ორიოდე სიტყვა ქართულ ენაზედ

Approved by Natia Jinjolava

მიშველეეეთ!!!!
ვერ ვიტყვი რომ ენა სხვებზე უკეთ ვიცი, ან სხვებზე მეტად მიყვარს, მაგრამ ჩემი შესაძლებლობის და ცოდნის ფარგლებში, ვცდილობ პატივი ვცე და შეძლებისდაგვარად დავიცვა კიდეც. ახლა არ მოვყვები რა მნიშვნელობა აქვს ენის სიწმინდეს ეროვნული თვითშეგნების განვითარებისთვის ან როგორი მდიდარი და გამართულია ქართული ენა, ან რა ადგილი უკავია მსოფლიო ენების კლასიფიკაციაში. მე სხვა რამ მადარდებს, ჩემი ყოველდღიურობიდან გამომდინარე:
1. ახალგაზრდა თაობების ლექსიკური მარაგის სიმცირე - თმები ყალყზე დაგიდგება ისეთი სიტყვები არ იციან და მე იმას არ ვგულისხმობ ასანთს „სპიჩკას" და ძეხვს „კალბასს" რომ ეძახიან. მე ცოტა უფრო ღრმა პრობლემები მაქვს მხედველობაში - შარშან ეროვნულ გამოცდებზე აბუტურიენტთა უმრავლესობამ უხინჯო მახინჯად განმარტა და სულ ვერ მიხვდნენ რა იყო ორანჟერეა, რომელიც სხვათა შორის, ქართული სიტყვა სულ არ არის. ყველაფერი ეს ენის უცოდინრობასთან ერთად გაუნათლელობასა და წიგნებთან (თუნდაც ელექტრონულ) მწყრალად ყოფნაზე მეტყველებს. არავინ არ ითხოვს „სახლში წავალს“ ნაცვლად „შინ წავალ“ ვთქვათ, მაგრამ სიტყვა შინ გაგონილი თუ არა, წაკითხული მაინც უნდა გვქონდეს.
დამეხმარეეეეეთ!!!
2. სახელმწიფო და არა მარტო სამსახურებში კორექტორისა და სტილისტის შტატის გაუქმება - აღარაფერი აღარ იკითხება, კომპიუტერთან თითების მოკაკუნე პატარ-პატარა ჩინოვნიკების და მათი ზარმაცი უფროსების (ქვემდგომის მომზადებულის წაკითხვაც რომ ეზარებათ) უპასუხისმგებლობა უკვე კატასტროფულ ზომებს ღებულობს. ქართულ კანონებში რომ გაერკვე, საიდანაცაა გადმოწერილი ორიგინალი უნდა წაიკითხო, თორემ უხეირო თარგმანისა და ცუდად ჩამოყალიბებული აზრის გადამკიდე, დამწერი რას გულისხმობდა ფხიზელ გონებაზე ვერ მიხვდები. საკუთარი შემოქმედებისადმი აგდებული დამოკიდებულების თვალსაჩინო მაგალითია ქართული საიტები. ნებისმიერზე შედით და ყველაზე მარტივი, მაგალითად ნებისმიერი ჩინოვნიკის ბიგრაფია ნახეთ. რა უნდა იყოს ბიოგრაფიის დაწერაზე და მის აკრეფაზე ადვილი. რა თქმა უნდა არაფერი, ერთხელ მაინც თუ გადაიკითხავ და მექანიკურ შეცდომებს მაინც გაასწორებ. არავინ არ კითხულობს, იმის ვისი ბიოგრაფიაცაა იმ პირის ჩათვლით, თორემ ისეთი შეცდომებია, თვალს წამოგთხრის. ნუთუ ადამიანს იმან მაინც არ უნდა გადაინტერესოს, შენზე რა წერია ინტერნეტში, ეგებ დაბალი ხელფასით ან ცუდი მოპყრობით გაბრაზებულმა ოპერატორმა იხალისა და გაგინა ან ჩაგიწერა რომ მინისტრის ნაცვლად, ონჭიკეთის ფერმის გამგის პოსტი გეჭირა?! მთავარია, რომ ინფორმაცია ჩაყარეს და სხვა ვის აინტერესებს.
რა დავაშავე????
