მოგზაურობა III - კანი – მებადურეთა სოფელი

Approved by Mary Poppins

არ გადავაჭარბებ თუ ვიტყვი, რომ ეს სახელი ყველას თუ არა, ბევრს სმენია (მიუხედავად იმისა, რომ კანი პატარა ზღვისპირა ქალაქია), რა თქმა უნდა, კანის საერთაშორისო კინოფესტივალის გამო. ჩემს რამდენიმე  ასოციაციას დავუმატებდი: ხმელთაშუა ზღვისპირეთის პატარა თანამედროვე დასახლება, გრძელი სანაპირო ბულვარით და უზარმაზარი საფესტივალო სასახლით, რომლის კიბეზე ფესტივალის დღეებში წითელი ხალიჩა იშლება, რომელზე ასვლისას ცნობილი კინორეჟისორები და მსახიობები გარშემო შეკრებილი აჟიტირებული და აღფრთოვანებული პუბლიკისათვის ფოტოსურათების გადასაღებად წამით დიდსულოვნად ჩერდებიან. ეს არის და ეს – მოკლედ, მზე, ზღვა, დღესასწაული.
ვერ ვიტყვი, რომ ძალიან ვცდებოდი. კანში ჩასულებს ყველაფერი ზემოჩამოთვლილი ზუსტად ისეთი დაგვხვდა, როგორი შთაბეჭდილებაც მქონდა. ისეთივე და ცოტათი მეტიც...
დამატება პირველი  – კანი ძალიან ახალგაზრდა და ამავე დროს ძალიან ძველია. რომაელების დაარსებულია ჯერ კიდევ ჩვ.წ.აღ-მდე 42 წელს, მაგრამ საუკუნეების მანძილზე, 1834 წლამდე  პროვანსის ერთ–ერთ პატარა მებადურულ სოფლად რჩებოდა და ამიტომ მასზე პრაქტიკულად არაფერია ცნობილი. სამაგიეროდ, ეს თარიღი ქალაქის დაარსების წლად შეიძლება ჩაითვალოს, რადგან სწორედ მაშინ კანში გაჩერდა იტალიისაკენ მიმავალი ინგლისის ყოფილი კანცლერი ლორდი ბრეგხემი, რომელსაც მგზავრობის გაგრძელებაში ქოლერის ეპიდემიამ ხელი შეუშალა. 
ამ იძულებით გაჩერებას უკვალოდ არ ჩაუვლია, ლორდი ყველაფრით განცვიფრებული დარჩა – ისევე როგორც კანში მოხვედრილი ჩვენი თანამედროვე, რადგან ამ მხრივ არაფერი შეცვლილა – რბილი ჰავა, ცის სილაჟვარდე, დასახლების გეოგრაფიული მდებარეობა, ზღვის სიწყნარე – ამიტომ აქ სახლის აშენება გადაწყვიტა, რომელშიც ყოველ ზამთარს ჩამოვიდოდა. წინასწარდახედულმა ლორდმა ქალაქის დატბორვისაგან დასაცავად ჯებირების აშენება გადაწყვიტა, ამისათვის საფრანგეთის იმდროინდელი მეფე ლუი–ფილიპესაგან სახსრები მიიღო, ჯებირებიც ააშენა და ინგლისის ცივ და წვიმიან ზამთარსაც გამოექცა. მას სხვა ინგლისელმა არისტოკრატებმაც მიბაძეს.
ლორდ ბრეგხემთან ერთად XIX საუკუნის ცნობილი ფრანგი მწერალი პროსპერ მერიმეც ითვლება კანის „აღმომჩენად“, რადგან 1858წ. მან ისტორიული ძეგლების ინსპექციისას კანი და მისი შემოგარენი მიანახულა და მათი სილამაზე აღწერა. მერიმესთან ერთად სხვა მწერლებმა და ცნობილმა მოღვაწეებმაც წვლილი შეიტანეს კანის სახლგანთქმულ კურორტად ქცევაში, მათ შორის: გი დე მოპასანმა, სტეფან ლეჟარმა, ტოკევილმა... „პრინცები, პრინცები, ყველგან პრინცები,“ – წერდა კანის შესახებ 1888წ. გი დე მოპასანი. ასეთი  პოპულარული იყო უკვე XIX საუკუნის ბოლოს ეს ადგილი. ამ დროიდან კანი მხატვრების, მდიდარი ბანკირების, არისტოკრატების და შეძლებული ტურისტების დასვენების უსაყვარლეს ადგილად იქცა.  ორი სიტყვით ესაა თანამედროვე კანის ისტორია.
