შოკოლადის მუსის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით:

Approved by Natia Jinjolava


ჰესტონ ბლუმენთალის ფეთქებადი შოკოლადის ტორტი
Exploding Chocolate Gateau
12 პორცია
ბისკვიტისთვის: 150 გრ შაქარლამა, 30 გრ კარაქი გამდნარი, 2 ს/კ შაქარი, 25 გრ შუშხუნა კამფეტები არომატის გარეშე (საბავშვო დაფხვნილი კამფეტი, ენაზე რომ დაიყრი და შუშხუნი და ტკაცატკუცი გაუდის)
შოკოლადის მუსისთვის: 175 გრ ცხიმიანი ნაღები, მწიკვი მარილი, 6 მარაკუიის რბილობი (პერიოდულად იყიდება "გუდვილსა" და "პოპულში"), 50 გრ ახალმოხარშული მოხარშული კრემი, 110 გრ შავი შოკოლადი კაკაოს მინიმუმ 60% შემცველობით დატეხილი, 50 გრ რძიანი შოკოლადი დატეხილი
მოსაწუწად: 500 გრ შავი შოკოლადი, 200 გრ ზეთი

გავახუროთ ღუელი 180°-მდე. შაქარლამა დავყაროთ საცხობ ფირფიტაზე და ღუმელში კარგად დავბრაწოთ (დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში). ოქროსფრად დაბრაწული პეჩენიები კარაქთან და შაქართან ერთად დავაბლენდეროთ. ვაბლენდეროთ, სანამ ქვიშის ტექსტურის ნაფხვენებს არ მივიღებთ. ფრთხილად გადავურიოთ შუშხუნა კამფეტები. 15 სმ დიამეტრის საცხობ ფორმაში ან რგოლში ფსკერზე ჩავაფინოთ პერგამენტის ქაღალდი და ჩავტკეპნოთ შაქარლამის ცომი. პატარა ზომის ქვაბში მოვათავსოთ ნაღები, მარაკუიის რბილობი და მარილი და შემოვდგათ საშუალო ცეცხლზე. დუღილამდე რომ მივა (ნუ ავადუღებთ), გადმოვგათ ცეცხლიდან და გავაჩეროთ 5 წუთი. მერე დავუმატოთ მოხარშული კრემი. მდუღარე წყლის აბაზანაზე მოვათავსოთ შავ და რძიან შოკოლადებიანი ჯამი. შეოკოლადი რომ გადნება, გადმოვდგათ ცეცხლიდან. განაცხელები ნაღები გადავწუროთ საცერზე და თანდათანობით გადავურიოთ გამდნარ შოკოლადში. დავრწმუნდეთ რომ შოკოლადი და ნაღები კარგად აირია ერთმანეთში. მიღებული შოკოლადის განაში გავაგრილოთ ოთახის ტემპერატურამდე.
მზა განაში გადავუსვათ ფორმაში ჩატკეპნილ შაქარლამის ცომს, მოვასხათ კიდეებშიც და გასამაგრებლად 5 წუთით შევდგათ საყინულეში.
5 წუთის მერე, დარჩენილი განაშიც ჩავასხათ ფორმაში და შევდგათ მაცივარში მინიმუმ 2 საათით. ამის მერე ტორტი 4 საათით გადავიტანოთ საყინულეში. შოკოლადის მოწუწვის წინ გაყინული ტორტი გადმოვიტანოთ ლანგარზე (თუ საჭირო გახდა, ტორტის ფორმა სულ 5-8 წამით მდუღარე წყალში ჩადგით. ოღონდ ისე, რომ ტორტი არ დასველდეს და მერე ადვილად გადმოვა ფორმიდან). ცოტა ხნით ისევ საყინულეში შევაბრუნოთ.
მოსაწუწად შოკოლადი გავადნოთ ცხელი წყლის აბაზანაზე. შოკოლადი რომ გადნება, გადმოვდგათ ცეცხლიდან და ოდნავ შევაგრილოთ სანამ ზეთს დავუმატებთ. საკონდიტრო სახატავი პისტოლეტი ავავსოთ ცხელი შოკოლადისა და ზეთის მიქსტურით და მოვწუწოთ ტორტი (სამზარეულოს შოკოლადით შეღებვა რომ თავიდან ავიცილოთ, ტორტის ლანგარს წინდახედულად დავუფინოთ გაშლილი გაზეთები). საკონდიტრო სახატავი პისტოლეტის უქონლობის შემთხვევაში შეგიძლიათ გამოიყენოთ „ფშიკიანი“ ყვავილების სარწყავი, ან ნებისმიერი ჭურჭელი, რომლელსაც მინის საწმენდი პულვირიზატორის თავის მსგავსი მოწყობილობა აქვს. რაც უფრო წვრილ ჭავლს ისვრის თქვენი ხელსაწყო, მით უფრო ხავერდოვნად იქნება თქვენი ტორტი მოწუწული.
მზა ტორტი, სანამ შევჭამთ, საყინულეში შევაბრუნოთ.


საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

0 კომენტარი.:

Post a Comment