TATOO - ანუ მხატვრობა სხეულზე

Approved by Natia Jinjolava


ძნელია იმის თქმა თუ კონკრეტულად როდის წარმოიშვა ტატუირება, თუმცა ცნობილია, რომ მისი კულტურა რამდენიმე ათასწლიან ისტორიას ითვლის. უძველესი ტატუირების ნიმუშები არაერთგან იქნა არქეოლოგების მიერ აღმოჩენილი.
ევროპაში მის განსაკუთრებულ პოპულარიზაციას ხელი ბრიტანელმა მოგზაურმა - ჯეიმს კუკმა (1728-1779 წ.წ.) შეუწყო, როდესაც 1769 წელს მოგზაურობიდან დაბრუნებულმა კაპიტანმა ტატუირებით დაფარული გვამი ჩამოასვენა.
დღესდღეობით ტატუირება ფართოდ არის გავრცელებული მთელს მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც.  სულ უფრო და უფრო ხშირად შეხვდებით ვიტრინებს სხვადასხვა, მომხიბვლელი ფორმებით გაკეთებული წარწერით - ,,TATOO“. განსაკუთრებული პოპულარობით იგი ახალგაზრდებში სარგებლობს.
ტატუირების დანიშნულება მისი განვითარების ადრეულ ეტაპზე მისი მფლობელის სხვებისგან მკაფიო გამორჩევა, ასევე როგორც მებრძოლისთვის - შემზარავი იერის მიცემა იყო. ამიტომაც ძველ ხალხებში მისი დატანა პირველ რიგში სახეზე ხდებოდა. ძველი ინდიელები სახეს სხვადასხვა დროებითი, ხანაც მუდმივივი საბრძოლო, რიტუალური ორნამენტებით იხატავდნენ. ახალი ზელანდიის მკვიდრნი - მაორები სახეზე ნიღბისებურ მუდმივ მოხატულობას იკეთებდნენ, რომელსაც ,,მოკო“ ეწოდება.
თანამედროვეობაში მომხმარებელთა დიდი ნაწილი ლამაზი ორნამენტებით (ხშირად ყოველგვარ დატვირთვას მოკლებული) იფარავს სხეულის ამა თუ იმ ნაწილს, ბევრიც რომელიმე აზიური ქვეყნის იეროგლიფურ წარწერებს იკეთებს (შეხვდებით ისეთებსაც, რომლებმაც მათ სხეულზე გამოსახული იეროგლიფის მნიშვნელობა ან არ იციან, ან მისი მცდარი განმარტება აქვთ). ზოგი ტატუირებას იმიტომ იკეთებს, რომ მუდმივად გამოირჩეოდეს და საზოგადოების ყურადღების ცენტრში იმყოფებოდეს, ზოგს კი საზოგადოების ასეთი ყურადღება არ აინტერესებს და მისი ამა თუ იმ მიზეზით გამოწვეული სურვილით გაკეთებულ სხეულის მოხატულობას არ ,,ამარიაჟებს“.

