ადამიანი X - რჩეულები

Approved by Natia Jinjolava


ყოველ ჯერზე ჩემი ქილიკის და ბოროტი ქირქილის მხვერპლი ხდებოდა ჩვენი მის ენდრიუ, როცა აცხადებდა, რომ ბრილიანტი მხოლოდ ცისფერი მოწონს, ძოწი - მწვანე, მარჯანი - კრემისფერი. ერთი სიტყვით, ყველაფერს ის, რაც საყოველთაოდ მიღებულ ნორმებსა და სტანდარტებში არ ჯდება. საკმაოდ კარგი და დახვეწილი გემოვნების მქონე ადამიანს, აღმოჩნდა, რომ წინააღმდეგობის გრძნობა გემოვნებაზე მაღალი და დიდი აქვს. ამიტომ ვერ იტანს „მეტსედესს“, „ბეემვეს“ და მსგავს ცნობილ ბრენდებს, რაზეც მოზეიმე სახით ვამშვიდებ ხოლმე, რომ ტყუილად ნერვიულობს - არასდროს აჩუქებენ არც ერთს და არც მეორეს.
რასაკვირველია, ყველა მეტ-ნაკლებად თავმოყვარე ადამიანს აქვს „ბრბოსგან“ განსახვავებულობის პრეტენზია, მაგრამ მხოლოდ იმიტომ თქვა უარი შენთვის იდეალურ ვარცხნილობაზე, რომ სხვასაც აქვს და სრულიად რომ არ გიხდება ისეთი ქოჩორით ამაყად თავაწეულმა იარო, ეგ გამორჩეულობა კი არა სიბრიყვე ან სირეგვენეა. სირეგვენის უხეშის გაგებით კი არა, სიჯიუტისა და უზარო ქედმაღლობის გაგებით.
მეც ვაღიარებ, რომ ჩემს ორ უსაყვარლეს ფირმას „მერსედესს“ და „აიფონს“ ერთადერთი, მაგრამ უზარმაზარი ნაკლი მართლაც აქვს: ყველა გოიმმა იცის მათი სახელი და ამიტომ ყველა ქაჯს „მერსედესი“ ყავს და ხელში „აიფონი“ უჭირავს. რომელიმე მათგანი რომ გააჩერო და მრგვალფარიანი „მერსედესის“ ნაცვლად „კიონიგსეგი“ ან „ნობლი“ შესთავაზო არ დაგთანხმდება, სანამ არ ეტყვი რომ ორივე ნახევარ მილიონ ევროზე მეტი ღირს. მაშინაც, გამოგართმევს, გაყიდის და ბოლო გამოშვება მრგვალფარებიან „მერსედესს“ იყიდის მაინც. მაგრამ, ამის გამო „დაიჰაცუზე“ არ უნდა გადავჯდეთ და დაბალი ხარისხის ჩინური ტელეფონი ვიყიდოთ. ორიგინალურობას, მასხრად ასაგდები რომ არ გახდე, ამაყ ხასიათთან ერთდ შნოც, ანუ ფინანსური მხადრაჭერაც უნდა. თუმცა, ამ შემთხვევაშიც ძნელია ოქროს შუალედის დაცვა. სამხატვრო აკადემიის სტუდენტები ავიღოთ, რომლებიც თვლიან, რომ როგორც ხელოვანი ადამიანები ვალდებული არიან გამოირჩეოდნენ და მერე დადიან თმაში სარჭის ნაცვლად გათხრილი ფუნჯით, შარვალზე ჩაცმული კაბით ან საცვლის ნაცვლად ამოცმული მაისურით. ახლა არავინ მითხრა, რომ ასე კომფორტულად გრძნობენ თავს. რას ვიზამთ, სხვებთან არამსგავსების სურვილი მსხვერპლს მოითხოვს.
მე ისეთებსაც ვიცნობ, ვისთვისაც ცხოვრების ერთადერთი მიზანი სხვების საწინააღმდეგო აზრის გამოთქმაა და შესაბამისად, საშინლად არ მოწონთ პარიზი, რომი და ა.შ. კაი, შეიძლება არ გიჟდებოდე და პარიზს ფლორენცია გერჩივნოს, მაგრამ ენა როგორ უნდა მოგიბრუნდეს და თქვა - არ ვარგაო. მეზობელი მყავს: ვინც არ უნდა ახსენო, ცნობილი ექიმი, მკერავი, სტილისტი თუ მსახიობი. მომენტალურად მოგიყვება, როგორ უმკურნალეს ცუდად, გაუფუჭეს უძვირფასესი ქსოვილი, გააცვინეს თმა, მტკივანის ნაცვლად ჯანსაღი კბილი ამოუღეს და ა.შ. მისი მოსაწონი ცნობილი ადამიანი საქართველოში არ დადის, თუმცა, არცერთთან არაა არასდროს ნამყოფი არც საქმეზე და არც ისე. შეგიძლიათ ვინმე არარსებული პიროვნება მოიგონოთ, მაშინვე გეტყვით რომ მაგას ნუ გაახსენებთ, რომ იცოდეთ როგორ გააწვალა...
არადა, რაც უფრო მეტად ორიგინალური ხარ (ზომიერების ფარგლებს გადაცდენა მაქვს მხედველობაში, თორემ სხვას რომ არ აქვს და საქართველოში ერთადერთ ეგზემპლიარად შემოტანილ ფეხსაცმელზე და პალტოზე მეც გამწარებული ვნადირობ), მით უფრო მეტად ტოვებ ან გიჟის შთაბეჭდილებას, ან უჟმურის. პირველ შემთხვევაში სასაცილოდ გიგდებენ, მეორეში - გაგირბიან. ქრესტომათიულ ადამიანს კი კომფორტი და სხვა ადამიანებში ყოფნა უყვარს (ჯოგური ცხოველია), თან ორიგინალობას რა აზრი აქვს, მისი შემმჩნევები და დამფასებლები (ანუ პლებეები) თუ არ გეყოლა?!

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

0 კომენტარი.:

Post a Comment