3.11.11
ავტოინჟინრები ხალისობენ...
Approved by
ოდესღაც სადღაც წავიკითხე, რომ ჭეშმარიტ ხელოვნების ნიმუშს გარდა იმისა
რომ ესთეტიური ტკბობა მოგანიჭოს, ფუნქცია არ აქვს და არაფერში არ უნდა გამოგადგეს,
ხელოვნება მხოლოდ ხელოვნებისთვისაა და როგორც კი ნებისმიერი ნივთი რაიმე დამატებით
დანიშნულებას იძენს, ამ მშვენიერ სტატუსსაც კარგავს. დღეს ასეთ მანქანებზე მოგიყვებით
- ულამაზესებზე, უმაგრესებზე, უძვირესებზე, მაგრამ გარაჟსგარეთ რომ ვერ გამოიყვანთ
ან ვერაფერში რომ ვერ მოიხმართ ისეთებზე. თუმცა, ზოგიერთ მათგანს გარაჟშიც ვერ
დააყენებთ... ამაზე მოგვიანებით.
Pagani Zonda
R – არგენტინის ანდების აღმოსავლეთ ფერდობებზე მოთარეშე
ქარის - Vento zonda-ს სახელობის მანქანსი მორიგი მოდიფიკაცია იტალიურმა ავტოკომპანია
Pagani-მ 2010 წელს გამოუშვა. ტიტანის კომპოზიტი - მონოკოკის მორიგი შედევრი დანარჩენ
ზონდებზე ბევრად უფრო სწრაფი, ძლიერი, მჩატეა და მისი აწყობისას ჭანიკებიც კი ტიტანის
იხმარეს. 6,0 ლიტრის მოცულობის AMG V-12 მოტორი ქუჩში 750 გაქაფულ ცხენს აჭენებს...
თუმცა, ქუჩა რომ ვახსენე, ცოტა ავჩქარდი. თუკი გაგიმართლათ და სულ 16 ეგზემპლიაში გამოშვებული
მილიონნახევარ ევროდ შეფასებული მანქანის მფლობელი გახდით, ამ მანქანით ქუჩაში ვერ
გამოხვალთ - საერთო სარგებლობის გზებზე დაშვებული მანაქნებისთვის აუცილებელ ელემენტარულ ნორმატივესაც არ აკმაყოფილებს. მაგალითად: საბურავის პროტექტორები, „პავაროტნიკები“ და ფარები არ
აქვს. და ვერც რბოლებში მიიღებთ მონაწილეობას - ეს მოდელი სპორტული მანქანისთვის დაწესებულ
რეგლამენტთანაც ვერ მეგობრობს - იმდენად ხმაურიანია.
შეკვეთით დამზადებული Toora-ს
ხუთწერტილიან უსაფრთხოების ღვედებს, კისრის დაცვის საგანგებო სისტემით და მგზავრების
დამცავ ქრომ-მოლიბდენის შენადნობის ჩაშენებულ უსაფრთხოების კარკასს ვერსად გამოცდით,
თუ მაინცდამაინც რომელიმე ტრეკს, სადმე მიყრუებულ უდაბნოში არ იყიდით (უკიდურეს შემთხვევაში
იქირავებთ). ვერც იმას შეამოწმებთ ნამდვილად ადის თუ არა 100 კმ-სთ-მდე 2,7 წამში და
ავითარებს თუ არა მაქსიმალურ 350 კმ-საათს. თუმცა, იმასაც ამბობენ, რომ 350 ზონდას მაქსიმუმი
არაა, და მისი შესაძლებლობების ბოლომდე „გაჭენება“ ჯერ ვერავინ შეძლო... სრულიად „საგონკაო“
გარეგნობის მანქანით ვერ „იგონკავებთ“, იმიტომ რომ სრულიად შეგნებულად გააკეთეს აბსოლუტურად იდეალური, მაგრამ უსარგებლო
და გამოუსადეგარი, რომელიც მხოლოდ სიჩქარით, რბოლით და თავადვიწყებით
ტკბობისთვის გამოდგება...
