19.11.11
კომშის მარმელადი
Approved by
თეთრი მარმელადი
ეს რეცეპტი შორეული პორტუგალიის ერთ-ერთი მონასტრის კულინარიული წიგნიდანაა და ჩვეულებრივ კომშის მარმელადზე ბევრად უფრო თეთრია. თეთრი მარმელადის დამზადების რეცეპტს ქალაქ ოდიველაშში 1295 წელს დაარსებული ორდენის, ბერნარდაშ დე სისტერის (Ordem das Bernardas de Cister) მონასტრის მონაზვნები საუკუნეების მანძილზე გულმოდგინედ ინახავდნენ და მხოლოდ უკანასკნელი მონაზვნის, კაროლინა ავგუსტა დე კასტრო ი სილვას გარდაცვალების შემდეგ გამოაქვეყნეს „ოდიველაშის უკანასკნელი მონაზვნის რეცეპტების წიგნში“.
ინგრედიენტები: 1 კგ კომში, 2 კგ შაქარი, 1 ლ წყალი
კომში გავრეცხოთ, გავთალოთ და ამოვაჭრათ გული. თითო კომში გავჭრათ ოთხად და სასწრაფოდ ჩავალაგოთ ცივ წყალში. თეთრი მარმელადის მოსახარშად ემალირებული ან უჟანგავი ფოლადის ჭურჭელი დაგვჭირდება. ასე კომშს გამუქებისგან დავიცავთ. შაქრისა და წყლისგან მოვადუღოთ სიროპი. სიროპს შაქრის „მარგალიტებად“ ადუღებამდე ვხარშავთ, ანუ ზედაპირზე მარგალიტივით ბუშტების გაკეთებას რომ დაიწყებს. ცალკე, თავდახურულ ქვაბში ცოტა წყალთან ერთად მოვთუშოთ კომშმი, სანამ არ დარბილდება. მერე ვაქციოთ პიურედ და დავუმატოთ სიროპს, შემოვდგათ ცეცხლზე და დავტოვოთ ზედაპირზე ბუშტების გაკეთებას სანამ არ დაიწყებს. გადავდგათ ცეცხლიდან, ცოტა შევაგრილოთ, გადავასხათ ფორმაში, სადაც უნდა გაშრეს და თავზე პერგამენტის ქაღალდი დავაფაროთ. მარმელადი ოთახის ტემპერატურაზე რამდენიმე დღის განმავლობაში შრება. საბოლოოდ რომ გაშრება კუბიკებად დავჭრათ და პერგამენტჩაფენილ კოლოფებში შევინახოთ.
კლასიკური, წითელი მარმელადი
ინგრედიენტები: 3 კგ კომში, 2,5 კგ შაქარი, 600 მლ წყალი, 1 ც ლიმონი
კომში კარგად გავრეცხოთ და გავხეხოთ ჯაგრისით. გავთალოთ. ნათალი კანი ვადუღოთ წყალთან ერთად. მერე გადავწუროთ და კანები გადავყაროთ. გათლილი და გულამოჭრილი კომში დავჭრათ პატარა ნაჭრებად. მურაბის სახარშ დიდ ჯამში ჩავყაროთ კომში, ლიმონის წვენი და ცედრა, დავასხათ კომშის კანის ნახარში და შემოვდგათ ცეცხლზე. კომში რომ დარბილდება დავუმატოთ შაქარი. შიგადაშიგ ვურიოთ და ვხარშოთ სანამ არ მომზადდება (დაახლოებით საათზე ცოტა მეტი). კარგად რომ შესქელდება, დავაბლენდეროთ. ისევ გაზზე შემოვდგათ და ვხარშოთ. თან სისტემატიურად ვურიოთ. მარმელადის უყურადღებოდ დატოვება არ შეიძლება, შეიძლება ჯამიდან გადმოვიდეს. რაც უფრო მეტ ეტაპად მოვხარშავ მით უკეთესი გამოდის. მივიყვანოთ დუღილამდე, ვადუღოთ 10 წუთი, გამოვრთოთ, რომ გაგრილდება ისევ შემოვდგათ ცეცხლზე და ასე გავიმეოროთ 4-5 ჯერ. მზა მარმელადი იმდენად სქელდება რომ მისი მორევა ძნელდება. მზა მარმელადი გასაშრობ ფორმაზე დავასხათ და თავზე დასპირტული პერგამენტი დავაფაროთ. ასეთი მარმელადი მზეზე ან კარგად განიავებად მშრალ ოთახში რამდენიმე კვირი მანძილზე შრება.
გემრიელად მიირთვით!
საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი
0 კომენტარი.:
Post a Comment