ამას წინათ ერთი ჩემი მეგობარი ოდესღაც საჯარო ბიბლიოთეკის საიტს ეძებდა. გვიან გაგვახსენდა, რომ მერე ეროვნული დაარქვეს, მაგრამ ამანაც არ გვიშველა. ქართული „გუგლი“ ჯიუტად გვიგდებდა რაღაც „პარლამენტის ბიბლიოთეკას“ და გამორიცხვით მივხვდით, რომ ეს უნდა ყოფილიყო. არად, საერთოდ, რაიმე ორგანიზაცია სახელს რომ გამოიცვლის, ძალიან მარტივად კეთდება, რომ ინტერნეტ სივრცეში მისი მოძებნა ნებისმიერი, ძველი და ახალი სახელით ერთნაირად მარტივად ხდებოდეს, მაგრამ ბიბლიოთეკის ვებგვერდზე რომ შეხვალთ, თავად მიხვდებით, რომ ისინი არ არიან დაინტერესებული ვინმემ იპოვოს - საიტის მენიუ ძველი ქართული ანბანითაა დაწერილი. ღილაკზე დაჭერის მეთოდით უნდა მიხვდე სად შედიხარ. რაც ყველაზე საინტერესოა, ბიბლიოთეკა კი პარლამენტის გახდა, მაგრამ საიტზე განთავსებულ სტატიებში ისევ ეროვნული ქვია - გადაკეთება დაეზარათ ან საერთოდ არ გაახსენდათ, არ იხედებიან საიტზე და არ იციან შიგნით რა წერია. განსაკუთრებით საინტერესოა ბიბლიოთეკაში სკოლის მოსწავლის გაწევრიანების პროცედურა - მოსწავლემ ბიბლიოთეკაში უნდა წარადგინოს იმ მშობლის პირადობის მოწმობა, რომლის გვარზეცაა და დაბადების მოწმობაც. მამა თუ მკვდარი ყავს ვერ გაწევრიანდება, ალბათ მამის გარდაცვალების და მშობლების ქორწინების მოწმობაც თუ არ მიიტანა. რომ ვიკითხე, ასეთი რთული პროცედურა რა საჭიროა-თქო, ამაყმა ბიბლიოთეკარმა მიპასუხა, საჭირო არაა სკოლის მოსწავლემ იცოდეს ეროვნული ბიბლიოთეკა საერთოდ რომ არსებობსო! რაც შეეხება, უფროსებს,  ბიბლიოთეკაში რომლიდანაც წიგნებს არ გატანენ, გთხოვენ საცხოვრებელ მისამართს სადარბაზოსა და ბინის ნომრის აუცილებელი მითითბით. მოკლედ, კერძო სახლში თუ ცხოვრობთ, ბიბლიოთეკას ტყუილად ნუ მიაკითხავთ, არ შეგიშვებენ.
აღარ მინდა !!!!
3. მინდა ჩემი ენა განაახლონ - რა მაქვს მხედველობაში ახლავე აგიხსნით. გაჩნდა კომპიუტერები, განვითარდა ავტოინდუსტრია, უამრავი ახალი ნივთი შეიქმნა და არა თუ ქართული სახელი მათი არცერთნაირი სახელი არ გვაქვს. გარდა ახალ შექმნილი სიტყვებისა, ძველებიც დასახვეწია. მაგალითად „პომიდორი“, კარგით რა, დიდი ხანია პამიდორი ქვია. ყურს არ გჭრით პომიდორი და კოსტიუმი? ერთ ადამიანს მაინც თუ მანახებთ, რომელიც ასე მეტყველებს და ირგვლივ მყოფები არ დასცინიან, ბოდიშის მოვიხდი. ან კანფეტი - კარგახანია კამფეტი გახდა. ყველა ენა ვითარდება და ყველა ენა განიცდის ცვლილებებს. ძალიან მწყდება გული რომ საბუთი დიდი ხანია დოკუმენტად იქცა და შესანიშნავ სიტყვა „ღონისძიებას“ ივენთს ეძახიან. თუმცა, ასევე ყურებს მჭრის „ტრუბოჩკას“ და „პონჩიკს“ ყურით მოთრეულ „მილუკას“ და „ფუნჩულას“ რომ არქმევენ. ქვია ამ ნამცხვრებს უკვე ასე დავანებოთ რა თავი. ამერიკულ პონჩიკს ამერიკულადვე დონატს თუ ვეძახით პონჩიკი რომ პონჩიკად დარჩეს რა მოხდა? რეცეპტების წერისას მართლა ვწვალობ, მინდა თან ქართულად ვიმეტყველო და თან მკითხველიც მიხვდეს რაზე ვლაპარაკობ. თვითონ ვხალისობ „ფისტაშკას“ რომ ქართულად ბუსტუღი ქვია და ჯიუტად ვიმეორებ სტატიიდან სტატიაში, მაგრამ ქონდარას რომ ვწერ, დარწმუნებული ვარ ყველას ქონდარი გონია, არადა სულ სხვა მწვანილია. არ გვაქვს „პეჩენიეს“, „პეროგის“, „პერაჟოკის“ შესატყვისი სიტყვები, ნამცხვარი და ღვეზელი ზოგადი სახელია. ვაშლის და კომბოსტოს ღვეზელზე რომ ვყვები, თუ ბიჭი ხარ, მიხვდი რა ვიგულისხმე პეროგი თუ პერაშკიJ. ფრანგული „შუ“ და „ეკლერი“ თუ უპრეტენზიოდ ჩავიხუტეთ გულში „ტრუბოჩკაზე“ რუსოფობია რატომ გვემართება? რუსულენოვან „ჟაროვნას“ რომ „ჟარონას“ ეძახიან კი მეხამუშება, მაგრამ ყველა რეცეპტში „საცხობი თუნუქის ფირფიტის“ გამეორება კიდევ უფრო მტანჯავს.
თან ერთი საოცარი ფენომენი შევნიშნე - ადამიანები რომლებიც ღიზიანდებიან ჩემს რეცეპტში მოხსენიებულ „პეჩენიაზე“, რატომღაც სრულიად აუღელვებლად ეგუებიან იმავე სტატიაში მოხსენიებულ „ქაფქეიქს“ ან „მაფინს“, რომლებსაც კონკრეტული პეჩენიისგან ან პეროგისგან განსხვავებით ზუსტი ქართული შესატყვისი აქვთ ოდესღაც უსცხოური, მაგრამ დღეს გაქართულებული კექსის სახით.
Vashlatamaaaaaaaaa!!!!!!!
ერთი სიტყვით, „ნურც გაფრინდები, ნურც მოფრინდები“ მჭირს, მაგრამ ასე ჩემი ენის გამო ვარ. მინდა ენის პალატა და ენათმეცნიერები დამიბრუნონ, რომლებიც ჩემს ნაცვლად დაჯდებიან და იმტვრევენ თავს ამ ყველაფერზე. ოღონდ რამე დააწესონ და ყველაფერს მივიღებ, ჯანდაბას „ბასანოჩკს“ და „სტაიანჩიკსაც“ დავმორჩილდები, ოღონდ ენა გამიმართონ და ჩემი ენის გამართულ გრამატიკას მოარგონ, თორემ თავის დროზე ალბათ ზუსტად ასე აღიზიანებდათ უცხო ენიდან შემოსული, მაგრამ დღეს ასე ქართული სიტყვების 80%. მანამდე კი ჩემს პატარა აჯანყებას მოვაწყობ და ყველა განმარტებითი ლექსიკონის ჯინაზე ჯიუტად დავწერ პამიდორს, კამფეტს, ანეგდოტს და კოსტუმს! პარალელურად, მთაწმინდის პარკში ინგლისურად დაწერილ „ვაშლატამას“ დაუზარლად ვეომები - სხვა სახელი ქვია ქართულადაც და სულაც ატმისა და ქლიავის ჰიბრიდია და ვაშლთან კავშირი არ აქვს, მაგრამ რახან დავარქვით, ქართულად მეც ასე დავუძახებ, მაგრამ წვენის დაწურვა ვინც მოახერხა და ფულის გაკეთებაც განიზრახა, იმან კეთილი ინებოს და ცოტა იწვალოს. ბოლოს და ბოლოს ატმის ჰიბრიდების სურათები რომ ეძებნა „გუგლზე“ იქ ნახავდა რა ქვია. მე რომ დამჭირდა, ზღმარტლს და მუშმულას (სხვათა შორის, რომელსაც სამეგრელოში, სადაც ხარობს დიდი ხანია ბაშმალას ეძახიან) მივაგენი! ცნობისთვის - ადამიანი შრომამ და აზროვნებამ შექმნა ...

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

2 კომენტარი.:

  1. Unknown

    კულინარულ რეცეპტებს ვთარგმნი და თქვენს პოსტს "ჟარონის" ქართული სახელწოდების პოვნისას გადავაწყდი!

    აბსოლუტურად გეთანხმებით ყველა აქ გამოთქმულ აზრში!

    შესანიშნავი პოსტია!

  1. Unknown

    "ერთხელ მაინც თუ გადაიკითხავ და მექანიკურ შეცდომებს მაინც გაასწორებ. არავინ არ კითხულობს, იმის ვისი ბიოგრაფიაცაა იმ პირის ჩათვლით, თორემ ისეთი შეცდომებია, თვალს წამოგთხრის. ნუთუ ადამიანს იმან მაინც არ უნდა გადაინტერესოს "- აქ დავასრულე მე კითხვა !

Post a Comment