Lotus Exos T
125 - ადრე ფორმულა პირველის ბოლიდით რომ გაგეკატავა, მინიმუმ
ფორმულა პირველის მრბოლელი უნდა ყოფილიყავი - ასეთ მანქანს ვერც იყიდდი და ტარებით
ხომ ახლოსაც არავინ მიგიშვებდა (სპეციალური ატრაქციონები არ მაქვს მხედველობაში, სადაც
„ფული სად წაიღონ არ იციან ტურისტებს“, მოძველებულ და დაბალსიჩქარიან ბოლიდის იმიტაციაზე
სვამენ და ასე უკმაყოფილებელ ზღვარგადასულ ეგოს). მართალია მთლად ფორმულა პირველის ესეც ვერაა, მაგრამ მის პრინციპებზე და სულისკვეთებაზე აწყობილი რეალური სარბოლო ბოლიდი კომპანია
„ლოტუსმა“ ფართო მომხმარებელსა თუ მსურველებს სულ რაღაც მილიონ დოლარად ნამდვილად შესთავაზა - თუმცა,
ალბათ „ფართო მოხმარებაზე“ ცოტა გადაჭარბებულია საუბარი, იმის გათვალისწინებით, რომ მანქანა სულ რაღაც 25 ეგზემპლიარად გამოვიდა. როგორც სპეციალისტები ამბობენ, გარდა შეზღუდული
სიჩქარისა და გამარტივებული მექანიზმისა, სპორტული ბოლიდის ამ სუროგატს მთავარი
დამსახურებია იმაშია, რომ მის დასაქოქად ფორმულა პირველისგან განსხვავებით, მექანიკოსების
მთელი ბრიგადა არ გჭირდებათ. მით უმატეს, რომ მანქანის ფასში მექანიკოსები ისედაც შედის.
ანუ, იხდით მილიონ დოლარს, შემდეგ ქირაობთ ტრეკს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში და „ლოტუსი“
თავად მოგგვრით მანქანას მექანიკოსების ჯგუფთან და პირად მწვრთნელთან ერთად.
მწვრთნელი
კი არც მეტი არც ნაკლები, ფორმულა პირველში „ფერარის“ გუნდის ყოფილი პილოტი ჟან ალეზია.
მომსახურებაში მასთან ერთად გათვალისწინებულია, რბილისათვის სჭირო მოწყობილობით აღჭურვილი
საფირმო „გრუზავიკი“, ფიტნეს-ინსტრუქტორი ჯეფი და შეფ-მზარეული ალფონსო, რომელიც რასაც
ისურვებთ, ყველაფერს მოგიმზადებთ. მთელი დღე შეგიძლიათ „იკატაოთ“, ჯეფთან ერთად ივარჯიშოთ, ალფონსოს მომზადებული ნუგბარები მიირთვათ, ჟან ალეზისთან ურთიერთობით დატკბეთ და მერე მანქანას
ფურგონში ჩატვირთავენ და უკან წაიყვანენ... სხვათა შორის, მსგავის მომსახურება სიახლე
სულ არაა, იგივე დღეში და კიდევ უარესში არიან „Ferrari FXX“-ის მფლობელები: მათ საკუთარი მანქანის ყოველდღიური ტარების და საკუთარ გარაჟში დაყენების უფლება არ აქვთ. ოცდაათივე მანქანი
„ფერარის“ ტექცენტრში ინახება და მათი ტარება მხოლოდ ტრასაზე და საგანგობოთ გამოყოფილ
დატესტვის დღეებში შეიძლება.
Bugatti
Veyron Super Sport – ადრე, ბავშვობაში რეი ბრედბერის რაღაც მოთხრობა წავიკითხე
(სათაური არ მახსოვს), მისი სიუჟეტი ასეთია: ძალიან ცნობილ გამომგონებელს დილას „პახმელიაზე“
ეღვიძება და ხედავს, რომ სიმთვრალეში სრულყოფილი და უზადო, სუპერინტელექტის მქონე რობოტი
შეუქმნია, მაგრამ მთელი უბედურება იმაშია, რომ არ ახსოვს რისთვის. არადა, ასეთი წესია,
რომ რობოტს სანამ დავალებას არ მისცემ და მაინცადამაინც იმას არ მოთხოვ, რაც ევალება,
პატრონს არ ემორჩილება. ჰოდა, დადის სრულყოფილი რობოტი და ცხოვრებითა და საკუთარი უპირატესობის
შეგრძნებით ტკბება - ხან ბანკს ქურდავს, ხან უნიკალურ ალმასს იტაცებს და თავისი "შემოქმედი“
ჭკუიდან გადაყავს და ასე გრძელდება, მანამ სანამ მრავალტანჯულ ინჟინერს ერთხელაც არ
გაახსენდება, რომ მისი „შედევერი“ თუნუქის ქილაში ჩასხმული ლუდის გასახსნელია და მეტი
არაფერი...
