევე „უვარგისი“ რძლები უსხედან სახლში. ერთ ოჯახში, როგორც რძლის მეგობარი, ქმრის დაბადების დღეზე მოვხვდი. სტუმრები სუფრას ვუსხედით, გვერდით ოთახში კი დედამთილი ისვენებდა. იუბილარის სადღეგრძელო შეისვა, ვაქეთ და ვადიდეთ (მართლა კარგი ბიჭია), მისი ღირსებები დაუნანებლად ჩამოვთვალეთ და ბოლოს ისიც ვთქვით, რომ ცოლიც შესაფერისი შეხვდა. უცებ გვერდით ოთახიდან, ჩვენი ღრმა რწმენით ჩაძინებული დედამთილის რეპლიკა გაისმა: „არ გამოადგებოდა და ქე გამოცვლიდაო“.
ხანდახან რძალ-დედამთილობა აყალმაყალსა და ხელჩართულ ბრძოლაშიც გადადის და ამ დროს მტყუან-მართალის გარჩევაც შეუძლებელია. ანდა რა მნიშვნელობა აქვს, ჩხუბი ვინ დაიწყო ან რა ვერ გაიყვეს, როცა ორი ქალი ერთმანეთს ხელით დაერევა?! მოძალადე დედამთილებთან და მოჩხუბარ დედაკაცებთან დაკავშირებით, ერთი საარაკო ისტორია უნდა მოგიყვეთ: ჩვენს მეზობლად ერთი „ღონიერი“ და ენამწარე ქალი ცხოვრობდა. ერთხელ გვერდით სახლიდან შორეულმა ნაცნომა თხოვნით მიაკითხა: „ჩემი ნათესავი ქმარს შორდება. წამოსვლა უნდა, მაგრამ დედამთილი ბარგს არ ატანს და ცემით ემუქრება. შენი დახმარება გვინდა, წამოდი, გოგო დავიხსნათ, დედამთილს ერთად მოვერევითო“.
არ გეგონოთ, რომ რძლები არაფერს აშავებენ და ჩვენ მხოლოდ დედამთილებს ვერჩით. ორივე მხარეს თავისი სიმართლე აქვს და ამაზე სხვა დროს ვილაპარაკებთ. დედამთილის აგრესიული ქცევა ხშირად სულაც არ არის უსაფუძვლო, უბრალოდ, აქ რძლისადმი დამოკიდებულების გამოხატვის ფორმები გავაქილიკეთ. დასასრულს, ერთ გამონათქვამს შეგახსენებთ, რომელშიც სიმართლის მარცვალი ნამდვილად დევს. ამბობენ, კაცი რომ ძილში საბანს გადაიხდის, ორი ქალი აფარებსო. დედა - შვილი არ გამიცივდეს, ცოლი - იატაკზე დაგდებული საბანი არ დაისვაროსო...
კეთილი სურვილებით, თქვენი დეიდა პოლი
0 კომენტარი.:
Post a Comment