თანამედროვე ადამიანი და მისი ფობიები

Approved by Natia Jinjolava


შიში მაგარი უცნაური რამეა - ხან სრულიად სამართლიანად და საფუძვლიანად გეშინია ვინმესი ან რამის და ხანაც კაცმა არ იცის რატომ. აი, ასეთ ირაციონალურ და უმიზეზო პანიკურ შიშს ფსიქიატრები ფობიას ეძახიან. ფობიას თავისი ნიშნები და გამოვლინების ფორმები აქვს, რაც ძირითადად „საშიში ობიექტის“ დანახვის ან მასზე ფიქრის დროს თავბრუხვევაში, ქოშინში, გულისრევაში, არარეალურობის შეგრძნებასა და სიკვდილის შიშში გამოიხატება. განსაკუთრებულად მძიმე შემთხვევებში ფობია არაკონტრილირებად პანიკაში გადადის და ზოგი თუ ოთახში იკეტება და გარეთ აღარ გადის, ზოგიც წარმოსახვითი ავადმყოფობისა და სიკვდილისგან თავის დასაცავად ექიმებთან და მედიკამენტებში ეძებს შველას.
ფობიებს სამ ძირითად ტიპად ყოფენ: სოციალურად, რომლებშიც სოციალური სიტუაციების შიში შედის, აგორაფობიად - გარკვეული სიტუაციისა და ადგილის ტყვეობაში აღმოჩენის შიშები და სპეციფიკური ფოიები, ანუ კონკრეტული ობიექტების შიშები. სხვათა შორის, ფობია დედამიწის მოსახლეობის 10%-ს უმწარებს სიცოცხლეს და ყველაზე მეტი „დაზაფრული“ ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს. ისიც აღსანიშნავია, რომ ფობიით შეპყრობილთა უმრავლესობა ქალებია. რას ვიზამთ, კაცებს აქაც ჩვენზე მეტად გაუმართლათ.
ისე, ქართველებს მართლაც გაგვიმართლა და ეს სენი პრაქტიკულად არ გავწუხებს, ან გვაწუხებს მაგრამ მსუბუქი ფორმით. მაგალითად: 2 ადამიანს ვიცნობ, ვისაც ჩიტების ეშინია, ერთს გველების, ერთსაც კალიების, ღამურების ჩემი ნაცნობი ქალების 80%-ს ეშინიათ, ვიღაცას პეპლებიც არ უყვარდა. პირადად მე, პანიკურად მეშინია ღიტინის და ნემსის. მაგრამ არც არავინ გაგიჟებულა და არც არავინ ჩაკეტილა სახლში. ჰო,  კიდევ 2 კაცს ვიცნობ, რომლებსაც ძაღლების სიკვდილზე მეტად ეშინიათ - კინოფობია (ძაღლის შიში) კი ყველაზე გავრცელებული ფობიების ათეულში შედის!
მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული ფობიების ათეული ასეთია:
1. დენტოფობია, ოდონტოფობია - კბილის ექიმთან მისვლა არავის უყვარს, მაგრამ დენტოფობიით შეპყრობილი დანტისტის კაბინეტის ზრღურბლზეც ვერ გადადის და პანიკურად ეშინია ნემისი გაკეთებისა და მის პირის ღრუში მოზუზუნე ბურღის.
2. კინოფობია - ასეთ ადამიანს ერთნაირ შიშის ზარს სცემს 15 სმ-იანი ჩიხუახუაც და 1 მეტრიანი გერმანული დოგიც.
3. აეროფობია - ფრენის შიში ყველა ჯანსაღ ადამიანს აქვს, მაგრამ ფრენის ფობია თუ გაქვთ, თვითმფრინავში საერთოდ არ ჩაჯდებით და რაც არ უნდა გასაოცარი იყოს, აეროფობიით დაავადებულები ორ ტიპად იყოფიან. პირველებს თვითმფრინავის კატასტროფის ეშინიათ, მეორეები კი სხვა ფობიების გამო ვერ ადიან ტრაპზე. მაგალითად: კლაუსტროფობია (ჩაკეტილი სივრცის შიში) და აკროფობია (სიმაღლის შიში).
4. ასტრაპოფობია - ჭექა-ქუხილის შიშით დაავადებულები ხშირად ლოგინის ქვეშ ან კარადაში იმალებიან.
5. ნოკტიფობია ანუ სიბნელისა და ღამის შიში განსაკუთრებულად ბავშვებშია გავრცელებული. თუმცა მე დიდებსაც ვიცნობ, საღამოთი გვერდით ოთახში რომ ვერ გადიან, ვინმე თუ არ შეყვათ.
6. აკროფობია - სიმაღლის შიშიც ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ფობიაა და გამოკვლევებს თუ ვენდობით სიმაღლის მთელი კაცობრიობის 3-5 %-ს ეშინია. სიმაღლის შიშის მქონე ადამიანების ჯგუფზე ექსპერიმენტი ჩაატარეს: მაღალსართულიან შენობებზე ჯერ მიწიდან წევით აახედეს, მერე ზევიდან ქვევით გადმოახედეს და სთხოვეს მათი სავარაუდო სიმაღლის განსაზღვრა. ქვევიდან ზევით გაზომვისას სულ 3 მეტრით შეცდნენ, ზევიდა ქვევით ცთომილება კი საშუალოდ 12 მეტრს შეადგენდა.