ეს ისტორია „Bugatti Veyron SS“-მა გამახსენა, რომელიც მხოლოდ იმიტომ შექმნეს,
რომ მის წინამორბედ „ბუგატი ვეირონს“ მსოფლიოში ყველაზე სწრაფი მანქანის სახელი „Shelby
Ultimate Aero“-მ წაართვა. ვეირონის მიერ დადგენილი რეკორდი 407 კმ/სთ ამერიკელმა კონკურენტმა
სულ რაღაც 4 კმ/სთ-თი გააუმჯობესა და პასუხი გერმანელებმაც არ დააყოვნეს - 2010 წელს
ძველ ვეირონს პირველ რიგში ცხენები დაუმატეს და მის მოტორში მთელი 1200 ბედაური გამოამწყვდიეს,
ამორტიზატორებთან, ინტერქულერებთან და სხვა პატარ-პატარა მაგრამ ძალიან საჭირო დეტალებთან
ერთად აეროდინამიკაც გაუუმჯობესეს და გასაოცარ შედეგსაც მიაღწიეს. 2010 წლის 4 ივლისს
"სუპერ სპორტმა" ნავარაუდები 425-ის ნაცვლად 431 კმ-სთ განავითარა და გინესის რეკორდების წიგნშიც
მოხვდა.
Lightening
GT – მიუხედავად არა ერთი წარუმატებელი მცდელობისა შეექმნათ
მართლაც გამოსადეგი და მოსახერხებელი თანამედროვე ელექტრომობილი, რომელიც ბენზინზე
მომუშავე მანქანებს რეალურ კონკურენციას გაუწევდა და განდევნიდა გზებიდან, პატარ-პატარა
კომპანიებმა როგორღაც მოახერხეს და რაღაც სპორტულ ავტომანქანასთან მიახლოებული მაინც შექმნეს
- იუხედავად იმისა, რომ მანქანას, რომელსაც დღეს წარმოგიდგენთ ჯერ კიდევ 2007 წლეს გვპირდებობდენ, წარმოებაში მხოლოდ 2012 წლიდან გამოვა და ალბათ იმასაც ხვდებით, რომ ახალ
„Lightening“-ს 2007 წელს წამოდგენილ პროტოტიპთან საერთო მარტო დასახელება აქვს. 2006
წელს დაარსებული ბრიტანული კომპანია „Lightening Car Company“-ის მთავარი და ერთადერთი
პროექტი „Lightening GT“ გახლავთ, რომელსაც თითოეულ საბურავში ელექტროძრავი უყენია,
რომლებიც ერთად 700 ცხენის ძალს და 3300 ნ/მ (ნიუტონ/მეტრი) თორქს გამოიმუშავებენ. რაც
100 კილომეტრამდე 4 წამში აჩქარების და 200 კმ/სთ მაქსიმალური სიჩქარის გამომუშავების საშუალებას იძლევა. რაც ელექტრომობილისთვის სულ არ არის ცოტა და რაც ყველაზე მთავარია,
დანარჩენი თანამოძმეებისაგან განსხვავებით, ბატარეები 100 კილომეტრე არ უჯდება და მერე
დასატენად 24 საათი არ ჭირდება. „Lightening GT“-ს ნანოტექნოლოგიებით დამზადებული ბატარეები
მანქანას 350-400 კილომეტრზე ყოფნის, დამჯდარი სამფაზიან ელექტრო ქსელში 10 წუთში იტენება
(ჩვეულებრივ შტეფსელზე კი მთელი ღამე უნდა მიაერთოთ) და მათი მომსახურების ვადა 12 წელია(!).
რაღაც გასაკვირია,
რომ ჯერ არ გამოშვებული მანქანის 250 ეგზემპლიარი უკვე გაყიდულია. მით უმეტეს, რომ
მანქანის ღირებულება ზუსტად რა იქნება ჯერ არავინ იცის. ეს სუპერქარი დანარჩენი ჰიბრიდებისგან იმითც გამოირჩევა, რომ ატმოსფეროში მომწამვლელ გაზებს საერთოდ არ გამოყოფს,
რის გამოც მაგალითად ბრიტანეთში ასეთი მანქანის მფლობელები ტრანსპორტისა და სხვა საგზაო
გადასახადებისგან თავისუფლდებიან და შესაბამისად წელიწადში დაახლოებით 17 ათასი გირვანქა-სტერლინგის
ეკომომია გამოსდით... ახლა მკითხავთ, ასეთი მაგარი თუა, გამოუსადეგარი მანქანების სიაში
რა უნდაო. ის უნდა, რომ საქართველოში არ გამოდგება - ბედის ირონიით, მსოფლიოში ყველაზე ეკონომიური ავტომობილი, ჩვენთვის ყველაზე ძვირიანი გამოვა. საგზაო გადასახადი ისედაც არ გვაქვს
და აქ ეკომომია გამორიცხულია, ხოლო დენის ხარჯს რაც შეეხება - წარმოგიდგენიათ მის პატრონს
ყოველი თვის ბოლოს ნაგვის რამხელა გადასახადი მოუვა?! ეკომომია კი არა, ნახევარ წელიწადში
გაკოტრდება.
Rinspeed
sQuba – 2008 წელს შვეიცარიულმა კომპანია „Rinspeed“-ი, რომელმაც
მსოფლიოში ყველაზე სწრაფი ავტომანქანა ამფიბია
„Splash“-ით სახელი უკვე გაითქვა, უფრო შორს წავიდა და ახალი მოდელი შექმნა, რომელიც
გარდა იმისა, რომ ასფალტირებულ გზაზე და წყალშიც ერთნაირად წარმატებულად გადაადგილდება,
თავს წყალქვეშაც შესანიშნავად გრძნობს. კომპანიის გენერალურმა დირექტორმა რინდერკნეხტმა
გაამხილა, რომ „sQuba“-ს შექმნის იდეა ჯეიმს ბონდზე შექმნილი ფილმის მორიგი სერიის
ნახვის შემდეგ გაუჩნდა: „სამი ათწლეულის მანძილზე ვცდილობდი მომეფიქრებინა, როგორ ამეწყო
მანქანა, რომელიც წყალქვეშ ცურვას შეძლებდა. ახლა კი ოცნება ავიხდინე“. 1977 წელს გადაღებულ
„The Spy Who loved me“-ში როჯერ მური წყალქვეშ ჩვეულებრივი სლიკებიანი მაქნანით ყვინთავს...
თუმცა, რეალურად არაფერი მსგავსი არ ყოფილა - ყველაფერი ანიმაციური ეფექტები გახლდათ.
აი, „სკუბა“ კი წყალში ნაპირიდან შეუჩერებლად ჩდის, მერე ტალღებს მიაპობს, ყვინთავს,
3 საათის განმავლობაში თევზივით ცურავს და მეორე ნაპირზეც უპრობლემოდ ამოდის. ერთადერთი ნაკლი
ის აქვს, რომ 10 მეტრის სიღრმის ქვევით ვერ ჩადის და... კაბრიოლეტია.
თუმცა, ამას თავისი
ტექნოლოგიური მიზეზი აქვს: რაიმე გაუმართაობის შემთხევაში, უთავსახურო მანქანიდან მგზავრები
ზედმეტი ხლაფორთის გარეშე ამოცურდებიან. ჭკვიანი მანქანა კი როგორც კი მგზავრებს გარეთ
დაიგულებს, თავადაც დაუყოვნებლივ ამოდის წყლის ზედაპირზე. ჰო, იმის თქმაც დამავიწყდა,
რომ დისტანციური მართვის პულტის და ლაზერის სენსორების წყალობით, გზებზე მძღოლის გარეშედაც თავისუფლად გადაადგილდება.
