ავტოსამყაროს მუტანტები

Approved by Natia Jinjolava


არსებობს ნივთები, რომლებიც ერთდროულად შემზარავიცაა და თვალწამრტაციც, თვით სიმახინჯის ესთეტიკაც არსებობს, მაგრამ არის ნივთები რომლებმაც კაცობრიობის იტორიაში ადგილი თავისი უფუნქციობითა და უსარგებლობით დაიმკვიდრეს, საკუთარი ეპოქა შექმნეს და მანამდე არსებული ფასეულობები თავდაყირა დააყენეს. სადმე რაიმე ტექნიკური პროგრესის სახელმძღვანელო რომ არსებობდეს, ალბათ ასეთი პროექტებისთვის ცალკე თავს გამოყოფდნენ სათაურით: „როგორი რამე-რუმე არ უნდა შექმნათ!!!“. საოცარია, მაგრამ ხშირად სწორედ ასეთი „შეცდომები“ ალამაზებს ცხოვრებას, განსაკუთრებულ, მგზნებარე საყვარულსაც ხომ ზუსტად ასეთი „დეფექტიანები“ და „არასწორები“ იმსახურებენ. დედასაც ყოველთვის ის შვილი უყვარს გამორჩეულად, რომელმაც სხებზე მეტად გააწვალა. ალბათ ადამიანის ბუნბაშია - უყვარდეს ის, რასაც ძლიან ბევრი შრომა და ბევრი ემოცია დაახარჯა. დღეს საავტომობილო სამყაროს რამდენიმე „შედევრზე“ მოგიყვებით, რომლებსაც წლების მანძილზე დასცინოდნენ (არცთუ უმიზეზოდ), აძაგებდნენ (სრულიად დამსახურებულად) და მაინც ყველაზე დიდი ფანკლუბები და სხვებზე მეტი ერთგული თაყვანისმცემლები ყავთ!

