რატომ არ მომწონს არაფერი ქართული

Approved by Mary Poppins

ამას წინათ სამსახურში მისაყვედურეს, რა პრეტენზიული ხარ, შენს მოსაწონს ვერავინ ვერაფერს აკეთებსო, მას მერე რაც მარგარინში ჩაჭიპჭიპებული ხაჭაპური და სოდაში დარბილებული ხორცისგან გადაფუებული ქაბაბი დავიწუნე.
როგორ გეკადრებათ? ძალიანაც მომწოს ინდური სანელებლები, ესპანური ფეხსაცმელი, ფრანგული კოსმეტიკა, ბერძნული ფორთოხლები, მეიერის ლიმონები ... კიდევ ათასი რამ და უფრო მეტიც, ძალიან მიჭირს აღიარება და ამერიკული ბოევიკებიც კი. არა, ბოევიკი კი არ მიყვარს, მაგრამ ამ დასაქცევ ამერიკელებს ასეთი წესი აქვთ, ხელს რასაც კი კიდებენ, ყველაფერს სუპერხარისხიანად აკეთებენ - ჯანმრთელობისათვის ცალსახად მავნე და სრულიად უხარისხო პროდუქტებისგან დამზადებული „კოკა-კოლისა“ და „მაკდონალდსის“ ჰამბურგერების ჩათვლით. ჰოდა, ყველაფერ ცუდში რომ მაგათ ვბაძავთ, ხომ შეიძლება რამე კარგიც ვისწავლოთ?
ეს ყველაფერი კი იმან გამახსენა, რომ ამ აღდგომას რაღაც ქართული ფირმის მიერ სათუთად დაფასოებულმა და სრულიად ამაყი წარწერის „ნატურალური პროდუქის“ მქონე კვერცხების საღებავის დანახვამ ჩემში ქართული პროდუქტის მიმართ კარგახანია მიძინებული პატრიოტიზმი გააღვიძა და გახარებულმა ვიყიდე. კარგით, გამოვტყდები. მარტო პატრიოტიზმის ბრალი არ იყო - უცხოური და თანაც ფერად-ფერადი საღებავი ვერსად ვნახე (როგორც ჩანს ჩვენს სუპერ-ჰიპერ-მინი მარკეტებსაც პატრიოტიზმის ან „ამას თუ არ გაასაღებთ, დაგერხევათ“-ს შემოტევა ქონდათ და მხოლოდ ზემოხსენებული საღებავი იყო გაყიდვაში), ენდროს ჩეჩქვა კი დამეზარა და ჯანდაბას, ვცდი-თქო ვიფიქრე. განა საღებავისთვის რა უნდა ექნათ? პირველი აღფრთოვანება უკანა გვერდზე გაკეთებულმა აშკარად ყაირათიანი დიასახლისის მიერ შედგენილმა მოხმარების წესებმა გამოიწვია. „ჩაყარეთ საღებავი 1-1,5 წყალში“, ეს ერთი ან ერთი მთელი ხუთი ვედრო იყო თუ ლიტრა ამაზე არაფერს გვეუბნებოდნენ, აშკარაა რომ მილიგრამი ვერ იქნებოდა და ალბათ მაინც ლისტრს გულისხმობდნენ მაგრამ საინტერესოა კვერცხის ღებვის ქართული ისტერიის კვალობაზე რამდენი კვერცხი უნდა ჩაეტიოს 1 ლიტრ წყალში? სამი? ხუთი? აღარ ვამბობ იმას, რომ „პატიოსან“ საღებავს ყოველთვის აწერია რამდენი კვერცხის შესაღებადაა გათვლილი. გავხსენი. მიუხედავად დაპირებისა, რომ ენდროს და ხახვის ნაფცქვენის ნარევი უნდა ყოფილიო, ენდრო არსად ჩანდა. მაინც ჩავყარე წყალში და იქვე მივხვდი რომ წითელ ან წითლის რომელიმე სპექტრის კვერცხებზე ოცნებაც  უნდა დამევიწყებინა. ერთი კი ვიფიქრე, დედაჩემს დავურეკავ, ენდრო წამომიღოს-თქო, მაგრამ სიჯიუტემ მძლია და კვერცხები წყალში ჩავალაგე....
დაპირებული 20 წუთი ხარშვის ნაცვლად, საათი და ოცი წუთის მერე ქვაბიდან ისეთი რძიანი შოკოლადისფერის კვერცხები ამოვალაგე... თბილისელი გოგოების 80 პროცენტი ასეთ რუჯისთვის კაცს მოკლავს. აქედან კი ის მორალი, რომ ქართულმა ბიზნესმა თავისი დევიზი: „ბიჭო, რომ იცოდე სამი (ოთხი, ათი...) წლის წინ რა ფულს ვშოულობდი?!“ კიდევ ერთხელ გაამართლა. წელს ხომ გაყიდეს ნაგავი და მომავალ წელს რომ მათ საღებავს არავინ გაეკარება, ეგ ვის ადარდებს. საოცარი ნიჭი გვაქს ხვალინდელ დღეზე არ ვიფირქოთ.
რამდენიმე წლის წინ ერთმა დიდმა სამშენებლო კომპანიამ ერთ რაჭველ გლეხთან ხე-ტყის სახარაჩოე მასალაზე სამ მილიონიანი კონტრაქტი გააფორმა. ბედნიერ გლეხს წინა შეკვეთიდან შემორჩენილი 20 ათასის დრო და ჟამისაგან და უქმად გდებისაგან დამპალი ფიცარი ქონდა შემორჩენილი, აბა, როგორ იზარალებდა და პირველივე მანქანით გაუგზავნა კონტრაქტორს. ალბათ თავადაც ხვდებით რომ შეკვეთა გაუუქმეს. ჭკვიანმა ბიზნესმენმა წლების წინ ნაზარალები 20 ათასის გამო 3 მილიონი დაკარგა. თუმცა, რა გასაკვირია, ჩვენ ხომ იმ ქვეყანაში ვცხოვრობთ სადაც ხელოსნების ერთადერთი საამაყო თემაა, ვის რა გაუფუჭეს.
ზედიზედ ათი წელი, ყოველ აღდგომაზე ვაკეთებდი ხაჭოს პასკას, ზედიზედ ათი წელის მიწევდა სირბილი ხაჭოს შესარჩევად. ერთხელ არ ყოფილა რომ წლიდან წლამდე მიეღწია უკვე შერჩეულს. ჯერ „ნიკორას“ ასაწონი მომწონდა - აღარ აქვთ, მერე „ეკო-ფულის“ 0%-იანი - აშკარად სხვანაირია, მერე „ქობულეთის“ - გააფუჭეს... აღარ ვლაპარაკობ რომ ნამდვილი კარაქის შოვნა ფანტასტიკის სფეროდ იქცა. თუ არ გჯერათ, იყიდეთ თუნდაც ყველაზე ძვირიანი კარაქი, დააგდეთ ცხელ ტაფაზე და მთელ სახლში მარგარინის სუნი თუ არ დატრიალდა ბოდიშს მოვიხდი და ამ პოსტს წავშლი.


საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

1 კომენტარი.:

  1. General Manager

    It is delicious recipe share,.
    Rock

Post a Comment