ახლა მთავარი, რაც გაინტერესებთ: წყალში ყვინთვისთვის მგზავრებისთვის სპეციალური ჟანგბადის
ნიღბებია დამონტაჟებული, გაიკეთებთ და აიდა... ახლა თავადაც წარმოიდგინეთ, რომ ნიცაზე
სულ ცოტათი უკეთეს ბათუმში პლიაჟზე ირუჯებით და მოგწყინდათ. შეზლონგიდან აუდგომლად
მოიხმობთ მანქანას, გამოუცვლელად ჩასხდებით, ჩაყვინთავთ და მსოფლიოში საუკეთესო საზღვაო
კურორტზე ანაკლიაში პირდაპირ ზღვიდან გამოხვალთ. მით უმეტეს, რომ ანაკლიაში ვინც კი
ოდესმე ყველამ იცის - ზღვისკენ მიმავალი საავტომობილო გზები არ ვარგა და ვერასდროს
ვერ ივარგებს, მცოცავი ქვიშებია და ასფალტი ვარდება. ათასჯერ რომ დააგონ, ნიადაგი დაცოცდება და ათასჯერვე ჩავარდება...
Autonomobile
– 2009 წელს „გუგლში“ სმარტფონებზე მომუშავე ტექნოლოგიურმა ჯგუფმა მთელი რიგი ძალიან
ჭკვიანური და მაღალტექნოლოგიური ავტო გამოკვლევები ჩაატარა და მივიდა დასკვნამდე, რომ:
„ადამიანები მანქანის მართვისთვის არ გამოდგებიან“ (The human are not meant to
drive). რაღა გასაკვირია, რომ „გუგლის“ ინჟინრებმა ეს ფაქტი უყურადღებოდ ვერ დატოვეს
და სასწრაფოდ გამოსავალი მოიფიქრეს. „ავტონომობილს“ არ აქვს საჭე, მუხრუჭები, სიჩქარის
გადაცემათა კოლოფი - არაფერი, რითიც მის მართვას შეძლებთ. სხდებით, მისამართსს ეუბნებით
და ისიც საკუთარი შერჩეული მარშუტით და სიჩქარით მორჩილად მიდის დანიშნულების ადგილამდე და როგორც მისი მწარმოებლები გვარწმუნებენ,
მგზავრობისას დავტკბებით „ხედებით, ჭიქა წითელი ღვინით, ყველით და პურით“. თურმე, ეს იქნება
მანქანის მართვის იდეალური გამოცდილება, მათთვის ვისაც არ უყვარს მართვა. თუმცა, მე
ჩემი მოკლე ჭკუით სულ მეგონა რომ ასეთი რამ პირადი მძღოლი ან ტაქსი იყო. სანამ ადამიანზე ჭკვიანი მანქანა ავარიის, საცობის და არეულობის თავიდან
ასაცილებლად საკმაოდ ნელა გადაადგილდება, გზაში რომ არ მოიწყინოთ, შეგიძლიათ ისარგებლოდ წინდახედულად ჩართული
ინტერნეტით, თქვენთვის საინტერესო საიტები ათვალიეროთ ან სულაც „ზუმა“ ან მომავლის „ფერმა“ ითამაშოთ. მომავლის იმიტომ,
რომ „ATNMBL“-iს (შემოკლებით
თუ მოფერებით ასე ქვია),
მწარმოებელი სან-ფრანციკოული ინდუსტრიული დიზაინის ფირმა „Mike and Maaike“-ს მესვეურები
მათი
ქმნილებიდან რომ ჩანს, მთლად ისეთი არარეალისტებიც არ ყოფილან და „ავტონომობილის“
სერიული წარმოება და როგორც თვითონ იძახიან „ადამიანის მიერ მანქანის მართვის აღსასრული“ 2040 წლისთვის
გადადეს. იცით რა მახსენდება? მეოცე საუკუნის არცთუ ძალიან შორეულ 80-იან წლებში გადაღებულ
ფილმებში შორეული და ზეფანტასტიკურ-მარსიანული მომავლის ასახვისას ეკრანზე 2000 ან
2010 წელი რომ იწერებოდა ხოლმე...
საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი
0 კომენტარი.:
Post a Comment