Trabant - მეორე მსოფლიო ომის დასრულებისა და გერმანიის ერთი ნახევრის „გასაბჭოების შემდეგ“, აღმოსავლეთ გერმანიის მთავრობა საკუთარ მუშათა კლასზე ზრუნვით აენთო და ფართო მასებისათვის ხელმისაწვდომი, იაფფასიანი ავტომობილის გამოშვება და მთელი ერის საჭეზე დასმა განიზრახა. ამ დიადი მისიის შესასრულებლად, ჯერ ბედის ირონიით ბერლლინის კედელს გამოღმა დარჩენილი ავტოქარხნების (მათ შორის, „აუდის“) ნაციონალიზაცი მოხდა, შემდეგ კი ყველას ერთ გაერთიანებაში უკრეს თავი და ახალი კონცერნიც შექმნეს. IFA (Industrieverband fahrzeugbau)-მ თავისი არსებობის მანძილზე რამდენიმე ნაკლებად საინტერესო მოდელი ააწყო და ალბათ ისტორიას ჩაბარდებოდა საბჭოთა კავშირის მიერ კოსმოსში თანამგზავრის გაშვების აღსანიშნავად 1957 წლის 7 ნოემბერს ახალი მარკის ავტომობილი „ტრაბანტი“ (გერმანულად „თანამგზავრი“) რომ არ გამოეშვა. მიუხედავად იმისა, რომ „ტრაბანტი“ გარეგნულად თავისი დასავლელი კონკურენტების „ოპელისა“ და „კადილაკის“ მინივერსიას წააგავდა, მანქანა იმდენად პატარა იყო, რომ უნებლიე ღიმილს იწვევდა! განსაკუთრებულად სასაცილო იყო ყურებივით დაცქვეტილი უკანა ფრთები და არაპროპორციულად მაღალი ჭერი. მაგრამ მანქანის მთავარ შარმი მაინც მისი პლასტმასის ძარა გახლდათ. მოგეხსენებათ, ომისშემდგომ სოციალისტურ ევროპაში ფოლადი როგორ ჭირდა და „ტრაბანტზეც“ სადაც კი შეიძლებოდა ეკონომია გააკეთეს:  ძირითადი კარკასის გარდა ყველაფერი ძალიან არასაიმედო, მაგრამ ამაყი დასახელების მქონე „დუროპლასტისაგან“ ჩამოასხეს, რომელიც შეხებისას აშკარად პლასტმასს გავდა, დაკაკუნებისას მუყაოს ხმას გამოსცემდა, სინამდვილეში კი ბამბის ნარჩენებისა და წებოს ნარევს წარმოადგენდა... თუმცა 60-იანი წლების „ტრაბანტის“ რა გვიკვირს, როცა საკმაოდ პოპულარული სპორტქარი „შევროლე-კორვეტ“-ის ძარა დღესაც მთლიანად(!) პლასტმასისგან მზადდება. კიდევ უფრო დიდი პრობლემას წარმოადგენდა „ბენზონანსოსის“ არარსებობა (და შესაბამისად საწვავის რაოდენობის მანჩვენებელიც არ იყო) - საწვავი კარბიურატორში თავისით მიედინებოდა. ბენზინის ბაკი, კი კაპოტქვეშ, ძრავის გვერდით იყო მოთავსებული, რაც როგორც ხვდებით, ბენზინის ჩასხმისას უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომების დაცვას მოითხოვდა. მიუხედავად პატარ-პატარა მოდიფიკაციებისა, „ტრაბანტი“ თავისი არსებობის მანძილზე პრაქტიკულად არ შეცვლილა და 1991 წელს (როცა ბოლო მოდელი გამოუშვეს) ნამდვილი ანტიკვარიატივით გამოიყურებოდა. 
რამდენიც არ უნდა ვიქილიკოთ „ტრაბანტის“ უხეირო იერსახისა და კიდევ უფრო სასაცილო ძრავის თაობაზე, იგი წლების მანძილზე რჩებოდა სოციალისტური გერმანიის ყველაზე ხელმისაწვდომ, შესაბამისად - ყველაზე პოპულარულ მანქანად. „ტრაბანტზე“ იმხელა მოთხოვნილება იყო, რომ ქარხანა შეკვეთებს ვეღარ აუდიოდა და მანქანის მომლოდინეთა უსაშველო რიგები იდგა. წარმოუდგენელია, მაგრამ ნახმარი ავტო ახალზე ბევრად ძვირი ღირდა: პრაქტიკულ გერმანელებს ახლის რამდენიმე წელი ლოდინს გამონაცვალის ყიდვა ერჩივნათ. ბელინის კედლის დანგრევის შემდეგ აღმოსავლეთ გერმანიის სიმბოლომ ფუნქცია დაკარგა, საჭირო აღარ იყო, მისი წარმოება დახურეს, ქარხანა „ფოლკსვაგენმა“ შეისყიდა და ... გეგონათ რომ დავიწყებას მიეცა? არა, დღევანდელ გერმანიაში 50 ათასზე მეტი „ტრაბანტი“ დადის. მსოფლიოში მისი რამდენიმე ათეული ფან-კლუბია რეგისტრირებული (კანადაშიც კი) და „ტრაბანტის“ ბედნიერი მფლობელები წელიწადში ერთხელ ცივაკუში, მისი დაბადების ადგილზე მისვე დაბადების დღეზე  იკრიბებიან...
P.S. 2009 წელს, ფრანკფურტში მსოფლიოს უმსხვილეს ავტოსალონში, რომელშიც ეკონომიკური კრიზისი გამო „ნისანმა“, „ჰონდამ“ და „მიცუბისმა“ მონაწილეობა ვერ მიიღეს, 82 მსოფლიო პრემიერიდან ერთ-ერთი განახლებული, მკვდრეთით აღმდგარი „ტრაბანტის“ ელექტრომობილიც იყო. სხვათა შორის, წელს უნდა გაეშვათ მასიურ წარმოებაში - ვინმემ რამე იცით ამის შესახებ?

