მინი ტარტალეტკები

Approved by Natia Jinjolava


მინი ტარტალეტკები a la Ritz
გამოდის 20 ცალი
ცომისთვის: 200 გრ ქფვილი, 65 გრ შაქარი, 1 კვერცხის გული, 1 ს/კ რძე, 100 გრ კარაქი;
კრემისთვის: 4 კვერცხის გული, 125 გრ შაქარი, მწიკვი მარილი, ½ პაკეტი ვანილის პუდინგის ფხვნილი (იყიდება „გუდვილში“), ¼ ლ რძე, 1 პაკეტი ვანილის შაქარი, 200 გრ დარბილებული კარაქი, 80 გრ შაქრის პუდრა;
არომატისთვის: 2 ს/კ კაკაო, 1 ს/კ ლიქიორი „კურასაო“, 2 ს/კ ხსნადი ყავა, 1 ს/კ ყავის ლიქიორი, 40 მლ კონიაკი
მოსართავად: კრაჭუნა ალუბლები, დაშაქრული იის ყვავილები, შოკოლადის ბურბუშელა, შოკოლადში ამოვლებული ყავის მარცვლები, ბუსტუღი (ფსტის კაკალი)
20 ცალი მინიატურული ტარტალეტკის ფორმა

ფქვილი დავახვაოთ დაფაზე და შუაში გავუკეთოთ ჩაღრმავება და ამ ჩაღრმავებაში ჩავყაროთ შაქარი, წვრილ კუბიკებად დაჭრილი ცივი კარაქი, კვერცხის გული და ჩავასხათ რზე. ცივი ხელებით სწრაფად მოვზილოთ ფხვიერი ცომი, გავახვიოთ ცელოფანში და შევდგათ მაცივარში 2 საათით.
გავახუროთ ღუმელი 200°C–მდე.  ცომისგან გავაკეთოთ 20 პატარა ბურთი და ამოვაფინოთ ტარტალეტკის ფორმებში. შევდგათ ღუმელში 8 წუთით, სანამ ცომი არ დაიბრაწება. გამოვიღოთ და ფორმებიდან ამოვიღოთ (ფორმები გადავატრიალოთ და დანის ზურგით რბილად დავუკაკუნოთ ფსკერზე – ტარტალეტკა თვითონ ამოვარდება).
სანამ ტარტალეტკები ცივდება, შაქარი და კვერცხის გულები გავთქვიფოთ გათეთრებამდე, დავუმატოთ მარილი და პუდინგის ფხვნილი. ვანილი და რძე მივიყვანოთ დუღილამდე, გადმოვდგათ ცეცხლიდან და წვრილ ნაკადად ჩავათქვიფოთ პუდინგიან კვერცხის კრემში. კრემი რძის ქვაბში დავაბრუნოთ და შემოვდგათ გაზზე. მორევა–მორევით წამოვადუღოთ და ვადუღოთ 2 წუთი. გადმოვდგათ ცეცხლიdან და გავაგრილოთ. კარაქი და 80 გრ შაქარი გავთქვიფოთ კრემის კონსისტენციამდე და ჩავათქვიფოთ გაგრილებული პუდინგის კრემიც. მზა კრემი გავყოთ სამ თანაბარ ნაწილად: პირველს დავუმატოთ კაკაო და „კურასაო“, მეორეს ყავა და ყავის ლიქიორი, მესამეს – კონიაკი. კრემები მოვათავსოთ საკონდიტრო ტომსიკებში და მოვრთოთ ტარტალეტკები. მზა ტარტალეტკები 1–2 საათით შევდგათ მაცივარში. კონიაკიანი კრემი მოვრთოთ კრაჭუნა ალუბლებით და გახეხილი შოკოლადით, ყავის შოკოლაში ამოვლებული ყავის მარცვლებით, კაკაოსი კი დაშაქრული იის ყვავილებით. ტარტალეტკებს შეგიძლიათ მოაწუწოთ გამდნარი შოკოლადი ან მოაყაროთ დაჭრილი ნიგოზი.

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

0 კომენტარი.:

Post a Comment