7. ანტროპოფობია ანუ ადამიანების შიშის გავრცელებული ფორმებია აუდიტორიის წინაშე სიტყვით გამოსვლის შიში, საჯარო ადგილებში ჭამის, ვინმეს თანდასწრებით წყლის დალევის ან ნებიმერი მარტივი მოქმედების შიში და უხერხულობის შეგრძნება. მისი გართულებული ფორმაა დემოფობია ანუ ერთად შეკრებილი ბევრი ხალხის შიში.
8. აგორაფობია - ღია, ან ისეთი ადგილების შიშია, სადაც ვერსად დაიმალები. მაგალითად: ლიფტები, სტადიონები, მოედნები, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მაღაზიები და ა.შ. აგორაფობიით დაავადებულები ძირითადად სახლში იკეტებიან და ქუჩაში ვერ გადიან.
9. არახნოფობია - როგორც სპეციალისტები ამბობენ, ობობების შიში ქალებში 4-ჯერ უფრო ხშრირად გვხვდება ვიდრე კაცებში. განსაკუთრებულად „იდეინმა“ მეცნიერებმა ექსპერიმენტი ჩაატარეს და დადგინეს, რომ ჩვილი გოგონა უკვე 11 თვის ასაკში შიშისაგან იჭყანება ობობის დანახვაზე, ბიჭებში კი მსგავსი ეფექტი არ შეიმჩნევა. ამ ფაქტს იგივე მეცნიერები იმითი ხსნიან, რომ ქალებს ჯერ კიდევ ქვის ხანის გამოქვაბულებში კაცებზე უფრო ხშირად უწევდათ შხამიან ობობებთან ურთიერთობა და მათი შიში გენეტიკის დონეზე აქვთ გამოყოლილი... როგორც ჩანს, ჩემი წინაპრები გამოქვაბულში არ ცხოვრობდნენ, მთელ ნათესაობაში მოვიკითხე და არც ერთ ქალს არ გვეშინია ობობის.
10. ოფიდაიფობია - გველების შიშსაც ევოლუციით ხსნიან. პრინციპში, გველის შიში სრულიად ლოგიკურია და აბა, თვითგადარჩენის ინსტინქტი რისთვის გვაქვს? მაგრამ ჩემი ერთი ნაცნობი გველს სურათზე და ტელევიზორშიც ვერ უყურებს.
გაგიკვირდებათ, მაგრამ გავრცელებულების გარდა პოპულარული ფობიებიც არსებობს და მათ სიაში ამაქსოფობია (ტრანსპორტის შიში), ბაქტერიოფობია (ასეთ ადამიანებს პირად ჰიგიენაზე აქვთ მანიაკალური გართულება), ბრონტოფობია (ქარიშხლის შიში), ჰიდროფობია (წყლის შიში), იატროფობია (ექიმის, განსაკუთრებულად ქირურგის, წამლების და სამედიცინო ინსტრუმენტების  შიში), ჰემაფობია (სისხლის შიში) და ავტოფობია (მარტოობის შიში) მოხვდა.
ახლა ჩემს მიერ შედგენილი ფობიების სია, რომლებიც მხოლოდ მათი შინაარსის გამო მომეწონა:
ანჯინოფობია - ანგინის შიში; ანდროფობია - კაცების შიში; არითმოფობია - ციფრების შიში; ატაქსოფობია - არეულობისა და მოუწესრიგებლობის შიში; ატელოფობია - არასრულყოფილების შიში; ატიჩიფობია - წატუმატებლობის შიში; ბიბლაიოფობია - წიგნების შიში (ჩვენში ესეც გავრცელებულია!); ბატმოფობია - კიბეებისა და აღმართების შიში; ბოტანოფობია - მცენარეების შიში; გამოფობია - ქორწინების შიში (ამ ფობიით იმდენ დაავადებულ მამაკაცს ვიცნობ, გასაკვირია, ფობია ქალის ავადმყოფობად რატომ ითვლება?!); გენუფობია - მუხლების შიში; გინოფობია - ქალების შიში; ვენასტრაფობია - ლამაზი ქალების შიში (ჰა-ჰა!); ქსენოფობია - უცნობი ადამიანებისა და უცხოელების შიში; დომატოფობია - შენობების შიში (რა შარში ხარ?!); მიზოფობია  - ჭუჭყის შიში; მიკროფობია - პატარა ნივთების შიში; ობეზოფობია - გასუქების შიში (ახლა გასაგებია, 
რატომ ითვლება ფობია ქალების დაავადებად, ეჰ...); სკოლაინოფობია - სკოლის შიში; სოციოფობია - სოციალური შეფასების შიში; ფილოფობია - სიყვარულის შიში; კაკოფობია - სიმახინჯის შიში; ქრომოფობია - ფერების შიში; ქოტოფობია - ფიგურის გაფუჭების შიში; პაპიროფობია - ქაღალდის შიში; ორნაიტოფობია - ჩიტების შიში; პედოფობია - ფეხების შიში; სელენოფობია - მთვარის შიში (ეტყობა მაქციების შთამომავლებს სჭირთ); სომნიფობია - დაძინების შიში; ჰელაიოფობია - მზის შიში; ჩაინოფობია - თოვლის შიში; ელეროფობია -კატების შიში...
თეთრის, იასამნისფრის, გვიმრის, საკუთარი სახლის და კიდევ ვინ მოთვლის რამდენი რამის შიში არსებობს... გასაოცარია, ამდენი ფობიის გადამკიდე ცოცხლები ან ნორმალურები როგორ ვართ! ალბათ, იმიტომ რომ ფობია არარეუალური შიშია და სინამდვილეში საკუთარი გონების გარდა, არაფერი გვემუქრება!

საუკეთესო სურვლებით, თქვენი მერი პოპინსი

0 კომენტარი.:

Post a Comment