Peel P-50 (მოფერებით „პიელპი“) -  მთლად მანქანა არაა, მას უფრო „მოტო-ეტლების“ ანუ „მოკრომანქანების“ ოჯახს მიაკუთვნებენ. Peel Engineering Company-ს ეს შედევრი მისი წარმოების 1962-1965 წლებში სულ რაღაც 199 გირვანქა სტერლინგი ღირდა. ამ ჩია მანქანაში ერთი ზრდასრული ადამიანი (ისიც მოკრძალებული კომპლექციის) და ერთი ჩანთა ეტევა. აქვს ერთადერთი მარცხენა კარი, ერთი ფარი და დღემდე ინარჩუნებს ყველაზე პატარა ზომის სერიული ავტომობილის ამაყ სახელს. მანქანა მხოლოდ ერთი მიმართულებით - წინ მოძრაობს და უკან მობსაბრუნებლად „ზურგზე“ პატარა სახელური აქვს, ანუ ჩიხში თუ შეხვალთ, „პიელპიდან“ გადმოსვლა და
მისი ხელით მობრუნება მოგიწევთ. რაც სულ არაა რთული, თუ გავითვალისწინებთ, რომ ეს სამთვლიანი „მხეცი“ მხოლოდ 59 კილოგრამს იწონის. და რაც არ უნდა უცნაურად მოგეჩვენოთ, ეს „ცეროდენა“ მოტოციკლეტის ძრავისა და სამსიჩქარიანი გადაცემათა კოლოფის წყალობით 60 კმ/სთ სიჩქარის განვითარებას ახერხებს. აღორძინებულმა კომპანიამ 2010 წელს „პიელპის“ ელექტროვერსიების წარმოება განაახლა და წელს უკვე მისი საგზაო, სრულფასოვანი ანუ ბენზინზე მომუშავე ვერსიის გამოშვებასაც გვპირდებიან.



Reliant Robin – ინგლიური გენიის მიერ შექმნილი მორიგი სამბორბლიანი შედევრი თავისი შთამბეჭდავი ზომა-წონისდა (450 კგ) მიუხედავად ტარების უფლებისთვის B1 კატეგორიის მართვის მოწმობას მოითხოვს, რაც ბრიტანული კანონმდებლობის თანახმად, მოტოციკლეტის რანგში გადის და ხელმომჭირნე ბრიტებს ჩვეულებრივ ავტმანქანასთან შედარებით ნაკლები გადასახადის გადახდის და არც მეტი არც ნაკლები წელიწადში 55 გირვანქა სტერლინგის ეკონომიის საშუალებას აძლევს. რაც როგორც ხვდებით ამ მანქანის პოპულარობის ძირითადი მიზეზი გახდა და ხელი შეუწყო მის უღრუბლო არსებობას 1973 წლი ოქტომბრიდან 1981 წლამდე, როცა როგორც იქნა მიხვდნენ, რომ მანქანის ამ პაროდიის გამოშვება უკვე სამარცხვინო იყო. „რობინს“ ხომ ფრიად უჩვეულო კონსტრუქცია ჰქონდა,  წინ ერთი (+ ძრავი) და უკან 2 თვალი. რის გამოც სიმძიმე არასწორად ნაწილდებოდა და მძღოლი თუ თანამგზავრის გარეშე იჯდა, ისედაც მერყევი და არამდგრადი „კოლოფი“ ყოველ მოსახვევში მხართეძოზე კოტრიალდებოდა. ამ მანქანის მოყვარულები თავად აღიარებენ, რომ იგი მხოლოდ სწორ გზებზე სასიარულოდ გამოდგება და თანაც, მშვიდობიანი მგზავრობის გარანტად სასურველია მეორე სავარძელზე წონასწორობის დასაცავად ერთი ტომარა ცემენტი მაინც იდოს.
ინგლისელები რისი ინგლისელები იქნებოდნენ, ტექნიკურ პროგრესს ასე ადვილად რომ დანებებოდნენ და 1989 წელს ახალი, გაძლიერებული ძრავით აღჭურვილი რობინის აღორძინება რომ არ ეცადათ. 1999 წელს „რობინი“ სრულიად ახალი გარეგნობითა და „ოპელ კორსას“ ფარებითაც კი დაამშვენეს, მაგრამ „ჰეჩბექად“ მოაზრებულმა ამ მოდელმაც ვერ გასტანა დიდხანს და არსებობა 2001 წელს ოფიცილაურად დაასრულა. უკანასკნელი, კაკლის ხითა და ტყავით გაწყობილი სალონით დამშვენებული სპეციალური გამოშვების სახელით ცნობილი „რობინ 65“ 10 ათას გირვანქა სტერლინგად გაიყიდა. მადლიერი მომხმარებლებისაგან მეტისმეტი სიყვარულის ნიშნად „პლასტმასის ღორად“ წოდებული მანქანის გაცოცხლება 2002-ში ერთხელ ისევ სცადეს, მაგრამ ამაოდ. თუმცა, „რობინის“ ფანები გულს არ იტეხენ და მომავალს იმედის თვალით გასცქერიან... იქნებ... ოდესმე... ვინმემ... და მანამდე რობინების რალით ირთობენ თავს.