დამატება მეორე – კანის გეოგრაფიული მდებარეობა ფრანგული რივიერის სხვა ქალაქების მსგავსია: გრძელი სანაპირო ზოლი, მის გასწვრივ ასეთივე გრძელი – მაღალი პალმებით დამშვენებული ბულვარი, ბულვარის ქალაქისკენა მხარეს მდიდრული სასტუმროებითა და არანაკლებ მდიდრული კერძო ვილებით. სანაპიროს ერთ ბოლოში პორტი, კაზინო, ბაღები, თანამედროვე მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლები, მეორე ბოლოში კი შევალიეს მთა, მთაზე მოკალათებული ციხესიმაგრე Castrum de Canois, სიუკეს რკინის ნიღბის                                       კოშკი, იმედის ღვთისმშობლის (როგორი სახელია!) ეკლესია Notre-Dâme de l’Esperance, ცხენით ასასვლელად განიერი კიბეებიანი პატარ–პატარა, ვიწრო ქუჩების მთელი ქსელი, ძალიან ფრანგული სახელებით: მონ–შევალიე, სენ–ანტუანი, ბუშერი, სენ–დეზირე, კლემანსო, ტიბუ, ფორვილი... ასეთია ამ ქალაქის ძველი ისტორიული ნაწილი, სიმშვიდით სოფელს რომ წააგავს.
რაც შეეხება კინოფესტივალსა და მის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს, ყველაფერი ზუსტად ისეა, როგორც წარმომედგინა. დასამატებელიც არაფერია, ისე მსგავსებაა სარეკლამო ბუკლეტებსა და სატელევიზიო რეპორტაჟებიდან ცნობილ კანთან: ხმაურიანი, მრავალ ენაზე მოსაუბრე, მრავალრიცხოვანი ტურისტების ჭრელი, შეუჩერებელი ნაკადით კინოფესტივალების სასახლის Palais des Festivals წინ კინოხელოვანთა მიერ დატოვებული ანაბეჭდების მოედანზე, თავისუფლების გამზირზე, კაშკაშა და მზის სხივებში განსაკუთრებული სიმდიდრით მბზინავ კრუაზეტის ბულვარზე (Boulevard de la Croisette), სადაც ცნობილი სახელების ქათქათა თეთრი სასტუმროები Majestic, Grand Hôtel, Marriott, MalMaison, Carlton, Miramar, Martinez  ჩამწკვრივებული. 
ყველაფერი ადგილზეა, მოლოდინი არ გაწბილდება, კანის დასათვალიერებლად და დაუვიწყარი შთაბეჭდილებების მისაღებად სრულებით საკმარისი, მაგრამ ცოტათი თუ  აცდებით ტურისტულ მარშრუტებს და ანტიბის ქუჩიდან მთისკენ, ქალაქის სიღრმისკენ გადაუხვევთ, სხვაგვარ კანსაც შეხვდებით.
ასეთი „სხვაგვარი“ კანი სპეციალურად არ გვიძებნია. რადგან ცოტა რამ ვიცოდი კანის გრან ჟასის – Cimetière du Grand Jas - სასაფლაოზე, მისი ნახვა გადავწყვიტე. ვიცოდი, რომ სასაფლაო 1866 წლიდან არსებობს, უზარმაზარია (ცნობარის მიხედვით, 9 ჰექტარი უჭირავს), უკვე ნაწილობრივ პარკად არის ქცეული, ცნობილია თავისი ღირშესანიშნავი არქიტექტურითა და მდიდრული ქანდაკებებით. აქ ბევრი გამოჩენილი და არც მაინცდამაინც ცნობილი ადამიანის განსასვენებელია: ფრანგი მწერლისა და ლაჟვარდოვანი სანაპიროს მეხოტბის პროსპერ მერიმე, გერმანელი მწერლის თომას მანის შვილი, ფიზოილოგიასა და მედიცინაში ნობელის პრემიის ლაურიატი, ბიოქიმიკოსი და მიკრობიოლოგი ჟაკ მონო, რუსი იუველირი და ოჯახური ფირმისა და დინასტიის დამფუძვნებელი კარლ ფაბერჟე, პაბლო პიკასოს პირველი ცოლი, რუსი ბალერინა ოლგა ხოხლოვა და ბევრი სხვა.
სასაფლაოს მიგნება რთული აღმოჩნდა, რადგან ტურისტულ რუკაზე ის დატანილი არ არის. ისევ (უკვე მერამდენჯერ!) ინტერნეტმა გვიშველა. ამოკითხული მისამართით და კითხვა–კითხვით გავუყებით აღმართს, Avenue de Grasse-ს. აქ, ლა ბოკას კვარტალში, სხვაგვარი კანი დაგვხვდა: საოცარი სიმშვიდე, მდიდრული, სიმწვანეში ჩაფლილი, ძირითადად ორსართულიანი ვილები, ხეხილისა და ციტრუსების ბაღები, გზისპირას ამოზრდილი ფერადი ყვავილები, ზღვიდან მონაბერი სიო, იშვიათი გამვლელი მოხუცი, კარგად ჩაცმული მანდილოსნები.
მაინც რა მრავალფეროვანია მებადურთა ყოფილი პატარა სოფელი.

საუკეთესო სურვილებით, თქვენი ვარდისფერი სპილო
 

0 კომენტარი.:

Post a Comment