აღდგომა დედამიწის გარშემო

Approved by Natia Jinjolava


ამერიკისა და ევროპის უდიდეს ნაწილში აღდგომა, ჩვენგან განსხვავებით, ფუმფულა ბაჭიებთან, ყვითელ წიწილებთან, სააღდგომო კვერცხებზე საყოველთაო ნადირობასთან, შოკოლადის კვერცხებთან და სააღდგომო საუზმესთანაა ასოცირებული და მათი ტრადიციები ერთმანეთს საკმაოდ გავს. თანაც, წითელ პარასკევსა და აღდგომას შორის ბევრგან სხვადასხვანაირი ფესტივალი,ზეიმი და სანახაობები იმართება. აღარ ვლაპარაკობ თითოეული ქვეყნის ტრადიციულ სააღდგომო კერძებზე.
შორეულ ავსტრალიაში ნამდვილი კურდღლები საკმაოდ ცუდი, გამანადგურებელი და დამაქცეველი ცხოველის რეპუტაციით სარგებლობენ. ამიტომ ავსტრალიელი ბავშვები შოკოლადის კვერცხებს საჩუქრად კურდღლისყურიანი სააღდგომო ბანდიკუტისგან (Easter Bilby), ადგილობრივი ჩანთოსანი ცხოველისგან ღებულობენ, მშობლები კი დიდი შაბათის სადილისთვის სიმბოლურ ჯვარგადაკრულ სააღდგომო ფუნთუშებს აცხობენ.
საფრანგეთში ქალაქ ჰოში სააღდგომო კვერცხის ცნება ჩვეულებრივი გაგების ფარგლებს ცილდება. აღდგომის ორშაბათს ქალაქის მთავარ მოედანზე უზარმაზარ კოცონს აჩაღებენ და უკიდეგანო ტაფაზე მთელი ქალაქის ანუ ათასი ადამიანის სამყოფ ომლეტს წვავენ. გასული წლის ომლეტი ჩვეულებრივზე მოკრძალებული პარამეტრებით გამოირჩეოდა - მხოლოდ 3 მეტრის დიამეტრის გხალდათ და მის მომზადებაზე სულ რაღაც ხუთი ათას ორას თერთმეტი კვერცხი, 20 ლიტრი ზეთი და 55–55 კგ ბეკონი, ხახვი და ნიორი დაიხარჯა. მიუხედავად იმისა, რომ გიგანტური ომლეტის ყოველ აღდგომაზე ცხობის ტრადიცია მხოლოდ სამიოდე ათწლეულს მოითვლის, ისტორიკოსები ამბობენ, რომ მისი საათავეები ნაპოლეონის მმართველობის ეპოქიდან მოდის – როცა ასეთივე გიგანტური ომლეტი მორიგი ლაშქრობისას ქალაქში გავლით მყოფ იმპერატორის ჯარისკაცების მოუმზადებს.
გემანიის აღმოსავლეთში, ქალაქ საალფელდში ფერად–ფერადი კვერცხებით მორთულ–მოკაზმული ხე აღდგომის უცვლელ და განუყოფელ სიმბოლიკად იქცა. უკვე ორმოც წელზე მეტია, რაც ერთმა ადგილობრივმა ოჯახმა სახლის წინ მდგარი ვაშლის ხის პლასტმასის კვერცხებით მორთვა დაიწყო. თავიდან ხეზე ოციოდე კვეცხი კონწიალობდა დღეისათვის კი მის მორთვას თითქმის ორი კვირა ჭირდება. მაგალითად, გასულ წელს ხეზე ცხრა ათას რვაასი ფერადი კვერცხი კონწიალობდა.  
