ნაბიჯით იარ! წინ!

Approved by Natia Jinjolava


გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა საკუთარი მოსახლეობის ჭარბი წონის პრობლემამ იმდენად შეაწუხა, რომ ბევრი იფიქრეს თუ ცოტა, 2004 წელს ამ საჭირბოროტო საკითხთან ეფექტურად ბრძოლისთვის სამსახურში ფეხით სიარულის დღე დააწესეს.
ერთი სიტყვით, ამერიკის შეერთებული შტატების ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის ინიციატივით ყოველი აპრილის პირველ პარასკევს მოსახლეობას უმორჩილესად და დიდი მოწიწებით თხოვენ, მთლად ყოველ დღე თუ არა, ეს ერთი დილა მაინც ადგნენ ჩვეულებრივზე ადრე და სამსახურისკენ ფეხით გაემართონ.
თურმე, ზედმიწევნით ზუსტადაა დადგენილი, რომ დღეში ნახევარი საათი სეირნობა მნიშვნელოვნად ამცირებს წონას და მინიმუმადე დაყავს გულ–სისხლძარღვთა დაავადებებისა და დიაბეტის განვითარების რისკი.
ამას წინათ, მამაჩემს ფეხის ვენებზე რაღაც პატარა პრობლემა შეექმნა და ექიმმა მედიკამენტებთან ერთად სწორედ ფეხით სიარულოთერაპიაც გამოუწერა: დღეში სამჯერ ათას ხუთასი ნანბიჯი, ყოველი ხუთასი ნაბიჯის შემდეგ შესვენებით.
როგორც მამაჩემი ირწმუნება, ჭავჭავაძის პროსპექტზე სეირნობისას ექიმის დანიშნულების ჯეროვნად შესრულება მისი მთერლი მონდომებისდა მიუხედავად შეუძლებელი აღმოჩნდა. გაივლიდა ვთქვათ ორას ჩვიდმეტ ნაბიჯს, შეხვდებოდა ნაცნობი, გააბამდნენ საუბარს, გაერთობოდა, აერეოდა თვლა. დაიწყებდა ახლიდან ათვლას, შეხვდებოდა სამას ორმოცდამეორე ნაბიჯზე ვინმე სხვა და იგივე მეორდებოდა.
ამერიკელი მედიკოსების ცნობით, ჩვევაში გადასული ყოველდღიური მოციონი (ჭამის მერე სეირნობა), ყველა დანარჩენ სიკეთესთან ერთად, სიცოცხლის საგრძნობლად გახანგრძლივებასაც უწყობს ხელს, რაც სულ არ უნდა იყოს სიმართლეს მოკლებული. კვლავაც მამაჩემის ბაბუას ძალიან უყვარდა ფეხით სიარული. უკიდეგანოდ გადაჭიმული სოფლის ერთი ბოლოდან მეორეში სულ ფეხით დადიოდა. მეზობლები იმასაც ყვებოდნენ, ერთხელ გზაზე მიმავალს მანქანა გავუჩერეთ და წაყვანა შევთავაზეთ, მაგრამ არ ჩაჯდა – მეჩქარებაო. მოკლედ, თავისი ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე ჩემმა დიდმა ბაბუამ ბევრი იარა თუ ცოტა, ას წლამდე სრულიად ჯანმრთელად და მხნედ მიაღწია.
სამსახურში ფეხით სიარულის უპირატესობათა ჩამონათვალში განსაკუთრებულად ერთი, სრულიად ამერიკულლოგიკური არგუნეტი მომეწონა. თურმე, ყველაფერთან ერთად, სეირნობა უფასოა, გადაადგილების ეს ფორმა იაფი ჯდება და არ იბეგრება...
აბა, მეტი რაღა უნდა ვილაპარაკო?
... გარდა ფეხით ისარულისა, ამერიკელებს ყოველი მაისის პირველ პარასკევს სამსახურში ველოსიპედით სიარულის დღეც აქვთ. ოღონდ, ამჯერად ჯანდაცვის სამინისტრო და მთავრობა არაფერ შუაშია. ამ ღირშესანიშნავი თარიღის დაწესება მთლიანად ველოსიპედისტთა ლიგის კისერზეა.

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

0 კომენტარი.:

Post a Comment