Petit Fours - პეტიფუ (პტიფურები)

Approved by Natia Jinjolava


ეს ერთლუკმიანი ულამაზესი ნამცხვარი საფრანგეთის რევოლუციის პირშმო გახლავთ. მეთვრამეტე საუკუნის ევროპის ტრადიციული შეშის ღუმელი გრანდიოზული ზომით გამოირჩეოდა და მასში ღორს ან ძროხას მთლიანად წვავდნენ ხოლმე. ასეთი ღუმელი შეშასაც ბევრს მოიხმარდა და მერე დიდი ხნის განმავლობაში ინარჩუნებდა სითბოს. თავისი ხელმომჭირნეობით და სიძუნწით სახელგანთქმული ფრანგები, განსაკუთრებულად რევოლუციისა და გაჭირვების პირობებში, ღუმელის უქმად მოცდენას როგორ აიტანდნენ და სადილის მომზადების მერე ჯერ კიდევ გახურებულ ღუმელში ჩვეულებრივის ნაცვლად გამოცხობის მინიმაკურ დროზე გათვლილი მინიატურული ზომის ნამცხვრების გამოცხობა დაიწყეს და ასე გაჩნდა ფერად–ფერადი პეტი ფუ, რაც სიტყვა–სიტყვით „პატარა ღუმელს“ ნიშნავს.
პეტიფუ არსებობს, როგორც ტკბილი, ასევე არატკბილი, მრგვალი, ოთკუთხედი, კონუსის ფორმის და ბისკვიტის ან ნებისმიერი სხვა ცომისგან დამზადებული. პეტიფუს პეტიფუობის მთავარი პირობა მისი თვალისმომჭრელი სილამაზე და ერთი ციცქნა ზომაა. მათ, როგორც წესი, მეტი სილამაზისთვის სხვადასხვა ფრად და სხვადასხვანაირი დეკორაციებით რთავენ და გასალამაზებლად საჭმელ მძივებს, ყვავილებსა და მარგალიტებსაც არ იშურებენ.

პეტიფუ
გამოდის 40 ცალი
75 გრ ფქვილი, 75 გრ სახამებელი, 170 გრ შაქარი, 1 მწიკვი მარილი, 3 კვერცხის გული, 3 კვერცხის ცილა, 250 გრ შაქრის პუდრა, 125 მლ ნაღები, 0,5 ჩ/კ სოდა, ½ ლიმონის გახეხილი ცედრა, 200 გრ თეთრი შოკოლადი, 4 ს/კ ალუბლის შნაპსი ან ლიქიორი, 250 გრ წითელი მოცხრის ჯემი, 200 გრ გაგრგრის ჯემი, 4–5 ს/კ ლიმონის, წითელი მოცხრის ან შავი მოცხრის წვენი, წითელი ფერის ნამცხვრის საღებავი, დაშაქრული ყვავილები და საჭმელი მძივები მოსართავად

მართკუთხედ საცხობ ფირფიტაზე დავაფინოთ პერგამენტის ქაღალდი. გავახუროთ ღუმელი 200°C–მდე. კვერცხის გულები, 3 ს/კ თბილი წყალი და 150 გრ შაქარი ავთქვიფოთ კრემის კონსისტენციამდე. კვერცხის ცილები ავთქვიფოთ მარილთან ერთად და ფრთხილად გადავურიოთ ათქვეფილ გულებში. ფქვილი, სახამებელი და სოდა ერთმანეთში ავურიოთ, გავცრათ და ხის კოვზით ფრთხილად დავუმატოთ ათქვეფილ კვერცხებს. ცომს გადავურიოთ ლიმონის ცედრაც, დავასხათ საცხობ ფირფიტაზე, მოვასწოროთ და შევდგათ ღუმელში 35 წუთით შეოქროსფერებამდე. გამომცხვარ ბისკვიტს, ფრთხილად ავაცალოთ პერგამენტი და მთელი ღამით დავტოვოთ გასაგრილებლად.  მეორე დღეს კორჟი გავჭრათ სამ თანაბარ ნაწილად.
კრემისთვის ნაღები მივიყვანოთ დუღილამდე, გადმოვდგათ ცეცხლიდან. თეთრი შოკოლადი დავტეხოთ და ჩავყაროთ მდუღარე ნაღებში, მოვურიოთ. დავუმატოთ ალუბლის შნაპსი და გრილ ადგილას დავდგათ 20–30 წუთით. როგორც კი შესქელებას დაიწყებს, კარგად გავთქვიფოთ. ბისკვიტის პირველ ფენას წავუსვათ ნაღების და შოკოლადის კრემი და ზემოდან მეორე ფენა დავაფაროთ და წითელი მოცხრის ჯემი გადავუსვათ, მერე დავაფაროთ მესამე ფენა და რბილად დავაწვეთ. შევდგათ მაცივარში 1 საათით. მერე გამოვიღოთ და ძალიან ბასრი დანით ან სპეციალური საჭრელი ფორმით დავჭრათ პატარა კუბიკებად ან წრეებად. პატარა სქელძირიანი ქვაბით შემოვდგათ საშუალო ცეცხლზე გარგრის ჯემი, დარჩენილი შაქარი და 2 ს/კ  წყალი და ვადუღოთ 5 წუთის განმავლობაში, თან ვურიოთ ხოლმე. ცხელი ჯემი თავზე და გვერდებზე წავუსვათ ჩვენს პაწაწინა კუბიკებს. შაქრის პუდრა ჩანგლით გავქნათ ძალიან ცოტა წყალში ან ლიმონის წვენში, ისე რომ სარკალის სისქის მასა მივიღოთ, სურვილის შემტხვევაში შევაფერადოთ საღებავით და გადავასხათ კუბიკებს. მოვრთოთ დაშაქრული ყვავილებითა და საჭმელი დეკორაციებით. პეტიფუს სილამაზე მთლიანად თქვენს დეკორატორულ ნიჭზეა დამოკიდებული.

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

0 კომენტარი.:

Post a Comment