ყველა თავმოყვარე საავტომობილო ფირმას თავისი შიდა "ტიუნინგ-ფირმაც" ყავს. მაგალითად: "მრსედესს" "ბრაბუსი" ან "AMG", "სუბარუს" "ბლიტცენი" და ა.შ. მაგრამ ამ მხრივ განსაკუთრებულად იტალიურ "ფიატს" გაუმართლა და წილად იტალიური წარმოშობის ავსტრიელი კარლო აბარტის მიერ დაარსებული "Abarth & C" ერგო. თუმცა თავისი კოლეგებისგან განსხვავებით "აბარტი" სერიოზულ კომპანიაზე მეტად ტიუნიგ-ატელიე გახლავთ და მას უკვე მზა მანქანები მიყავს კონდიციამდე, ანუ ჩვეულებრივ მანქანებისგან ტრეკის მონსტრები გამოყავს ხოლმე. ეს "ხოლმე" იმიტომ მოვიშველიე, რომ იტალიური ხასიათიდან გამომდინარე, განზრახვა და შედეგი ერთმანეთს ვერ ემთხვეოდა და შედეგად 1966 წელს "ფიატი 600"-ის 24 საათიანი ავტორალისთვის მომზადების პროცესში აბარტის ინჟინრები გენიალურ იდეამდე მივიდნენ - ძრავის გასაგრილებლად და ამ გზით სიჩაქრის სულ რამდენიმე კილომეტრ/საათით გაზრდისათვის მანქანის საბარგული გააღეს და ასე გაღებული დატოვეს! არ ვიტყუები.
გეფიცებით, მანქანა გაყიდვაში ღია საბარგულთ გავიდა. გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, მაგრამ ამ "სპეცმომზადების" შედეგმა ყველაზე ოპტიმისტურ მოლოდინსაც გადააჭარბა: "ფიატმა 600"-მა პირველივე გამოსვლაზე სიჩქარის ახალი რეკორდი დაამყარა - 167,722 კმ/სთ (წინა რეკორდი 136,503 კმ/სთ იყო). და ეს მისი გამარჯვებების პირველი ნაბიჯი იყო, მალე 72 საათიან რალიზე და მეოთხედ მილზე შეჯიბრშიც მოხსნა რეკორდები. ღია საბარგული ხომ კარგი ვენტილიატორის გარდა "ანტიკრილოს" მოვალეობასაც ასრულებდა!
ორიოდე სიტყვის თქმას ავტოსამყაროს ჯორზე - "მაზდა ფორდზეც" ვაპირებდი, მაგრმ ეგ ალიანსი საბედნიეროდ დაიშალა და აშკარაა, რომ აღარ აღორძინდება. თუმცა, გავიგე, "მაზდამ" ხელშეკრულება ახლა მექსიკელებთან და გვატემალელებთან გააფორმა და 2013 წლიდან მექსიკაში აწყბილი მანქანები გამოვაო... ღმერთო, შენ ვიშველე!!! ისე, იაპონლებს რომ საარაკოდ მახინჯი მანქანები ყავთ, იმათთან ევროპელი დიზაინერები რას მივლენ, მაგრამ იმათზე სალაპარაკოდ უსასრულობა არ მეყოფა და ჯობია საერთოდ არ დავიწყო...

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპისნი





0 კომენტარი.:

Post a Comment