ამჟამად გავრცელებული პრაქტიკის მიხედვით ტატუირება პოპულარულია როგორც სხეულის გამოსაჩენ ნაწილებზე, ასევე ინტიმურ ადგილებშიც. დიდი მნიშვნელობა აქვს ტატუირებისთვის სხეულზე ადგილის შერჩევასაც, რადგან დროთა განმავლობაში სხეული ზომებში იცვლება, კანი კი ბერდება. მაგალითად ფეხმძიმობის შემდეგ შეიძლება მკვეთრად გაფუჭდეს მუცელზე გაკეთებული ტატუირება, ან თუნდაც ფიზიკურად ნავარჯიშები მამაკაცის სხეულზე გაკეთებული ნახატი, რომელიც ასაკის მატებასა და ფიზიკური ფორმის შესაძლო გაუარესების პირობებში ძველებურად ლამაზად ვეღარ გამოიყურება. იბადება კითხვა: წლების წინ გაკეთებული ტატუს დანახვა ათწლეულების შემდეგაც იგივე დადებით ემოციებს გამოიწვევს ჩვენში?!
მას, ვისაც ტატუს გაკეთება სურს, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ უნდა გათვალისწინოს ტატუირების შესაძლო უარყოფთი ზეგავლენა მის ჯანმრთელობაზე, აუცილებლად უნდა მიაქციოს ყურადღება თუ სად (რა პირობებში) იკეთებს ტატუირებას. დაუშვებელია ტატუირების კუსტარული ხელსაწყოებით, არასტერილურ გარემოსა და არაპროფესიონალის მიერ გაკეთება, რამეთუ აღნიშნულის უგულვებელყოფისას დიდია რისკ ფაქტორი სხვადასხვა ვირუსულ-ინფექციური დაავადებების (მაგ: ჰერპესი, ჰეპატიტები და შიდსიც კი...) შეძენისა. ხსენებული რისკ ფაქტორების გამო ტატუირების მქონე პირს როგორც წესი უარს ეუბნებიან სისხლის დონორობაზე.
ტატუირების მსურველებმა უნდა იხელმძღვანელონ პრინციპით: ,,ასჯერ გაზომე, ერთხელ გაჭერი“. ხშირია შემთხვევები, როდესაც ადამიანი ამა თუ იმ მიზეზით ღებულობს გადაწვეტილებას მოიშოროს სხეულზე ადრე გაკეთებული გამოსახულება, რისი განხორციელებაც არცთუ ადვილია. ისევე, როგორც ტატუს დახატვა, მისი მოშორებაც პროფესიონალს უნდა ანდოთ რაც აუცილებელია შემდგომი სავარაუდო გართულებების თავიდან აცილების მიზნით. აღნიშნული კი დაკავშირებულია როგორც დამატებით ხარჯებთან, ასევე უსიამოვნო პროცედურებთან და შესაძლებელია - ნახატის მოშორების შემდეგ კანზე დარჩენილ არასასურველ და მითუმეტეს არასასიამოვნო კვალთან. საზოგადოების ის ნაწილი კი, რომელსაც სხეულზე ნახატის გაკეთება სურს, მაგრამ ამ ნაბიჯის გადადგმას ჯერ კიდევ ყოყმანობს, ხშირად მიმართავს ე.წ. დროებითი ტატუს პრაქტიკას, რაც როგორც წესი ნახატის სხეულზე საღებავებითა და ფუნჯით (ყოველგვარი ნემსებისა და ჩხვლეტების გარეშე) ან სპეციალური ,,ნაკლეიკებით“ გადატანას გულისხმობს. ამგვარი ტატუირების მქონეს სრულიად მარტივად შეუძლია მოხტული კანისათვის ძველებური იერის აღდგენა. ამისთვის გამოსახულების უბრალოდ წყლით ჩამორეცხვაც საკმარისია.
გამოგიტყდებით, ხანდახან შევხვედრივარ ადამიანს იმდენად პროფესიონალურად შესრულებული ტატუთი, რომ თავდაც ლამის მიმიღია მსგავსი გადაწყვეტილება. მაგრამ თუ ტატუს გაკეთების არცთუ იოლ გადაწყვეტილებას მიიღებ ადამიანი, შეიძლება მეორე დილემის წინაშე დადგე... რა ტიპის ნახატი ავირჩიო? მამაკაცების უმრავლესობა სიძლიერის გამომხატველ ნახატებს ირჩევს, ქალთა უმრავლესობა - კი ქალურობისა და სინაზის...
საზღვარგარეთ ხშირად კონკურსებიც იმართება სხეულის მოხატულობაში, სადაც ადამიანის ფანტაზიის საოცარ საზღვრებსა თუ მის უსაზღვრო ბუნებას აღმოაჩენს მნახველი. კონკურსებზე გამარჯვებულებს მრავალფეროვან ნომინაციებში ირჩევენ. ფანტაზიის უკიდეგანო ბუნების მსგავსად უსაზღვროა ტატუირების ნიმუშების რიცხვი და მათი სახესხვაობები. გამოყოფენ რამდენიმე ძირითად მიმდინარეობას:
·         ტრიბალური (Tribal);
·         კელტური (Celtic);
·         ბიომექანიკური (Biomechanic იგივე High-Tech);
·         ორიენტალი (Oriental);
·         რეალისტური (Realistic);
·         ტრადიციული (Tradicional);
·         ფენტეზი (Fantasy);
·         წარწერითი (Lettering).
ტატუირების ხელოვნებამ განსაკუთრებული განვითარება ჰპოვა იაპონიაში, სადაც პირველად იქნა შემოღებული სხეულზე სამგანზომილებიანი სურათების მოხატვა. 
დამიანმა ტატუირებას ძალზე ორიგინალური გამოყენებაც მოუძებნა. ამის მაგალითად შეიძლება ტელესერიალის ,,Preason Break“ მოყვანა, რომელიც მართალია მხოლოდ ნაწარმოებია, მაგრამ სცენარისტმა სერიალის მთავარ გმირს - ვენტვორტ მილლერის პერსონაჟს სხეულზე გაკეთებული ტატუირება ციხიდან გაქცევის კარგად დამუშავებულ გეგმად მოუვლინა. შთამბეჭდავია  ანჯელინა ჯოლის სხეულზე გამოსახული ნახატებიც, როგორც რაოდენობით, ასევე შინაარსით. მაგალითად, მარცხენა მკლავზე მსახიობს გამოსახული აქვს იმ ადგილების გეოგრაფიული კოორდინატები, სადაც მისი შვილები დაიბადნენ.


ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ ზოგმა შეიძლება ტატუს გაკეთება გადაიფიქროს, ზოგმაც პირიქით - გაიკეთოს... უზენაესმა თავის დროზე ასწავლა ადამიანს დადებითისა და უარყოფითის გარჩევა და გადაწყვეტილების მიღება ამ უკანასკნელზეა... თუმცა, ჩვენს მრავალფეროვნებით აღსავსე ცხოვრებაში სხვა ბევრი გადაწყვეტილების მსგავსად, ტატუირების გაკეთებასთან დაკავშირებითაც ვიხელმძღვანელოთ ზემოთ უკვე ნახსენები და დროის მიერ გამოცდილი პრინციპით: ,,ასჯერ გაზომე - ერთხელ გაჭერი“.

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მავნე ნუიზამ

1 კომენტარი.:

  1. Natia Jinjolava

    I didn't do this website. I found a ready-made form on Google. Search "blog templates"

Post a Comment