ჩვენი არ იყოს, საბერძნეთის მართლმადიდებლური ეკლესიისთვის აღდგომა წლის ერთ–ერთ ყველაზე მნიშვნელოვან დღესასწაულს წარმოადგენს.ჰოდა, კუნძულ კორფუზე დიდ შაბათს, დილის თერთმეტ საათზე ქალაქის მთავარ ქუჩაზე ადგილობრივი მცხოვრებლები აივნებიდან და ფანჯრებიდან წყლით სავსე თიხის ქოთნებს (ბოტიდებს) ისვრიან. სიხარულის გამოსახატავად ქოთნების მსხვრევის უძველეს ტრადიციას ვენეციელებს უკავშირებენ, რომლებიც ახალ წელს თიხის ქოთნების მსხვრევით ხვდებოდნენ. ვენეციელების კვალი კორფუელთა სააღდგომო სუფრასაც ეტყობა, რომელსაც ფოგატები (ვენეციური ბრიოშები), წითლად მოხარშული კვერცხები და სხვადასხვანაირი სააღდგომო კულიჩები ამშვენებს.
გვიანაზე აღდგომის კვირასა და ორშაბათს სანაპირო ზოლის მცხოვრებლები ოკეანის ნაპირზე გამოდიან და ფრანებს უშვებენ.  ჯორჯთაუნის მოკრიალებული ცა კონკრეტულად ამ შემთხვევისთვის საგანგებოდ დამზადებული ხელით ნაკეთი ფერად–ფერადი ფრანებით იფარება. მიუხედავად იმისა, რომ ფრანების გაშვება გვიანაზე წელიწადის სხვა დროს სდაკმაოდ უცნაურ და უჩვეულო საქმიანობად ითვლება, სააღდგომო ზეიმში არა მარტო ქრისტიანები, სხვა რელიგიის წარმომადგენლებიც აქტიურ მონაწილეობას ღებულობენ.
პერუში, აიაკუჩოში იესო ქრისტეს მიერ დედამიწაზე ნაცხოვრები თითოეული წლის სიმბოლოდ თითო, ანუ ერთიანობაში ოცდაცამეტი ეკლესიაა აშენებული, ამიტომ რაღა გასაკვირია, რომ ეს პატარა მაღალმთიანი ქალაქი აღდგომის მთელ კვირას საერო და საღვთო გაგებითაც  გამორჩეულად აქტიურად აღნიშნავს. აღდგომის წინა 10 დღის განმავლობაში ყოველდღიურად იმართება სარიტუალო მსვლელობები, მუსიკალური და საცეკვაო სანახაობები, ყვავილებით მოფენილ ქუჩებზე ხარების დოღი და ღამეული ფეიერვერკები. ამდენი გართობის მერე კი, 12 აუცილებელი კერძისაგან შემდგარ სააღგდგომო საზეიმო სადილზე  ჩირიუჩუსა და დაბრაწულ ზღვის გოჭებს მიირთმევენ და, რასაკვირველია, პერუანულ სიმინდის ლუდს, ჩიჩას აყოლებენ.
თავიდან ფეხებამდე გაწუწვის სურვილი თუ არ გაქვთ, აღდგომის ორშაბათს პოლონეთის ქუჩებში სეირნობას და იქაურ სმიგუს–დინგუსს აჯობებს თავი აარიდოთ. დიდი ტრფობის და სიყვარულის ნიშნად უცოლო ბიჭების ხელით გასათხოვარი გოგონების გაწუწვის უძვლელესი ტრადიცია დროთა განმავლობაში სიხლის, უკაცრავად, წყლის უკანასკნელ წვეთამდე ბრძოლის ცერემონიად იქცა. წყლით მუსვრას წინ კვირა საღამოს საზეიმო ვახშამი უსწრებს, რომელზეც მთელი ოჯახები იკრიბებიან და ერთმანეთს ჯანმრთელობასა და ბედნიერებას უსურვებენ. წვეულების მენიუ აუცილებლად შეიცავს ბატკნის ნამცხვარსა და სხვადასხვა წესით მომზადებულ კვერცხებს - მოხარშული და დატენილით დაწყებული, უბრალო ერბოკვერცხით დამთავრებული.

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

0 კომენტარი.:

Post a Comment